logo_geo
ევროპის კლუბების ასოციაციამ რუსეთის წარმომადგენლები გარიცხა
- +

2 მარტი. 2022. 11:42

 

 

ევროპის კლუბების ასოციაციამ (ECA), რომელიც უეფა-ში კლუბების ინტერესებს წარმოადგენს, 2022 წელს პირველი შეხვედრა გამართა. დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი აგრესორი რუსეთის წარმომადგენელთა სტრუქტურიდან გარიცხვა იყო.

 

გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს – „ზენიტი“, „სპარტაკი“, „რუბინი“, ცსკა, „როსტოვი“, „კრასნოდარი“ და „ლოკომოტივი“ ევროპული კლუბების ასოციაციის წევრები აღარ არიან. რუსული კლუბების მოკვეთის მიზეზი დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა. ECA სრულად უჭერს მხარს იმ სანქციებს, რომლებიც რუსეთს უეფა-მ და ფიფა-მ დაუწესა.

 

„ECA-მ ასევე მტკიცედ დაუჭირა მხარი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის ფინალის პეტერბურგიდან პარიზში გადადების შესახებ. გარდა ამისა, ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ ყველა რუსული გუნდი დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაწილეობას ECA-ს საქმიანობაში“, – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

 

ამავე დროს, ევროპის კლუბების ასოციაციამ სოლიდარობა გამოხატა უკრიანულ კლუბებისა და მოთამაშეების მიმართ.

 

„ამის პარალელურად, ბოლო დღეებში ECA მუდმივ კონტაქტშია ჩვენი ორგანიზაციის წევრ უკრაინის კლუბებთან. ამასთან დაკავშირებით, აღმასრულებელი საბჭო დღეს ვალდებულია გამოიყენოს ყველა ღონე, რათა უზრუნველყოს ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც უკრაინული კლუბებისა და მათი ფეხბურთელების დასახმარებლად ამ დროისთვის აუცილებელია“, – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.

 

ევროპის საკლუბო ასოციაციაში გაწევრიანებულია 214 კლუბი, საიდანაც 105 სრულუფლებიანი წევრია, 109 ასოცირებული წევრი – უეფა-ს წევრ 55 ქვეყანას მინიმუმ 1 კლუბი წარმოადგენს. საქართველოდან ამჟამად ორგანიზაციის წევრი თბილისის „დინამოა“. ევროპის საკლუბო ასოციაცია (ECA) ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც უეფა-ში საფეხბურთო კლუბების ინტერესებს წარმოადგენს. ECA არსებობს ევროპული საკლუბო ფეხბურთის ინტერესების დასაცავად და ხელშეწყობისთვის. მისი მიზანია შექმნას ახალი, უფრო დემოკრატიული მმართველობის მოდელი, რომელიც ფეხბურთში კლუბების წამყვან როლს ასახავს.

 

 

big_banner
არქივი