logo_geo
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საფეხბურთო აკადემიას ანა წერეთელი უხელმძღვანელებს
- +

11 სექტემბერი. 2021. 02:34

 

 

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სპორტული კლუბის ახალი პრეზიდენტი ანა წერეთელი გახდა – ინფორმაციას კომპანიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 9-წლიანი გამოცდილებისა და საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდში მოღვაწეობის შემდეგ, ანა წერეთელი სპორტულ კლუბს „ნიუ ვიჟენს” პრეზიდენტის რანგში უხელმძღვანელებს. სპორტული კლუბის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა და უნივერსიტეტის ბაზაზე საერთაშორისო საწვრთნელი ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება“, – წერია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ განცხადებაში.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სპორტული კლუბი დიღომში მდებარეობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკი“ იყო. „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ აკადემია შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომ პროფილი შეენარჩუნებინა.

ანა წერეთელი ვეტერანი ფეხბურთელის, ზურაბ წერეთლის ქალიშვილია, რომელმაც თავის საქმიანობა ფეხბურთს დაუკავშირა და ფეხბურთის ფედერაციაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. წერეთლის მონაწილეობით, 2019 წელს ბათუმის „მილანის“ საფეხბურთო კემპი გაიმართა.

ანა წერეთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ახალი საფეხბურთო სკოლის და მისი გეგმების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა“ და ქუთაისის მერიას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა და საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ უნივერსიტეტს საკუთრებაში გადაეცა.

ქართულ ფეხბურთში საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელად ქალის დანიშვნა იშვიათი ამბავია. პირველი პრეცედენტი ქუთაისში წელს მოხდა, სადაც ახალი საფეხბურთო კლუბ „იმერის“ დირექტორი ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივარი ქეთა ჯალაღანია გახდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი