logo_geo
საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი გადაეცა
- +

26 ივნისი. 2021. 20:13

 

 

„ბორჯღალოსნებმა“ ნიდერლანდები ანგარიშით 48-15 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ ხუთი მოგებით დაასრულეს. ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს ჩემპიონატის თასი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ გადასცა

 

დაპირისპირების მიმდინარეობა:

 

თელავში, „კავკასიონი არენაზე“, მატჩის პირველი ლელო დავით ნინიაშვილმა დადო, რის შემდეგაც, გარდასახვა ვერ გავიტანეთ და ბორჯღალოსნები მხოლოდ 5 ქულით დაწინაურდნენ. დაპირისპირების 21-ე წუთზე მეტოქემ სხვაობა შეამცირა და ანგარიში 5-3 გახდა.

 

პირველ ნახევარში დაძაბული ვითარება შექმნა მირიან მოდებაძემ, თუმცა, ბურთის დამიწება ვერ შეძლო და ბორჯღალოსნებს ლელო არ ჩაეთვალათ.

 

23-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძის ლელომ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ბორჯღალოსნები ანგარიშით 10-3 დაწინაურდნენ. ათი წუთის შემდეგ კი, ნიდერლანდელებმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს და ჯამში, 8 ქულა მიითვალეს.

 

37-ე წუთზე, საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა ვასკა ლობჟანიძის ლელომ, რამაც პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიში, 15-8 განაპირობა.

 

ქართველებისთვის პირველზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა დაპირისპირების მეორე ნახევარი:

 

დაპირისპირება ბორჯღალოსნების შვიდქულიანი უპირატესობით გაგრძელდა 54-ე წუთამდე, ვიდრე გურამ გოგიჩაშვილმა ლელო არ დადო და თედო აბჟანდაძემ გარდასახვა წარმატებით არ შეასრულა. საბოლოო ჯამში, ნაკრების ანგარიშს 7 ქულა შეემატა და ანგარიში 22-8 გახდა.

 

რამდენიმე წუთში, მოედანზე ახლადშესულმა ​გიორგი ჯავახიამ ნაკრებს კიდევ 5 ქულა შეჰმატა, გიორგი ბაბუნაშვილის გარდასახვამ კი, ბორჯღალოსნები 29-8 დააწინაურა.

 

მატჩის მომდევნო ლელოც ბორჯღალოსნებმა მიითვალეს; 64-ე წუთზე, აკაკი ტაბუცაძის დუბლს ბაბუნაშვილის შესანიშნავი დარტყმა მოჰყვა და ანგარიში, საქართველოს სასარგებლოდ, 36-8 გახდა.

 

დავით ნინიაშვილმა მატჩში ერთი ლელო არ იკმარა და 71-ე წუთზე, ბურთი კიდევ ერთხელ დაამიწა, რითაც მეტოქესთან სხვაობა 35-ქულამდე გაიზარდა და ანგარიში 43-8 გახდა. ამას ნიდერლანდელების გააქტიურება მოჰყვა და ლელოსა და გარდასახვის წყალობით, მეტოქემ, მეორე ნახევარში პირველად, 7 ქულა დაიმატა. შეხვედრის ბოლო წუთზე, ნინიაშვილმა კიდევ ერთხელ იმარჯვა და საბოლოო ანგარიში, 48-15 დააფიქსირა.

 

აქამდე, საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდებთან 4 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 3 „ბორჯღალოსნების“, ერთი კი ნიდერლანდელთა გამარჯვებით დასრულდა.

 

ქართველმა მორაგბეებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხუთივე შეხვედრა მოიგეს და, 18 ქულით, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან. ნიდერლანდებთან მატჩამდე, ბორჯღალოსნებმა ბოლოს 28 მარტს, რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშეს და 28:17 დაამარცხეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი