logo_geo
ვინ არის ადა ჰეგერბერგი - პირველი ქალი რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო
- +

4 დეკემბერი. 2018. 20:14

ადა ჰეგერბერგი პირველი ქალია ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. აქამდე ჯილდო მხოლოდ მამაკაც ფეხბურთელებს გადაეცემოდათ. „ფრანს ფუტბოლმა“ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინა ქალთა ინტერესები და ამიერიდან „ოქროს ბურთს“ წლის საუკეთესო ქალი მოთამაშეებიც მიიღებენ. პირველი ასეთი ფეხბურთელი კი 23 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი აღმოჩნდა, რომელიც 2011 წლიდან ეროვნული ნაკრების, 2014 წლიდან კი „ლიონის“ ღირსებას იცავს.

 

ასაკის მიუხედავად, ჰეგერბერგს უკვე არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდო აქვს მოგებული. „ლიონის“ შემადგენლობაში ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, არის საფრანგეთის თასის სამგზის მფლობელი, ქალთა ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული. 2016 წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ, ასევე ნორვეგიის წლის სპორტსმენად აღიარეს. შარშან BBC-ის ვერსიით საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა. წელს კი სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში, როგორც პირველი ქალი, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. ეს აღიარება მან ნამდვილად დაიმსახურა. 2017-2018 წლების სეზონზე უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ „ლიონმა“ ქვეყნის ჩემპიონატიც მოიგო, თასიც და ჩემპიონთა ლიგაც. საფრანგეთის პირველობაზე 31 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ყველაზე მეტი, 15 ბურთი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზეც. დაჯილდოვების ცერემონიაზე წარმოთქმული სიტყვა ადა ჰეგერბერგმა მოწოდებით დაასრულა: „მოგმართავთ ახალგაზრდა გოგონებს მთელს მსოფლიოში, აუცილებლად გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ყველაფერს მიაღწევთ.“

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე ჰეგერბერგი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ფრანგმა დიჯეიმ მარტინ სოლვეიგმა მას ჰკითხა, იცოდა თუ არა როგორ ეცეკვა „ტვერკი“, რაც დუნდულებით ცეკვას ნიშნავს. ნორვეგიელს ეს ხუმრობა აშკარად არ მოეწონა. დიჯეის საქცილეს კი სოციალურ ქსელებში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მუსიკოსი ჩოგბურთელმა ენდი მარიმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სპორტში სექსიზმი ძალიან ხშირი მოვლენაა. მოგვიანებით სოლვეგმა ჰეგერბერგს საჯაროდ მოუხადა ბოდიში.

 

 

 

 

big_banner
არქივი