logo_geo
ლეგენდარული მურთაზ ხურცილავა 79 წლის გახდა
- +

5 იანვარი. 2022. 18:02

 

თბილისის „დინამოს“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს, მურთაზ ხურცილავას დღეს 79 წელი შეუსრულდა.

 

კარიერა მარტვილის რაიონის პატარა სოფელ ბანძაში დაიწყო და დიდი საბჭოთა იმპერიის ნაკრების კაპიტნობას მიაღწია.

 

1943 წლის 5 იანვარს დაბადებული ნიჭიერი მოთამაშე 17 წლის იყო, როდესაც ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ანდრო ჟორდანიამ შენიშნა და თბილისის „დინამოში“ მიიწვია, სადაც 1961–1975 წლებში 428 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. 1975–1976 წლებში ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა (47 მატჩი, 4 გოლი) და კარიერა დაასრულა.

 

მურთაზ ხურცილავა იყო სსრკ-ს ჩემპიონატების ხუთგზის მესამე პრიზიორი (1962, 1967, 1969, 1971, 1972). ათჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, არის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.

 

იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრებების წევრი. ამავე დროს, გახლდათ „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. სსრკ–ს ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი და გაიტანა 7 გოლი. ხურცილავა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი და ორგზის მონაწილეა – 1966 და 1970 წლებში, 1972 წელს გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ამავე დროს, ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

 

სამწვრთნელო კარიერა დაიწყო სამტრედიას „ლოკომოტივში“, ასევე ავარჯიშებდა ზუგდიდის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, თბილისის „სპარტაკს“ და „ლოკომოტივს“, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს, 2001–2003 წლებში საქართველოს ეროვნულ გუნდში ალექსანდრე ჩივაძის თანაშემწედ მუშაობდა.

 

1987–1989 წლებში თბილისის „დინამოშიც“ იყო, სადაც 1997–1999 წლებში მთავარ მწვრთნელად იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ყველაზე ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრასთან, მაგრამ ბილბაოს „ატლეტიკთან“ დამარცხდა (2:1, 0:1).

 

2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“ აღიარა, როგორც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი.

 

 

 

 

big_banner
არქივი