logo_geo
თორმეტმა საფეხბურთო კლუბმა ევროპული სუპერ ლიგის შექმნის შესახებ განაცხადა
- +

19 აპრილი. 2021. 11:38

 

 

ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის საუკეთესო კლუბებმა ევროპული სუპერ ლიგის შექმნის შესახებ განაცხადეს - საფეხბურთო ტურნირის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ალტერნატივა უნდა გახდეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მათ შორის არიან: 6 ინგლისური კლუბი: „არსენალი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“; 3 ესპანური გუნდი: მადრიდის „ატლეტიკო“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“; 3 იტალიური კლუბი: „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ტურნირის მატჩები შუა კვირას გაიმართება, რათა გუნდებს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის საშუალება ჰქონდეთ. ამასთან, ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ახალ ლიგას კიდევ 3 გუნდი შეუერთდება. კაცთა ტურნირის შემდეგ, სუპერ ლიგა ქალთა შეჯიბრის ორგანიზებასაც გეგმავს.

 

UEFA-მ და ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ეროვნულმა ლიგებმა ეს გადაწყვეტილება დაგმეს. FIFA-ში კი განაცხადეს, რომ ახალ ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერ ითამაშებენ.

 

ინფორმაცია ახალი ლიგის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში გავრცელდა. UEFA-ში იმედი ჰქონდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის რეფორმა, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება დღეს უნდა გაკეთებულიყო, სუპერ ლიგის შექმნას შეაჩერებდა, თუმცა ახალი ტურნირის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ UEFA-ს რეფორმები საკმარისი არ არის. მათი აზრით, გლობალურმა პანდემიამ „დააჩქარა არასტაბილურობა ევროპული ფეხბურთის მოქმედ ეკონომიკურ მოდელში“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი