logo_geo
ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს უპირისპირდებიან
- +

20 ნოემბერი. 2021. 18:56

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის უპირისპირდება. შეხვედრა ესპანეთში, მადრიდიდან 25 კილომეტრით დაშორებულ არანხუესში, „ესტადიო ელ დელეიტეზე“ იმართება.

 

გასულ კვირას საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილმა კი მარჯვენა ბურჯად გადაინაცვლა.

 

უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი – გრიგორ ქერდიყოშვილი კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება, მათ კი ზურგს ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გაუმაგრებენ.

 

ასევე უცვლელი დარჩა ღერძი და ხაზი. 9-10 ნომრებზე გამოცდილი წყვილია – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე, ცენტრში მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე წყვილდებიან, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დგანან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

 

წინა მატჩის შემდეგ, ორი ახალი სახეა მარქაფაში. ტრავმის მოშუშების შემდეგ, განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი.

 

მათ გარდა, სათადარიგოთა სკამიდან გუნდს გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია და ხაზის მოთამაშეები – მიხეილ ალანია, ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

 

 

big_banner
არქივი