logo_geo
საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეოთხედ უმასპინძლებს
- +

26 სექტემბერი. 2021. 12:14

 

 

 

„25 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეოთხედ უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიებები 35-მდე სპორტის სახეობაში თბილისში და ქვეყნის 30 მუნიციპალიტეტში გაიმართება“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული პანდემიის გათვალისწინებით სპორტული აქტივობების გასამართად შეირჩა ღია სივრცეები: მოედნები, ქუჩები, გარე სპორტული ობიექტები, სტადიონები და თავისუფალი ადგილები.

 

ასევე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ღონისძიებების ციკლი გადანაწილდეს 31 ოქტომბრის ჩათვლით, რაც წინასწარ შეთანხმდა ყველა ორგანიზატორთან. ამასთან, შეჯიბრებები ჯანდაცვის სექტორის მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

 

თუ რომელიმე დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდება სპორტული შეჯიბრის სახით, მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან წესები და შეჯიბრში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ სწრაფი ტესტების უარყოფითი პასუხისა ან/და კოვიდ პასპორტის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სპორტის კვირეულის ორგანიზატორია სპორტის მენეჯმენტის ეროვნული ფედერაცია და სხვა სპორტული ფედერაციები, ხოლო მხარდამჭერი არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მასობრივი სპორტის განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს. შესაბამისად, ევროპის სპორტის კვირეული და სხვა მსგავსი სპორტული ღონისძიებები მუდმივად იქნება სამინისტროს მხარდაჭერის საგანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი