logo_geo
31 აგვისტოს რიყის პარკში ევრობასკეტ 2022-ის გახსნის ცერემონია გაიმართება
- +

30 აგვისტო. 2022. 17:58

 

 

1-7 სექტემბერს საქართველო პირველად მასპინძლობს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად.

 

ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე“ გაიმართება.

 

ევროპის ჩემპიონატი, არამარტო კონტინენტის უმაღლესი საკალათბურთო მოვლენა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც თავს მოუყრის მილიონობით გულშემატკივარს მასპინძელ ქალაქებში და მილიარდზე მეტ მაყურებელს ტელეეკრანებთან.

 

ევროპის ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება, უდიდეს შესაძლებლობას უქმნის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს, რათა საკუთარ სახლში,  გულშემატკივრებთან ერთად მნიშვნელოვან სპორტულ შედეგს მიაღწიოს. იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი გამორჩეული მასპინძელი იყოს, ევროპის ჩემპიონატის დღეები დატვირთული იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით.

 

ევრობასკეტ 2022-ის ფარგლებში რიყის პარკის ტერიტორიაზე 31 აგვისტოდან მოეწყობა ფანზონა, სადაც ევრობასკეტის დღეებში, გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ევრობასკეტის მატჩების ყურება და ეროვნული ნაკრების ქომაგობა.

 

ფანზონა დატვირთული იქნება მრავალფეროვანი სივრცეებითა აქტივობებით. რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი, ეროვნული ნაკრების ფან-შოპი, სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.

 

დიდი საკალათბურთო დღესასწაულის –  ევრობასკეტის უკეთ შეგრძნებისა და საზეიმო განწყობისთვის დაიბრენდა საჰაერო ბუშტი, ასევე,  რიყის პარკში განთავსდება გიგანტური ჰეშტეგი, ევრობასკეტთან ასოცირებულ ფერებში განათდება თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და ეშმაკის ბორბალი.

 

საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად გაიხსნება ზემოხსენებულ ფანზონაში.

 

ევრობასკეტის გახსნის ცერემონია რიყის პარკში 31 აგვისტოს 21:30 საათზე დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი