logo_geo
პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა - სლავა მეტრეველი 85 წლის გახდებოდა
- +

30 მაისი. 2021. 17:55

 

30 მაისი ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის, სლავა მეტრეველის დაბადების დღეა.

 

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი სლავა მეტრეველი სოჭში დაიბადა. თამაშობდა მოსკოვის „ტორპედოში“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებში. არის 1960 წლის ევროპის ჩემპიონი და 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1962 წლის ჩილეს, 1966 წლის ინგლისის და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.

 

მეტრეველი 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ერთი გოლის ავტორია. იმავე წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. 1958–1966 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა და 48 შეხვედრაში 11 ბურთი გაიტანა. ევროპის ჩემპიონატების გათამაშების ისტორიაში რიგით მეორე გოლის ავტორია. სლავა მეტრეველმა ეს გოლი 1958 წლის 28 სექტემბერს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის მე-20 წუთზე გაიტანა. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა და 100 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. ეს იყო ევროპის თასის პირველი გათამაშების მერვედფინალური ორმატჩიანი ეტაპის პირველი დაპირისპირება, რომელიც საბჭოთა ნაკრების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

 

1960 წლის 10 ივლისს, „პარკ დე ფრენსის“ სტადიონზე, ევროპის თასის პირველი გათამაშების ფინალში, იუგოსლავიის ნაკრებს 49-ე წუთზე გაუტანა, ანგარიში გაათანაბრა და თამაშში გარდატეხა შეიტანა. ფინალი საბჭოთა ნაკრებმა დამატებით დროში, 113-ე წუთზე ვიქტორ პონედელნიკის (საგოლე გადაცემა მიხეილ მესხმა გააკეთა) გოლით 2:1 მოიგო და ევროპის თასს დაეუფლა. ამ ტურნირის შემდეგ მეტრეველი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

 

ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ფიფა-ს მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში სათამაშოდ მიიწვიეს – 1968 წლის 6 ნოემბერს, რიო-დე-ჟანეიროში, „მარაკანაზე“ ბრაზილიელების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და ჟიულ რიმეს თასის პირველად მოპოვების ათი წლის იუბილე აღინიშნა. შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით (2:1) დამთავრდა. სლავა მეტრეველი მოედანზე ესპანელი ამარო ამანსიოს ნაცვლად შევიდა.

 

მეტრეველი ცხრაჯერ დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, აქედან რვაჯერ სსრ კავშირის საუკეთესო მარჯვენა გარემარბად აღიარეს.

 

1976–1977 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის თანაშემწე. 1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად საქართველოს ყველა დროის მესამე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა მიხეილ მესხისა და ბორის პაიჭაძის შემდეგ.

 

მის სახელს ატარებს სოჭის ცენტრალური სტადიონი, სადაც ასევე გახსნილია მისი სახელობის მემორიალური დაფა. 2014 წელს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ სოჭის ფილიალის თაოსნობით ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სლავა მეტრეველის ძეგლი გაიხსნა. თბილისში მისი სახელობის ქუჩაა, ხოლო 2019 წლიდან მეტრეველის სახელს ატარებს საქართველოს სუპერთასი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი