logo_geo
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ფიჯის დაუპირისპირდება
- +

20 ნოემბერი. 2021. 11:08

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ფიჯის დაუპირისპირდება. შეხვედრა ესპანეთში, მადრიდიდან 25 კილომეტრით დაშორებულ არანხუესში, „ესტადიო ელ დელეიტეზე“ გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

 

გასულ კვირას საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილმა კი მარჯვენა ბურჯად გადაინაცვლა. კვაჭის პოზიციაზე კვლავ შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ.

 

უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი – გრიგორ ქერდიყოშვილი კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება, მათ კი ზურგს ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გაუმაგრებენ.

 

ასევე უცვლელი დარჩა ღერძი და ხაზი. 9-10 ნომრებზე გამოცდილ წყვილს ვიხილავთ – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე, ცენტრში მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

 

წინა მატჩის შემდეგ ორი ახალი სახეა მარქაფაში. ტრავმის მოშუშების შემდეგ განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი.

 

მათ გარდა სათადარიგოთა სკამიდან გუნდს გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია და ხაზის მოთამაშეები – მიხეილ ალანია, ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

 

 

big_banner
არქივი