logo_geo
ლიონელ მესიმ მდიდრული სასტუმრო შეიძინა და მთელი პერსონალი გაათავისუფლა
- +

17 თებერვალი. 2022. 14:41

 

ლიონელ მესი აფართოებს გავლენას სასტუმროების ბიზნესში – არგენტინელმა უკვე ექვსი სასტუმრო შეიძინა. თუმცა, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ბოლო შენაძენი უსიამოვნო სკანდალით აღინიშნა.

 

ჯგუფი „MIM Hotels“ – სასტუმროების ქსელია, რომელიც 34 წლის არგენტინელს ეკუთვნის. რამდენიმე დღის წინ, მან შეიძინა სასტუმრო ქალაქ კადისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში სოტოგრანდში.

 

ბოლო წლებში მესიმ შეიძინა უძრავი ქონების რამდენიმე მაღალი დონის ობიექტი, რომელიც განკუთვნილია შეძლებული ადამიანების დასვენებისთვის: ყველაზე სახელგანთქმული სწორედ ეს მეექვსე სასტუმროა სან-როკეში. თუმცა, ბოლო გარიგება სკანდალური აღმოჩნდა.

 

შეძენიდან ძალიან მალე, სასტუმროების ჯგუფის „MIM Hotels“-ის მმართველმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაანთავისუფლა სან როკეს სასტუმროს მთელი პერსონალი, რომელიც 40 ადამიანს შეადგენდა. სან-როკეს მერმა ხუან კარლოს რუისმა ამ საქციელს ქალაქზე სერიოზული დარტყმა უწოდა.

 

„სასტუმროს აქვს მუდმივი კლიენტების ბაზა – ოჯახები, რომლებიც 20 წელზე მეტია აქ ყოველ ზაფხულს ატარებენ. და ჩვენ არ ვაპირებთ დავუშვათ, რომ ახალი მმართველების პირველი გადაწყვეტილება იყოს დიდი პროფესიონალების დათხოვნა. ადამიანებმა ასე უბრალოდ არ უნდა დაკარგონ სამუშაო ადგილები. ჩვენ გვყავდა პერსონალი 25-30-წლიანი მუშაობის გამოცდილებით. მაგრამ პირველი ახალი ამბავი, რომელიც ახალი ჯგუფისგან მოვიდა – ეს პერსონალის გათავისუფლება იყო“, – განაცხადა ხუან კარლოს რუისმა.

 

აღნიშნავენ, რომ თანამშრომლების ერთდროული განთავისუფლება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის შრომით კანონმდებლობას. სან-როკეს მერი აპირებს „MIM Hotels“-თან დაკავშირებას, რათა მოელაპარაკოს ამ გადაწყვეტილების გაუქმებაზე.

 

გამორიცხული არ არის, რომ მესისა და კომპანიას სკანდალური სასამართლო გარჩევა ელოდება.

 

არგენტინელი ფეხბურთელი პირველად არ ხვდება ესპანეთში სასტუმროებთან დაკავშირებულ სკანდალურ სიტუაციაში. დეკემბერში ბარსელონას მთავრობამ გადაწყვიტა, დაენგრია მესის მფლობელობაში მყოფი ერთ-ერთი სასტუმრო. 77-ოთახიანი შენობის აღების მიზეზი გახდა მისი შეუსაბამობა ქალაქის სტანდარტებთან.

 

 

big_banner
არქივი