logo_geo
ლევან მაისაშვილი: შემადგენლობაში ის მოთამაშეები დავაყენეთ, რომლებიც ჩვენი აზრით საუკეთესო ფორმაში არიან
- +

20 ნოემბერი. 2021. 11:15

 

 

ბორჯღალოსნები ფიჯისთან ჯახისთვის ემზადებიან. ლე ბლესთან თამაშის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. მარქაფაში გამოჩნდნენ მიხეილ ნარიაშვილი და ლაშა ჯაიანი, რომელთაც საფრანგეთთან მცირე ტრავმების გამო არ უთამაშიათ.

 

„შეკრების დაწყების ავღნიშნე, რომ სამწუხაროდ, როდესაც მხოლოდ ორი თამაში გაქვს, ძალიან რთულია შემადგენლობაში როტაციის განხორციელება და ყველა მოთამაშისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი სათამაშო დროის მიცემა. ჩვენს ინტერესშია, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე ვნახოთ და მათიც კარგად მესმის, ყველას უნდა მოედანზე გასვლა და ამას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის. მწვრთნელებმა ვიმსჯელეთ, შევაფასეთ არსებული სიტუაცია და შემადგენლობაში ის მოთამაშეები დავაყენეთ, რომლებიც ჩვენი აზრით საუკეთესო ფორმაში არიან. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეს თამაშმა არ მოუწია, ვფიქრობ, ერთად გატარებული 3 კვირა აქტივში უნდა ჩაიწეროს. ვარჯიშებზე ყველა მათგანმა ძალიან დიდი შრომა გაწია, ბევრი დეტალი დავხვეწეთ და ეტაპობრივად ყველა მათგანს ექნება საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის შესაძლებლობა“ – ამბობს „რაგბის კავშირთან“ საუბრისას მაისაშვილი.

 

თავის მხრივ, სათამაშო დროის უმეტესი წილი 14, ხოლო 20 წუთი 13 კაცით მობურთალმა ფიჯიმ, გასულ კვირას უელსს დიდი თავსატეხი გაუჩინა და მხოლოდ დასკვნით მეოთხედში გაშვებული 4 ლელოს გამო, საბოლოოდ 23:38 დამარცხდა. მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იციან ბორჯღალოსანთა ბანაკში.

 

„ფიჯიმ უელსთან ნაადრევი წითელი ბარათი მიიღო და კაცნაკლული დარჩა, რამაც შეხვედრაზე დიდი გავლენა იქონია. ზოგადად, ამ გუნდს ახასიათებს უხეში თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნოემბრის მატჩებში რამდენიმე მოთამაშე აკლიათ, მაინც საკმაოდ ძლიერი გუნდით არიან წარმოდგენილები. ფიჯის აშკარად დაეტყო ფრენჩაიზის შექმნა, რასაც ტოპ 14-ში და ინგლისის პრემიერშიფში მოთამაშე ლეგიონერების გამოცდილება ემატება და დიდი პროგრესი აქვთ. ის გაცილებით დისციპლინირებულ რაგბს თამაშობს, ვიდრე წინა წლებში, განსაკუთრებით რაქში და ერთ-ერთ სახიფათო და ძლიერ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა. თუმცა ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ვეცდებით ის შეცდომები, რაც საფრანგეთთან დავუშვით მინიმუმამდე დავიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ შეხვედრაში მსაჯობის მიმართ კონკრეტული კითხვები გვქონდა, რამდენიმე ჯარიმა დაუმსახურებლად მივიღეთ და ამის შესახებ შესაბამის კომიტეტსაც ვაცნობეთ, მნიშვნელოვანია სათამაშო დისციპლინა და ვეცდებით ამ მხრივ უკეთ გამოვიყურებოდეთ ვიდრე საფრანგეთთან, რადგან ამ დონეზე, ნებისმიერი მსგავსი შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ კარგად ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები, მომზადებულები ვართ და როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს მოედანზე შაბათს გამოჩნდება“, - აცხადებს მაისაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი