logo_geo
მონაკოს გრანპრის შემდეგ, ლუის ჰემილტონმა და „მერსედესმა“ ლიდერობა დაკარგეს
- +

23 მაისი. 2021. 23:25

 

 

ერთწლიანი პაუზის შემდეგ. მონაკოს გრანპრი დაბრუნდა და ახალი ისტორიაც დაიწერა. პირველად ფორმულა 1-ის ისტორიაში ამ ლეგენდარული ეტაპის კვალიფიკაცია ადგილობრივმა პილოტმა მოიგო. ეს გააკეთა „ფერარის“ წევრმა შარლ ლეკლერმა. თუმცა, როგორც კი საუკეთესო დრო დააფიქსირა, მაშინვე მანქანა დაამტვრია, მეორე დღეს კი ბოლიდის პრობლემების გამო, რბოლაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

 

ასე რომ, რბოლას ფაქტობრივი პოულიდან მაქს ფერსტაპენი იწყებდა – ის პირველ რიგში მარტო იდგა. მეორე რიგიდან იღებდნენ სტარტს ბოტასი და საინსი, მესამედან – ნორისი და გასლი. ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰემილტონი მეშვიდე პოზიციაზე იდგა.

 

საბოლოოდ, მივიღეთ მონაკოსთვის დამახასიათებელი ტიპიური რბოლა – მრბოლელებმა პოზიციებისთვის მხოლოდ პიტსტოპზე იბრძოლეს. შესაბამისად, პირველ წრეს თუ არ ჩავთვლით, რბოლაში გასწრება არ ყოფილა.

 

ფერსტაპენმა კარიერაში პირველად მოიგო მონაკოს გრანპრი, სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა, კარიერაში კი მე-12 ეტაპი მოიგო. ნიდერლანდელი კარიერაში პირველად ჩაუდგა სათავეში ჩემპიონატის საერთო ჩათვლას. ხუთი ეტაპის შემდეგ, მაქსმა ოთხი ქულით გაუსწრო ჰემილტონს, რომელმაც რბოლის ბოლოს საბურავები შეცვალა და სწრაფი წრე აჩვენა – 1:12.909, რამაც ერთი დამატებითი ქულა მოუტანა. სხვათა შორის, ეს არის მონაკოს გრანპრის ახალი რეკორდი.

 

კარლოს საინსმა მეორე ადგილი დაიკავა და პირველად ავიდა პოდიუმზე „ფერარის“ შემადგენლობაში. მესამე იყო ლანდო ნორისი, რითაც ამ სეზონში მეორე პოდიუმი მოუტანა „მაკლარენს“.

 

სებასტიან ფეტელმა და ანტონიო ჯოვინაციმ სეზონში პირველი ქულები მოიპოვეს.

 

ფერსტაპენის მოგებამ და პერესის მეოთხე ადგილმა საშუალება მისცა „რედ ბულს“ პირველ ადგილზე გადასულიყო კონსტრუქტორთა თასზე.

 

ორი კვირის შემდეგ, ბრძოლა ბაქოში გაგრძელდება.

 

მონაკოს გრანპრი

 

მონტე კარლო (78 წრე. 260,286 კმ)

 

მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები, Red Bull) – 1:38.56,820

კარლოს საინსი (ესპანეთი, Ferrari) – +8,968

ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, McLaren) – +19,427

სერხიო პერესი (მექსიკა, Red Bull) – +20,490

სებასტიან ფეტელი (გერმანია, Aston Martin) – +52,591

პიერ გასლი (საფრანგეთი, AlphaTauri) – +53,896

ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, Mercedes) – +1.08,231

ლენს სტროლი (კანადა, Aston Martin) – 1 წრე

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, Alpine) – 1 წრე

ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, Alfa Romeo) – 1 წრე

 

საერთო ჩათვლა

 

მაქს ფერსტაპენი – 105 ქულა (2 მოგება)

ლუის ჰემილტონი – 101 (3)

ლანდო ნორისი – 56

ვალტერ ბოტასი – 47

სერხიო პერესი – 44

შარლ ლეკლერი – 40

კარლოს საინსი – 38

დანიელ რიკარდო – 24

პიერ გასლი – 16

ესტებან ოკონი – 12

 

კონსტრუქტორთა თასი

 

Red Bull – 149 ქულა

Mercedes – 148

McLaren – 80

Ferrari – 78

  1. Aston Martin – 19

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი