logo_geo
„The Guardian“: „კვარადონამ“ „ნაპოლის“ იმედგაცრუებულ ფანებს იმედი და ოცნება დაუბრუნა
- +

23 აგვისტო. 2022. 11:16

 

 

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა „The Guardian“-მა ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

 

სტატიაში საუბარია, თუ როგორ შეავსო „ნაპოლიმ“ ლიდერების წასვლის გამო არსებული დანაკლისი და რა როლი შეასრულა ამ პროცესში „კვარადონამ“.

 

„შეწყვიტეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა წარმოთქვან ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ნეაპოლში. როდესაც აპრილში ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ გამოცხადდა, აურელიო დე ლაურენტისს ჰკითხეს, თუ როგორ შეძლებდნენ მისი სახელის წარმოთქმას. მაშინ კლუბის პრეზიდენტებმა ჟურნალისტებს ასე უპასუხა: რამეს მოვიფიქრებთ.

 

მოგვიანებით ფანებში „კვარას“ აბრევიატურა იქნა მიღებული, თუმცა სერია A-ს ორი მატჩის შემდეგ მისი ახალი მეტსახელი დამკვიდრდა. ნეაპოლის ესპანური უბნის ხეივნებიდან დაწყებული ეროვნული გაზეთების სათაურებით დამთავრებული, ქართველს უკვე „კვარადონას“ უწოდებენ.

 

საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიას თანაგუნდელმა ზურიკო დავითაშვილმა მას „ქართველი მესი“ უწოდა. რუსეთში, ყაზანის „რუბინში“ თამაშის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ის წარმატებულ დრიბლინგებს იმავე სიხშირით აკეთებდა, როგორც ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“, მაგრამ ფანების უმეტესობა 21 წლის მოთამაშის „ნაპოლის“ უდიდეს ფეხბურთელებს შორის დაყენებაზე მაინც ყოყმანობდა. მათ სურდათ, რომ მტკიცებულებები საკუთარი თვალით ენახათ. „კვარამ“ კი მათ ამის ხილვის საშუალება იტალიის ჩემპიონატის პირველივე მატჩში, „ვერონას“ წინააღმდეგ მისცა. კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში მან პიოტრ ზიელინსკის ერთი შეხებით იდეალური პასი მისცა, ამ უკანასკნელმა კი გოლი მარტივად გაიტანა. ეს იყო საოცრად თავდაჯერებული პასი იმ მოთამაშისგან, რომელიც თამაშში უკვე გამართულად მომუშავე აპარატის სრულად ინტეგრირებულ კომპონენტს ჰგავდა.

 

მანამდე, მთელი ზაფხულის განმავლობაში, „ნაპოლის“ ფანების ულტრა ჯგუფები კლუბიდან ლიდერების წასვლის შემდეგ მათი ჩანაცვლებისთვის არასაკმარის აქტივობას აპროტესტებდნენ. მათ კლუბის პრეზიდენტთან კონფლიქტი არაერთხელ ჰქონდათ. დე ლაურენტისისა და ფანების ურთიერთობა დიდი ხანია, რაც დაძაბულია. ის სხვადასხვა დროს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფს უცნაური განცხადებებით აღიზიანებდა: ერთხელ მან განაცხადა, რომ ნეაპოლიტანელებმა არ იციან პიცის მომზადება, ამის შემდეგ თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასები გაზარდა. პრეზიდენტის მიმართ ყველაზე დიდი მტრობა მოდის მათგან, ვინც თვლის, რომ მას უფრო მეტად ოჯახის გამდიდრება აინტერესებს, ვიდრე გამარჯვება, თასების მოგება ან საკლუბო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

 

სხვა პერსპექტივიდან, ასეთი კრიტიკა აბსურდულად გამოიყურება: დე ლაურენტისმა „ნაპოლი“ გაკოტრებისგან 2004 წელს იხსნა. მისი პრეზიდენტობიდან სამ წელიწადში უმაღლეს ჩემპიონატში დაბრუნდნენ და მას შემდეგ სამჯერ მოიგეს იტალიის თასი, ასევე გასული 12 სეზონიდან რვაში სერია A-ს საუკეთესო სამეულში მოხვდნენ.

 

მიუხედავად კრიტიკისა, დე ლაურენტისის არჩევანმა გაამართლა, კვარაცხელიამ თავი მეორე შეხვედრაშიც გამოიჩინა. „მონცას“ წინააღმდეგ ანგარიში სწორედ ქართველმა გახსნა, მან ბურთი კარისკენ შეუჩერებელი ტრაექტორიით გადაგზავნა. მეორე ტაიმში „კვარამ“ ორი მცველი მოატყუა, ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა და მეორე გოლიც გაიტანა, პუბლიკა კი კიდევ ერთხელ გააოცა.

 

ორ მატჩში კვარაცხელიამ იდეალური ჰეთ-თრიკი შეასრულა - თითო-თითო გოლი თავით, მარჯვენა და მარცხენა ფეხით. ეს მაჩვენებელი იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც მოკრძალებული 10 მილიონი ევროს თანხით იყიდეს, ცუდი ნამდვილად არ არის.

 

მიუხედავად ამისა, „ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი თვლის, რომ კვარაცხელიას თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ გამოუვლენია და მისგან კიდევ მეტს უნდა ველოდოთ.

 

„მას ჯერ კიდევ აქვს ძალიან დიდი წნეხი. როგორც კი გათავისუფლდება ამ ზეწოლისგან, იგი ხალხს დაანახებს, როგორი ფეხბურთელია“, - განაცხადა სპალეტიმ მატჩის შემდეგ“, - აღნიშნულია „Guardian“-ის სტატიაში.

 

https://www.theguardian.com/sport/blog/2022/aug/22/italy-serie-a-napoli-naples-khvicha-kvaratskhelia-aurelio-de-laurentiis?CMP=share_btn_fb&fbclid=IwAR0Is3k7a0WukgRILT9iSuJ9fpzwcNU6tO-36P7Bup7-lx6O3r5Z3AvsYZk

big_banner
არქივი