logo_geo
ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას განიხილავს
- +

23 მაისი. 2021. 17:27

 

 

ფიფა სიღრმისეულად განიხილავს კაცთა და ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას, გამოიკვლევს მის ეკონომიკურ და ტექნიკურ მხარეებს და დადებითი შედეგების შემთხვევაში, მომავალში, შესაძლოა, გულშემატკივრებმა მუნდიალი უფრო ხშირად იხილონ. ამ წინადადებით საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაცია კონგრესზე გამოვიდა, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

 

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, იასერ ალ-მისეჰალის თქმით, ფეხბურთი კრიტიკულ ეტაპზეა, რადგან ისედაც არსებული მრავალი პრობლემა პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამწვავდა. შესაბამისად, მისი აზრით, ეროვნულ ნაკრებებს შორის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარებამ, შესაძლოა, სატურნირო და კომერციული თვალსაზრისით, ხელი შეუწყოს ფეხბურთს განვითარებაში.

 

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივას, ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საკითხს სიღრმისეული კვლევა სჭირდება.

 

„ჩვენ ნათელი გონებით უნდა დავიწყოთ კვლევები, მაგრამ არ ვაპირებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იმას რაც ახლა გვაქვს. ჩვენ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ჩემპიონატი. მსურს, რომ ეს საკითხი უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. ყველა საკითხი უნდა იყოს გათვალისწინებული, განხილვისას კი სპორტულ მხარეს უფრო წინ დავაყენებთ, ვიდრე კომერციულს“, – აღნიშნა ფიფა-ს პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ შემდეგი მუნდიალი 2022 წელს ყატარში გაიმართება, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი კი 2023 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი