logo_geo
ადვოკატები: ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინაციისგან 16 დეკემბერს დაინფიცირების საფუძველზე გათავისუფლდა
- +

8 იანვარი. 2022. 12:46

 

 

ნოვაკ ჯოკოვიჩი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის საფუძველზე ვაქცინაციისგან გათავისუფლდა - BBC-ის ცნობით, ამის შესახებ სერბი ჩოგბურთელის ადვოკატების მიერ სასამართლოში წარდგენილ მასალებშია ნათქვამი.

 

ადვოკატების თქმით, ჯოკოვიჩმა დროებითი ვიზა მიიღო, ხოლო ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ მას კოვიდინფიცირების საფუძველზე „ვაქცინაციისგან სამედიცინო გათავისუფლება“ მიანიჭა.

 

მათივე განცხადებით, „სამედიცინო გათავისუფლებაში“ აღნიშნულია, რომ კორონავირუსის დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ ჯოკოვიჩს „არ ჰქონდა სიცხე ან რესპირაციული სიმპტომები“. ასევე დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ჯოკოვიჩმა „სამედიცინო გათავისუფლება“ მიიღო როგორც ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციის, ასევე ვიქტორიის შტატის მიერ დაქირავებული მედიკოსების დამოუკიდებელი ჯგუფებისგან.

 

4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლება მიიღო.

 

ავსტრალიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზაზე უარი ეთქვა და მას დეპორტაცია ელის. ადვოკატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნში 10 იანვრამდე დარჩება, როდესაც სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

 

big_banner
არქივი