logo_geo
კვარაცხელიამ სერია A-ს მე-12 ტურში გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა
- +

29 ოქტომბერი. 2022. 20:00

 

 

„ნაპოლიმ“ „სასუოლო“ 4:0 დაამარცხა.

 

იტალიურმა კლუბმა სერია A-ს მე-12 ტურში მეტოქე „სტადიო მარადონაზე“ მიიღო და პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა.

 

ნეაპოლელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-4 წუთზე, მარჯვენა ფლანგზე განვითარდა შეტევა, რომელიც დი ლორენცოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ვიქტორ ოსიმენს თავური პასით გაუგრძელა და ნიგერიელმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა. მე-19 წუთზე ხვიჩამ მარჯვენა ფლანგზე ითამაშა და ოსიმენს მეორე საგოლე გადაცემა გაუკეთა.

 

ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, ხვიჩამ თავად გაიტანა – 36-ე წუთზე მარიო რუის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ძლიერი დარტყმით მესამე გოლის ავტორი გახდა. ტაიმის ბოლომდე ორჯერ კიდევ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ააცილა. 71-ე წუთზე კი ხვიჩა ლუჩანო სპალეტიმ შეცვალა.

 

77-ე წუთზე ოსიმენმა მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. „სასუოლომ“ მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა – 84-ე წუთზე არმანდ ლორიენტემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

 

„ნაპოლიმ“ მატჩი 4:0 მოიგო და 12 ტურის შემდეგ 32 ქულა დააგროვა. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ლიდერია და შემდეგ ტურამდე ვერ დაეწევა „მილანი“ (26), რომელსაც ტურის მატჩი გასამართი აქვს.

 

 

big_banner
არქივი