logo_geo
ლუჩიანო სპალეტი: კვარა კარგია, ინსინიეს ღირსეული შემცვლელია
- +

18 ივლისი. 2022. 11:16

 

 

იტალიური გამოცემა „repubblica“ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს „პერუჯასთან“ და მის მორიგ გოლს გამოეხმაურა.

 

„ნაპოლი“ კვარაცხელიას ნიშნით – 4:1 „პერუჯასთან“

 

„ახალი შენაძენი ტალანტსა და თამაშის სურვილს ადასტურებს. დიმაროში თამაშები პირველი გოლის ავტორის, ხვიჩა კვარაცხელიას ნიშნით ტარდება. მან გზა გაუხსნა „ნაპოლის“ „პერუჯასთან“ ტესტ მატჩში, რომელიც სპალეტის გუნდის გამარჯვებით (4:1) დასრულდა. ახალწვეულმა ქართველმა თავდამსხმელმა დასაწყისშივე გაიტანა.

 

დიმაროს შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩში, „ანაუნუს“ წინააღმდეგ მარტივი დებიუტის შემდეგ, ნიგერიელმა ცენტრფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა კვარაცხელიასთან წყვილში პირველად ითამაშა. ორმა მოთამაშემ, რომელთაც ტრიბუნაზე მყოფი ორი ათასი გულშემატკივარი ყველაზე მეტად ელოდა, „პერუჯას“ დაცვაში ხარვეზი მაშინვე აღმოაჩინა „კედლის“ გათამაშებით, რამაც ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს საშუალება მისცა დასარტყმელ ზონაში შესულიყო და მეტოქის მეკარეს დამცინავი შეხებით გაუტანა.

 

„ნაპოლის“ ახალწვეულმა დებიუტში შთაბეჭდილება უკვე მოახდინა და გაცილებით მაღალი დონის სპარინგ პარტნიორთანაც დაადასტურა, რომ დრიბლინგისას თითქმის შეუჩერებელია და ცივსისხლიანია დარტყმისას. გუნდიდან შემტევების, ინსინიესა და მერტენსის წასვლის შემდეგ, კვარა კარგ წყვილს ქმნის ნიგერიელ თავდამსხმელ ოსინჰემთან ერთად. შეტევაში ახალ „ნაპოლის“ კიდევ აქვს პოტენციალი, მიუხედავად დიდი სახელების წასვლისა. სამაგიეროდ, საჭირო იქნება დაცვის გაძლიერება, რომელიც კულიბალის წასვლის შემდეგ, უფრო დაუცველი აღმოჩნდა“, – წერს იტალიური გამოცემა.

 

„ჩვენ ძალიან კარგად ვახერხებდით ბურთის ფლობას და შეტევების განვითარებას. ხარისხიანად ვახერხებდით „აფეთქებებს“. ამ კონტექსტში კვარა კარგია, მას შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივ თამაში. ხვიჩამ პირველ ტაიმში შედეგის მოტანა მოახერხა და ღირსეული შემცვლელია ისეთი ლიდერის, როგორიც ინსინიე იყო“, – თქვა „პერუჯასთან“ მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ.

 

 

big_banner
არქივი