logo_geo
ქალთა ლიგაში უნიკალური შედეგი დაფიქსირდა - ერთ მატჩში ერთდროულად ოთხი დუბლი
- +

4 ივნისი. 2021. 15:12

 

ქალთა ლიგაში 2021 წლის სეზონის მეცხრე ტური გაიმართა, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა. ოთხ შეხვედრაში, საერთო ჯამში 27 გოლი გავიდა. ქუთასისა და თბილისში გამართულ ორ მატჩში კი ერთნაირი შედეგი (9:0) დაფიქსირდა.

 

კვარტალი – ბათუმი 9:0

 

თბილისში, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში, „კვარტალი“ „ბათუმს“ პირველი ტაიმის შემდეგ 6:0 უგებდა. „კვარტალი“ ბოლო თამაშებში შანსს ახალგაზრდა მოთამაშეებს აძლევს. მათგან ორმა თავი გამოიჩინა – ლიზი კანკიამ მეტოქის კარი ერთხელ აიღო, ელენე ჩიქოვანმა კი – ჰეთ-თრიქი შეასრულა. დუბლი გაიფორმა ანასტასია ბოლქვაძემაც, თითო გაიტანეს ნინო პასიკაშვილმა, ამალია ხანდაზიანმა და მარიამ ფეროიანმა.

 

 

 

მართვე – ლანჩხუთი 0:9

 

ქუთაისში, „სარაგბო კომპლექსში“, სადაც ერთმანეთს ქვეყნის სხვადასხვა დროის ჩემპიონები „მართვე“ და „ლანჩხუთი“ დაუპირისპირდნენ, უნიკალური შედეგი დაფიქსირდა – ერთდროულად ოთხმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში ლანჩხუთელები დაუმარცხებლები არიან, ქუთაისელები კი არასახარბიელო მდგომარეობაში არიან და ეს ამ მატჩმაც გამოაჩინა. „ლანჩხუთიდან“ დუბლი შეასრულეს ირინა ხაბურზანიამ (5, 75), ხატია ჭყონიამ (11, 86), თეონა თოდაძემ (19 – პენ, 74) და თეონა ბაქრაძემ (16, 59), ერთი გოლიც მარიამ კალანდაძის (32) ანგარიშზეა.

 

ნიკე – კოლხეთი ხობი 2:3

 

ყველასთვის მოულოდნელად, მოქმედი ჩემპიონი „ნიკე“ ხობის „კოლხეთთან“ დამარცხდა. თბილისში, გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-8 წუთზე გოლი ლელა ჭიჭინაძის გოლით გახსნეს. ხობელებმა ანგარიში 45-ე წუთზე თამუნა თავდიშვილის გოლით გაათანაბრეს, 66-ე და 74-ე წუთებზე კი, თამრიკო სალუქვაძემ დუბლი შეასრულა და სტუმრები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა (ტატა მატვეევა, 87-ე წუთზე), თუმცა, მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

 

გორი იუნაიტედი – ნორჩი დინამო 0:4

 

„ნორჩმა დინამომ“ გორში იოლად მოიგო. „გორი პარკზე“ „გორი იუნაიტედის“ კარი მე-19 წუთზე ნინო ჯგუშიამ აიღო, 25-ე წუთზე, მარიამ მოდრეკილაძემ პენალტი გამოიყენა, ხოლო თბილისელთა უპირატესობა ტაიმის მიწურულს მარიამ ჯანიკაშვილმა (მე-40 წუთზე) გაზარდა, რომელმაც 68-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და დუბლიც გაიფორმა.

 

„ლანჩხუთი“ კვლავ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. „კვარტალმა“ 20 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში, მეორე ადგილი გაიმყარა და უშუალო მდევარ „ნიკეს“ 3 ქულით გადაასწრო. ბომბარდირთა დავას კი 10 გოლით „ლანჩხუთის“ თავდამსხმელი თეონა ბაქრაძე ლიდერობს.

 

ამ ტურის შემდეგ, ქალთა ლიგაზე სანაკრებო შესვენებაა. შესაბამისად, ასპარეზობაც ამ შეკრების დასრულების შემდეგ განახლდება.

 

https://1tv.ge/news/qalta-ligashi-unikaluri-shedegi-dafiqsirda-ert-matchshi-ertdroulad-otkhi-dubli-1tvsport/

 

 

big_banner
არქივი