logo_geo
საქართველოში პირველად - „დინამო-არენას“ ტრიბუნას ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძის სახელი მიენიჭა
- +

8 აპრილი. 2022. 15:12

 

 

თბილისის „დინამომ“ ლეგენდარულ კაპიტანს, ალექსანდრე ჩივაძეს დაბადების დღესთან დაკავშირებით (8 აპრილს 67 წელი შეუსრულდა) სიურპრიზი მოუწყო.

 

თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით „დინამო-არენას“ სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს.

 

ფაქტის აღსანიშნავად „დინამო-არენას“ მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა თბილისის „დინამოს“ ფანებმა შეასრულეს. ამასთან, სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსის პერიმეტრზე სრულად შეიცვალა მანიშნებლები, მათზე დატანილი QR კოდის დახმარებით კი, დაინტერესებულ პირებს ლეგენდარული კაპიტნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

 

​„დინამო-არენაზე“ კლუბის ლეგენდარულ კაპიტანს თბილისის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა და გუნდის კაპიტანმა გიორგი პაპავამ სიმბოლურად სამნომრიანი მაისური გადასცეს.

 

„სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა. „დინამო“ ჩვენი ფეხბურთელების სახელების უკვდავსაყოფად, ამ ტრადიციას მომავალშიც განაგრძობს“, – წერია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი