logo_geo
AS: საქართველოს ნაკრები საბერძნეთს არ ჰგავს, ნაკრები ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეებითაა დახუნძლული
- +

30 მარტი. 2021. 12:03

 

პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა საქართველოსა და ესპანეთის მატჩს ორი სტატია მიუძღვნა და ჩვენი გუნდის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა, არც გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის აღნიშვნა დავიწყებიათ.

 

11×11 პლუსი ორივე სტატიიდან ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ნაწილების თარგმანს გთავაზობთ.

 

„გამარჯვების საღამოს ყველაფერი იყო, გამარჯვების გარდა… ჩვენ პასუხები არ გვქონდა. ამჯერად საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომლის სახელსაც ბავშვები მარტინ ლუთერ კინგის მიწასთან და კოსმოპოლიტურ დედაქალაქ ატლანტასთან აიგივებენ. მაგრამ, პოსტსაბჭოთა საქართველო შვედეთში კარგად გახურდა და იბრაჰიმოვიჩის ნაკრები პრობლემების წინაშე დააყენა. ამ გუნდმა ესპანეთს აქამდეც მოუგო, ხეტაფეში, კოლიზეუმზე, რომელიც კბილის ტკივილივით გვახსოვს.

 

თამაშს რომ მივყვეთ, პირველი უსიამოვნება ჩვენთვის მე-6 წუთზე მოხდა, როცა დიეგო ლორენტემ ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება მხოლოდ ბლოკით მოახერხა და ყვითელი ბარათით დასაჩუქრდა. კანკავა, ქართველების კლდე, გუნდის მხარდამჭერი დედაქალაქივით იყო. მისი პარტნიორი საყრდენ ზონაში გვილია გახლდათ. სწორედ მათი მეცადინეობით არ უნდა გამტყდარიყო ნაკრები. კაკაბაძეს, კიტეიშვილსა და ზივზივაძესთან ერთად გვილია ის ფეხბურთელი იყო, რომელიც შვედეთთან გამართული მატჩისაგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

 

ლორენტეს შემდეგ ყვითელ ფერში კვარაცხელიამ პოროც „შეღება“. მე-12 წუთისთვის ყაზანის „რუბინის“ ტალანტმა და მარგალიტის თვალმა გარკვეული საქმე უკვე გააკეთა, მაგრამ, სპოილერისთვის ბოდიშს მოგიხდით და, ხვიჩა ამაზე არ გაჩერებულა. 18 000 გულშემატკივარს სუნთქვა შეეკრა, როცა სიმონმა კაშიას თავური მოიგერია. ესპანეთმა წესიერად მე-40 წუთისთვის შეუტია, ტორესის დარტყმა კი სტადიონის სახურავს ლამის მოხვდა. არა, ეს ესპანეთის ნაკრების მიერ მატჩში გათამაშებული საუკეთესო კომბინაცია იყო. ამ მომენტიდან მალე არენა აფეთქდა. საქართველოს კონტრშეტევა და კვარაცხელიას გოლი. მან 2 წამში ყველაფერი ძალიან მარტივად გააკეთა, სარკის მეორე მხარისთვის კი ეს კოშმარი იყო. ახალგაზრდამ ბურთი ცენტრში მიიღო, მარჯვენით გაისწორა და მარცხენით დაარტყა – უნაი სიმონი უძლური აღმოჩნდა. შეხვედრის დროს კვარაცხელიამ მოუქნელად ერთხელ იმოქმედა, როცა გოლის აღნიშვნის დროს კამერას შეეჯახა.

 

საქართველოს ნაკრები საბერძნეთს არ ჰგავს. ბერძნები მხოლოდ თავს იცავენ, თან ისე, თითქოს მომავალი არ გააჩნდეთ. საქართველო კი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეებით არის დახუნძლული, რომლებიც ბურთს მიიღებენ, ორ ნაბიჯს გადადგამენ და დრიბლინგით, თავხედურად პირდაპირ შენ დასაჩაგრად მოდიან. სწორედ ასეთია ხვიჩა კვარაცხელია (ალბათ, უარს არ იტყოდა „ბეტისში“ ხოაკინის გვერდით თამაშსა და იმის გაგონებაზე, როგორ გამოთქვამდა ამ სახელსა და გვარს ლეგენდა მიმართვის დროს). ბიჭმა კარგი გოლი გაიტანა და პედრო პოროს დებიუტი ჩაუშხამა, რომელმაც იქამდე იჯახირა და იწვალა, სანამ ლუის ენრიკემ მის ნაცვლად მოედანზე მარკოს ლორენტე არ გამოიყვანა.

 

დანი ოლმომ კი ძალიან გერმანული გოლი გაიტანა და 18 000 ქართველი დაადუმა. მოსაწონი იყო გოლის აღნიშვნა, ისიც, როგორ გამოიქცა კარიდან უნაი სიმონი. ეს გუნდის ერთიანობას აჩვენებს და იმასაც, როგორი რთული იყო გამარჯვების მოპოვება. ოლმოს გოლს 1978 წლის მსოფლიო თასის წინ ბელგრადში რუბენ კანიოს მიერ გატანილ ბურთს შევადარებდით. გამარჯვება მით უფრო ტკბილია, რაც უფრო რთულად მოიპოვებ“.

 

https://11-11.ge/2021/03/29/askvara/?fbclid=IwAR3XnbY_t19havPLOWdLgd7bJ5wpABBHr2SHZ9VC4yl3Nuf_p-9wJfGushw

 

big_banner
არქივი