logo_geo
მამუკა გორგოძე: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაგბის პირნათლად ვემსახურე
- +

13 დეკემბერი. 2021. 15:24

 

საქართველოს რაგბის კავშირის 60 წლის იუბილე 1 დეკემბერს აღინიშნა. ვეტერან მორაგბესთან, რაგბის კავშირის გამგეობის წევრ მამუკა გორგოძესთან­ ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ. გარდა ამისა, შევაჯამეთ ნოემბრის ტესტმატჩები, ვილაპარაკეთ საფრანგეთში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, საქართველოში ბერნარ ლაპორტის შესაძლო ვიზიტზე, „ცხოვრებაზე რაგბის შემდეგ“ და სხვა საინტერესო საკითხებზე:

 

- საქართველოს რაგბის კავშირის საიუბილეო თარიღს ვულოცავ ყველა ვეტერანს და მოქმედ მორაგბეს. განსაკუთრებით, პირველი თაობის მოთამაშეებს, რომლებსაც უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული რაგბის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ისინი უანგაროდ, ყოველგვარი პირობისა და დაფინანსების გარეშე თამაშობდნენ და ჩვენამდე მოიტანეს ქართული რაგბი. ამ ხალხს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ, მატჩებზე დავპატიჟოთ, სხვა დღეებშიც ხშირად აღვნიშნოთ მათი დამსახურება.

 

- ვარჯიშისთვის კარგი პირობებით შენი კარიერის დასაწყისშიც ვერ დავიკვეხნიდით. იმ წლებიდან რა გახსენდება ყველაზე უსიამოვნოდ?

 

- ნაძვის სუნი! კალათბურთში ვარჯიშის პერიოდშიც და მას შემდეგაც, როცა რაგბიში გადავბარგდი, სულ მაწუხებდა ზედმეტი წონის პრობლემა. შეკრებას ბაკურიანში გავდიოდით ხოლმე, ნაძვნარში საოცარი სურნელია, მე კი თბილად ჩაცმული, ოფლში გაღვრილი დავრბოდი ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად. მას შემდეგ წიწვის სურნელი წონის კლებასთან ასოცირდება ჩემთვის... ისე კი, ვარჯიში არასდროს დამზარებია, არც რეჟიმი დამირღვევია ოდესმე.

 

- „რაგბი ჩვენი თამაშია!“ - რას უკავშირდება ეს სლოგანი.

 

- ფეხბურთიც ჩვენი თამაშია, კალათბურთიც და სხვა სახეობებიც! თუ სპორტის რომელიმე სახეობის წარმომადგენელს სხვანაირად ესმის ეს დევიზი, ბოდიშს ვუხდი. თუმცა ეს სლოგანი ნამდვილად არ გულისხმობს, რომ სხვა რომელიმე სპორტი არ არის „ჩვენი“. რაგბი ჩვენი თამაშია, რადგან კარგად ერგება ჩვენს ხალხს, ასოცირდება მუდმივ ბრძოლასთან... არ მომწონს, როცა ამბობენ, ფეხბურთელებმა ან სხვა სახეობის წარმომადგენლებმა არ იბრძოლეს, არ მოინდომესო. ბრძოლა სპორტის ყველა სახეობაშია. ჩვენც ვიბრძვით და ისინიც, მაგრამ რაგბიში უშუალო კონტაქტი გაქვს მეტოქესთან, დაჯახება, შებოჭვა, მოწინააღმდეგის წაქცევა შეგიძლია.

 

- წელიწადზე მეტია, რაც მოთამაშის კარიერა დაასრულე. როგორი იყო ეს ერთი წელი, როგორია „ცხოვრება რაგბის შემდეგ“?

 

- ოდნავადაც არ გამჭირვებია. ალბათ, იმიტომ, რომ რაგბიდან გულნაკლული არ წავსულვარ. თავი არასდროს დამიზოგავს, ტრავმებიც მქონდა, ბევრჯერ დაჟეჟილიც ვყოფილვარ, მაგრამ არასდროს მიწუწუნია დიდ ფიზიკურ დატვირთვაზე ან გადაღლაზე - ფსიქოლოგიური წნეხი გაცილებით მძიმე იყო! რთულია მთელი კვირის განმავლობაში ფიქრი მომავალ მატჩზე, რომლის დროსაც უამრავი ქომაგი გიყურებს საფრანგეთსა და საქართველოში, როცა შენგან მხოლოდ უმაღლეს დონეზე თამაშს ელიან... პასუხისმგებლიანი ადამიანისთვის სპორტის ნებისმიერ სახეობაში რთულია ასპარეზობა. ამ სტრესისგან დავისვენე, თორემ რაგბი საყურებლადაც სულ მენატრება და სათამაშოდაც, ოღონდ არა პროფესიულ დონეზე.

 

- მაშინაც არ გიჩნდება ხოლმე მოედანზე შესვლის სურვილი, როცა ხედავ, რომ შენს გუნდს თამაში არ გამოსდის?

 

- არა, მაგრამ როცა საფრანგეთი-საქართველოს ვუყურებდი, არბიტრის არასწორმა გადაწყვეტილებებმა ისე გამაბრაზა, 19-20 წლის ფიცხი მამუკა გორგოძე გამახსენდა. ისე ძალიან ავღელდი, გაოცებული დავრჩი - როგორც ჩანს, ჯერაც არ დავღვინებულვარ... ჩემ გვერდით ისხდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თეა წულუკიანი. მათი ხათრით მოვთოკე თავი, თორემ შეიძლება ძალიან ცუდი რაღაც გამეკეთებინა.

 

- მოედანზე რომ ყოფილიყავი, შეძლებდი თავის შეკავებას?!

 

- თამაშისას რაღაც დონეზე სულ ვეღრიტინებოდი მსაჯებს, თუმცა, როგორი მიკერძოებულიც უნდა იყოს არბიტრი, მორაგბეს „წითელი ხაზების“ გადაკვეთის უფლება არა აქვს. რაგბი ამიტომაც არის მაგარი თამაში.

 

- ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი გახდი. ითქვა, რომ მამუკა გორგოძის უმთავრესი ფუნქცია რაგბის კავშირსა და „ბორჯღალოსნებს“ შორის ხიდის, „მეკავშირის“ როლი იქნება.

 

- გამგეობის წევრი ვარ, თუმცა რაგბის კავშირში არც ყოველდღიური სამუშაო მაქვს და არც ნაკრებთან ხშირი კომუნიკაციის აუცილებლობაა. თუ საჭირო იქნება, მოთამაშეების სათქმელსაც მივიტან გამგეობამდე და გუნდსაც გავაცნობ ჩვენს პოზიციას. ისე კი, ჩემი შუამავლობა რაში სჭირდებათ - ნაკრებს ისედაც ყველანი თავს ვევლებით, ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი საქმიანობის მწვერვალის - ეროვნული ნაკრების ყველა წევრი კომფორტულად რომ გრძნობდეს თავს.

 

- ნოემბერში გამართულ ტესტმატჩებზე გადავიდეთ: კმაყოფილი ხარ საფრანგეთსა და ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით?

 

- ხშირად მქონია პესიმისტური პროგნოზები, მაგრამ ფრანგებთან საქართველოს ნაკრების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ! ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, ჭკვიანურად, გუნდურად ითამაშეს ისეთ ძლიერ ნაკრებთან, როგორიც საფრანგეთია. მეც მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ "კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ", მაგრამ საფრანგეთს როგორ მოვუგებდით?! ჩვენ კი არა, ერთ კვირაში ფრანგებმა ზელანდია დაამარცხეს 40:25! მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ, საფრანგეთს მიემხრო-მეთქი, მაგრამ... ფრანგულ პრესაშიც დაიწერა, რომ დეიმონ მერფის "არ გამოუვიდა კარგი მსაჯობა". საბოლოოდ, მეტოქის სიძლიერისა და მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებების გამო სამარცხვინო სხვაობით ნამდვილად არ წაგვიგია. მთლიანობაში, კმაყოფილიც ვარ და გაცილებით იმედიანადაც - ჩვენი ნაკრები აუცილებლად წავა წინ!

 

- რაც შეეხება ფიჯისთან საბრძოლო ფრეს...

 

- ფიჯის ორჯერ მოვუგეთ საკუთარ მოედანზე, მაგრამ მაშინ მესამე-მეოთხე შემადგენლობა ჰყავდათ, ამჯერად კი ძალიან ძლიერი გუნდით გვეთამაშნენ: ნადოლოს, რადრადრას და იატოს გარდა არავინ აკლდათ. ეს ის გუნდია, ჩვენამდე ერთი კვირით ადრე, უელსს რომ უგებდა, სანამ ორი მორაგბე არ გაუძევეს. ობიექტურები უნდა ვიყოთ - დღეს ფიჯი საქართველოზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ და პროგრესსაც ვხედავ. სხვათა შორის, სამხრეთ აფრიკასთან ჩვენების თამაშიც ძალიან მომეწონა.

 

- ფიჯისთან მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ მთავარია, არ წავაგეთ, კარგად ვითამაშეთ და რა მნიშვნელობა აქვს, ქულები საჯარიმო დარტყმებით დავაგროვეთ თუ არეკნებით!

 

- ვიომეთ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ და ფრე ვითამაშეთ. ბიჭებიც გულდაწყვეტილი იყვნენ - გამარჯვებამდე რა ცოტა დაგვაკლდაო. მე კი სხვანაირად ვიტყვი - ძალიან მაგარია, ფრე რომ ვითამაშეთ ასეთ ძლიერ გუნდთან! ხომ არ დაგვავიწყდა? მსოფლიო თასამდე ოთხთვიანი მომზადებაც გვქონდა გავლილი, თითქმის იდეალური შემადგენლობაც გვყავდა, მაგრამ... ფიჯისთან 10:45 წავაგეთ! არ მესმის, ვინ უნდა იყოს უკმაყოფილო საჯარიმო დარტყმებით აღებული ქულებით?! დღესვე მოვაწერ ხელს მხოლოდ ჯარიმებით მოგებას! პორტუგალიასთან, ესპანეთთან, რუსეთთან მხოლოდ კარში დარტყმებით გამარჯვებით მეც უკმაყოფილო ვიქნები, მაგრამ ფიჯისთან დაწინაურების შანსი მქონდეს და კარში არ დავარტყა?!

 

- საქართველოსთან მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა დაარტყა კარში პირველივე ჯარიმა!

 

- ჩემი კაპიტნობის დროს კარში ნაკლებად ვურტყამდით, თამაშს უფრო ვცდილობდით ხოლმე, მაგრამ მეტოქესაც ხომ გააჩნია? ფიჯის დონის გუნდთან კარში დავარტყამ, აბა, რას ვიზამ?! ჩვენმა გუნდმა ფრანგებს გაუტანა ლელო პირველი ხაზიდან, საფრანგეთთან ასეთი რამ ზელანდიასაც კი უჭირს. ამას უნდა გავუსვათ ხაზი და არა იმას, „ბორჯღალოსნებმა“ ფიჯისთან ყველა ჯარიმა კარში დაარტყესო. ვიმეორებ, ნოემბრის ტესტმატჩებით ძალიან კმაყოფილი ვარ - ბიჭებმა დიდი გამოცდილებაც მიიღეს და მომავალ შეხვედრებში გაცილებით თავდაჯერებულებიც იქნებიან. უნდა შევაქოთ სამწვრთნელო შტაბიც. ვისაც სხვაზე ნაკლებად ეიმედება ქართული სტაფის, შევახსენებ, რომ ბოლო მატჩებში გუნდი სწორედ ქართველმა მწვრთნელებმა მოამზადეს და ძალიანაც კარგად ვითამაშეთ. წარმატებული მუშაობა ყოველთვის უნდა აღნიშნო, რომ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სტიმული მისცე, არასწორ ნაბიჯებს კი პირველი მე გავაკრიტიკებ.

 

- საფრანგეთში როგორი გამოხმაურება მოჰყვა „ბორჯღალოსნებთან“ მატჩს?

 

- ნამატჩევს საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებმა მითხრეს, საოცრად ჯანიანი ბიჭები გყავთ, მაგარი დაჟეჟილები ვიყავითო! ძალიან კარგად შეგვხვდა ბერნარ ლაპორტიც (საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი. - რ.შ.). ფრანგებს მოსწონთ ჩვენი მისწრაფება და მზად არიან დაგვეხმარონ ახალგაზრდა მორაგბეების სწორად აღზრდა-განვითარებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი სწორედ ეს არის. ქართველები სულსწრაფი ხალხი ვართ, შედეგს მალევე ვითხოვთ. არადა, შედეგისთვის წლების განმავლობაში სწორი მუშაობაა საჭირო. თუ ახალგაზრდებს სწორად გავზრდით და კონკურენციაც გაიზრდება, 8-10 წელიწადში შედეგზეც შეგვიძლია ვიფიქროთ. აუცილებელია კვალიფიციური მწვრთნელების სიმრავლეც - ორ-სამკვირიანი სტაჟირება საკმარისი არ არის, საჭიროა მუდმივი განვითარება, გაცვლითი პროგრამები, ძლიერი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

 

- ბერნარ ლაპორტი შენი ყოფილი მწვრთნელია და კარგად იცნობ. რაზე ილაპარაკეთ?

 

- გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა. ძალიან კარგად დაგვხვდა, ჩვენთვის დრო მატჩამდეც გამონახა და შემდეგაც, დახმარებისთვის მზადყოფნაც დაგვიდასტურა და უახლოეს მომავალში საქართველოში სტუმრობასაც დაგვპირდა. ლაპორტი დიდი ფიგურაა საფრანგეთშიც და მსოფლიოშიც. შევხვდით სარაგბო ბაზა "მარკუსის" პრეზიდენტს, საფრანგეთის ბავშვთა რაგბის განვითარების შეფსა და სხვა გავლენიან პირებსაც.

 

- ესე იგი, ჩამოვა ლაპორტი საქართველოში...

 

- ვნახოთ. იმედია, პირობას მალე შეასრულებს. თუ საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენი დახმარება მოინდომა, ძალიან კარგი იქნება ქართული რაგბის განვითარებისთვის. კარგია აფრიკა, ზელანდია, ბრიტანეთი, მაგრამ საფრანგეთთან, ფრანგულ რაგბთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი გვაქვს, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ეს კავშირები უნდა გამოვიყენოთ და რაც მთავარია, არ დავუკარგოთ ის ამაგი, რაც საფრანგეთს ქართული რაგბისთვის აქვს გაწეული.

 

- შარშან საქართველოს ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა „ექვსი ერის“ ნაკრებებთან ერთად. რა გვიჩვენა იმ ტურნირმა?

 

- „ექვს ერში“ სათამაშოდ ჯერ მზად არა ვართ. სპორტულ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ლაპარაკია კერძო, კომერციულ ტურნირზე, სადაც ფინანსურ მხარეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამხელა სუბსიდირება საქართველოს რაგბის კავშირმა გააკეთოს თუ სახელმწიფომ? "ექვს ერში" მონაწილეობით ქართულ რაგბის იმდენი არ შეემატება, რამდენიც იმ ფულის ბავშვთა რაგბიში დახარჯვით. ყველას გვინდა ყოველ წელს ინგლისთან, საფრანგეთთან, უელსთან თამაში, მაგრამ ჯერ ამისთვის მზად არა ვართ. მიხარია, რომ "შავი ლომის" სახით ფრანჩაიზი უკვე ქართველებსაც გვაქვს. ეს პროექტი აუცილებლად გააკეთებს თავის საქმეს. უკვე ნაკრებსაც შეეტყო - ბიჭების დიდი ნაწილი ერთად თამაშობს. თუ ამ ტურნირში სტაბილურად ვიქნებით ლიდერები, ორიოდე წელიწადში უფრო ძლიერ გათამაშებაში ჩართვაც შეიძლება, მერე კი "ექვს ერზე" ფიქრიც. მანამდე მთავარი მაინც ბავშვთა რაგბია. გულშემატკივარს ვთხოვ, არ მოასვენონ საქართველოს რაგბის კავშირი, სულ იყოს ინტერესი და კონტროლი, შესრულდა თუ არა დაპირება, რა გაკეთდა ბავშვთა რაგბის განვითარებისთვის.

 

- როგორც იქნა, იტალიის ნაკრებიც გვესტუმრება! აპენინელებთან მატჩს ისევ პესიმისტურად უყურებ?

 

- იტალიელები ახლაც ფავორიტები არიან, მაგრამ ჩვენი გუნდის ბოლო მატჩებმა იმედი ჩამისახა. თუ იტალიის ნაკრები მართლაც გვესტუმრა, ისე უნდა მოვემზადოთ, ისეთი გახსნა მოვუწყოთ, ისეთი გულშემატკივრობა ვაჩვენოთ გადავსებულ სტადიონზე, გავაკვირვოთ კიდეც და ეს ყველაფერი ჩვენს უპირატესობადაც ვაქციოთ!

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი