logo_geo
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს ფინეთს დაუპირისპირდება
- +

21 თებერვალი. 2021. 16:30

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ფინეთს დაუპირისპირდება, რითაც დასრულდება ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. აღნიშნული ტურნირის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ევრობასკეტის საგზური მისი მასპინძლობის გამო მოპოვებული ჰქონდა, თუმცა ქართველებმა საწყისი 4 მატჩი მოიგეს და ევრობასკეტზე გამსვლელ I ან II ადგილზე გასვლა ადრიანად გაინაღდეს.

 

ზუროსის გუნდმა საკვალიფიკაციოში პირველი მარცხი 2 დღის წინ, სერბეთთან განიცადა, თუმცა დღეს, ფინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფს პირველ ადგილზე დახურავს. ფინელებმა თბილისური „ბაბლის” ფარგლებში 19 თებერვალს შვეიცარია დაამარცხეს, შესაბამისად, შვეიცარია ჯგუფში ჩარჩა. დღევანდელ მატჩებს მხოლოდ სარეიტინგო მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი ჯგუფიდან ევრობასკეტზე გამსვლელი გუნდების ვინაობა ცნობილია: საქართველო, სერბეთი და ფინეთი.

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. პირველი იძულებით: ტრავმირებული კონერ ფრენკამპი ვერ ითამაშებს. 12-კაციან განაცხადში 2 უკანახაზელი ჩაჯდა – ლუკა ზაქრაძე და კახა ჯინჭარაძე.

 

ფინეთის ნაკრებში, წინა მატჩისგან განსხვავებით, არ ითამაშებს ცნობილი ვეტერანი პეტერი კოპონენი.

 

საქართველოსა და ფინეთის მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში დღეს, 21 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება. რეგულაციების გამო მაყურებელთა დასწრება აკრძალულია.

big_banner
არქივი