logo_geo
ლევან კობიაშვილი: ვიმუშავეთ, რომ კოსოვოსთან მატჩს ხალხი დასწრებოდა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა
- +

24 აგვისტო. 2021. 16:35

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველო-კოსოვოს შორის უგულშემატკივროდ ჩატარდება.

 

 

საბჭოს წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-კოსოვოს შორის გასამართ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს.

 

 

„ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო – კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება“, – წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

 

 

„ჩვენთვის გულშემატკივარის სტადიონზე დასწრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შესაბამის სტრუქტურებთან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ისინი კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ მატჩს დასწრებოდნენ და ბათუმის ახალ სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო შეექმნათ. სამწუხაროდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

 

ლევან კობიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბათუმელ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების მატჩზე უახლოეს პერიოდში მაინც შეუშვებენ:

 

„ბათუმელი გულშემატკივარი დიდხანს ელოდა საკუთარ ქალაქში ეროვნული გუნდის თამაშს. იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ სურვილის შესრულებას ოქტომბერ-ნოემბერში შეძლებენ“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი