logo_geo
როგორ გააჩუმა არველაძემ „აიაქსის“ მწვრთნელი
- +

14 მარტი. 2021. 17:28

 

შოთა არველაძემ ავტობიოგრაფიული წიგნი „გუშინ“ გამოსცა, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე კი ამ წიგნიდან რამდენიმე ძალიან საინტერესო ფრაგმენტი გამოაქვეყნა.

 

„იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? „ბრედასთან“, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია, მინდა, ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს… ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია – გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა „ბრედას“ გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ „აიაქსი“ ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი „აიაქსთან“ გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც „აიაქსის“ გამარჯვებით დასრულდა… ტყუპებმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა… მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით“, – წერს შოთა არველაძე.

 

 

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა წიგნში შეტანილი ძალიან საინტერესო ისტორიაც გაიხსენა, თუ როგორ დაუპირისპირდა „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელს.

 

„კო ადრიანსემ „აიაქსში“ ვარჯიშამდე იკითხა, ვინ არის დაღლილიო. მე, რიჩარდ ვიჩგემ, აარონ ვინტერმა, ნიკოს მახლასმა და ყველასგან გასაკვირად, ტომას გალაშეკმა ავწიეთ ხელი, რასაც მისი მდგომარეობიდან გამოსვლა მოჰყვა… ჩხუბი დაგვიწყო, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი არ შეიძლება დაიღალოს, მითუმეტეს, თუ ეს საქმე გიყვართ და თან ამხელა გასამრჯელოს იღებთო. ჩემთვის საქმისადმი ასეთი მიდგომა გაუგებარი და სრულიად მიუღებელიაო. ვთხოვე, შეკითხვა გაემეორებინა. ბიჭები გაისუსნენ, გაკვირვებულმა კომ კიდევ ერთხელ გაიმეორა… მე ხელი კიდევ ერთხელ ავწიე და ვუთხარი, რომ დაღლილი იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიში არ შემიძლია, უბრალოდ, მის კითხვას გულახდილად გავეცი პასუხი. რომ ეკითხა, შეგიძლია თუ არა ვარჯიშიო, რა თქმა უნდა, პასუხი დადებითი იქნებოდა, რადგან ყველას უკვე ბუცები გვეცვა და ვარჯიშზე გასასვლელად მზად ვიყავით. მინდოდა, რომ სწორად გაეგო ჩვენი განწყობა და არა ისე, როგორც თვითონ წარმოედგინა“, – იხსენებს არველაძე.

 

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის თქმით, ამბავს საინტერესო გაგრძელება მოჰყვა.

 

„ამის შემდეგ მწვრთნელს ვკითხე – რამდენი ხანია დაქორწინებული ხარ-მეთქი? ჩემი კითხვით გაოცებულმა მიპასუხა – დიდი ხანიაო… ყველა ჩუმად იჯდა და ჩვენს დიალოგს გაკვირვებული უსმენდა. სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ამ კითხვაზე პასუხი არ გამცა… ვიფიქრე, ოთახიდან გამაგდებს-თქო, მაგრამ უკან არ დავიხიე. გავაგრძელე – ადამიანს ცოლი რომ მოჰყავს, ალბათ ძალიან უყვარს და ამიტომ მთელ ცხოვრებას მას უკავშირებს, მაგრამ ყოველდღე ხომ არ აქვთ სექსი, ხომ არსებობს დღეები, როცა არავინ გინდა და არც არაფერი გსიამოვნებს… თუ არსებობს ვინმე ისეთი, ვისაც არც ერთი დღე არ ჩაუგდია – იქნებ მანახოთ და ჩემს პატივისცემას პირადად დავუდასტურებ-თქო… ფეხბურთი ნამდვილად მიყვარს, ვგიჟდები, ამიტომაც მთელი ცხოვრება მას მივუძღვენი, მაგრამ ნამდვილად არსებობს დღეები, როცა ძალიან დაღლილი ვარ და მისგან დასვენება მსურს-მეთქი… იმ სეზონში, 20 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი“.

 

https://1tv.ge/news/rogor-gaachuma-arveladzem-aiaqsis-mwvrtneli-shotam-istoriebis-gamoqveyneba-daiwyo-1tvsport/

 

big_banner
არქივი