logo_geo
BBC: „კვარადონა“ სერია A-ს შტურმით იპყრობს
- +

7 სექტემბერი. 2022. 17:01

 

 

BBC-მ ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

 

„ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ მისვლამ შესაძლოა, ისეთივე აჟიოტაჟი არ გამოიწვია, როგორიც 38 წლის წინ დიეგო მარადონას „ბარსელონადან“ ტრანსფერმა, მაგრამ სერია A-ში მისმა ბრწყინვალე სტარტმა ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ გარემარბს „კვარადონა“ უწოდეს.

 

კვარაცხელიამ მარადონასთან მისი შედარების შესახებ ისაუბრა და აღიარა, რომ მას თავისი მეტსახელი მოსწონდა.

 

„არ შემიძლია მარადონასთან ახლოს მისვლა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე გავხდე“, - აღნიშნა „კვარამ“.

 

21 წლის ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოში“ ხანმოკლე პერიოდის გატარების შემდეგ გადავიდა, სადაც მან 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

 

7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, სავარაუდოდ, მისი დებიუტი შედგება და იგი „ლივერპულის“ კარის აღებას შეეცდება.

 

კვარაცხელიას დებიუტი, მარადონას მსგავსად, სერია A-ში ვერონასთან შედგა, თუმცა არგენტინელისგან განსხვავებით, მან მატჩში გადამწყვეტი როლი ითამაშა და გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.

 

ქართველისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა, როდესაც მან საშინაო არენაზე დებიუტში „მონცას“ კარში დუბლი შეასრულა.

 

„ის არის საოცარი აღმოჩენა, ჩვენ ამას არ ველოდით, ეს ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო.

 

ჩვენ დავკარგეთ არაერთი ცნობილი მოთამაშე, ვდარდობდით, რადგან გუნდში ბევრი უცნობი ფეხბურთელი მოვიდა. სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, როდესაც სპალეტი [„ნაპოლის“ მწვრთნელი] ბორტზე მოვიდა, რადგან მეგონა, რომ ის „ძველი სკოლის“ წარმომადგენელი იყო, მაგრამ ეს ახალი, ახალგაზრდა, მხიარული გუნდის შექმნის იდეა, სადაც მოთამაშეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ერთად გაიზარდონ, ნამდვილად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს მარადონასა და „ნაპოლიზე“ დაწერილი წიგნის ავტორი კირსტენ შლევიცი.

 

3 სექტემბერს „ლაციოსთან“ 2-1 მოგების დროს კვარაცხელიამ საოცარი გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კი „ნაპოლის“ მწვრთნელმა „კვარაზე“ მცირე კომენტარი გააკეთა.

 

„მე ის ჩემს სახლში ჩაის დასალევად დავპატიჟე იმ შუადღისას, როცა კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის ცოტა მორცხვია, მას არასოდეს სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ როდესაც ფეხბურთს თამაშობს, ძალიან თავდაჯერებულია“, - განაცხადა სპალეტიმ კვარაცხელიაზე.

 

„მას უყვარს დრიბლინგი, დრიბლინგის დროს თავს მაღლა არ წევს, რაც ცოტა შემაშფოთებელი შეიძლება იყოს, მაგრამ როცა ის ამას აკეთებს, რაღაც აღმაფრთოვანებელს ნამდვილად ნახავთ. ამავდროულად, ის ყოველთვის კონცენტრირებულია. ჩემთვის ეს ყველაფერი ფეხბურთელის ინტელექტუალურობაზე მეტყველებს და მე არ ვგულისხმობ პრესკონფერენციაზე საუბარს, არამედ თამაშის წაკითხვას.

 

მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ ყველაფერი წესრიგში არ აქვს, ის მაინც ძალიან ახალგაზრდაა. მას აქვს დრო, რომ გაიზარდოს და სპალეტის აქვს სისტემა, რომელსაც „კვარა“ მოერგება, სწავლას გააგრძელებს და თავის შესაძლებლობებს კიდევ უფრო დახვეწს“, - აღნიშნავს შლევიცი.

 

კვარაცხელიას მამა, ბადრი, აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა, თუმცა ხვიჩა საქართველოს ნაკრების წევრია. მან საერთაშორისო ასპარეზზე უკვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

2019 წლის ივნისში ნაკრებში პირველი მატჩის ჩატარების შემდეგ, 19 თამაშში 8 გოლის გატანა შეძლო, მათ შორის იყო გოლები ესპანეთთან და საბერძნეთთან და დუბლი შვედეთის ნაკრების კარში.  

 

თუ „კვარადონა“ ეროვნულ ნაკრებში ასეთივე სტატისტიკას შეინარჩუნებს, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა შორის საუკეთესო იქნება“, - აღნიშნულია BBC-ის სტატიაში.

 

big_banner
არქივი