logo_geo
ნეიმარი, მესი, კრიშტიანუ რონალდუ, მბაპე, ჰალანდი და სხვები პელეს ეთხოვებიან
- +

30 დეკემბერი. 2022. 10:11

 

 

სამყარო პელეს სოციალური ქსელის მეშვეობით ეთხოვება. აქ თავმოყრილია რეაქციები „ფეხბურთის მეფის“ გარდაცვალებაზე:

 

კილიან მბაპე: „ფეხბურთის მეფემ დაგვტოვა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა არასოდეს იქნება დავიწყებული. განისვენე მშვიდად“.

 

კრიშტიანუ რონალდუ: „ჩემი ღრმა მწუხარება მთელს ბრაზილიასა და კერძოდ, მისტერ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ოჯახს. უბრალო „მშვიდობით“ არასაკმარისი იქნება იმ მწუხარების გამოსახატავად, რომელმაც მოიცვა ამ მომენტში მთელი საფეხბურთო სამყარო.

 

აღმაფრენა მილიონობით ადამიანისთვის, გუშინდელი და დღევანდელი დღის ეტალონი, უკვდავების ეტალონი. ყურადღება, რომელსაც ის ჩემს მიმართ ყოველთვის იჩენდა, ორმხრივი იყო ყველა მომენტში, რომელსაც ერთად ვიზიარებდით, თუნდაც დისტანციურად“.

 

ლიონელ მესი: „განისვენე მშვიდად, პელე“.

 

ერლინგ ჰალანდი: „ყველაფერი, რასაც თანამედროვე ფეხბურთში ხედავთ, ოდესღაც პირველმა პელემ გააკეთა“.

 

გარეტ ბეილი: „მიზეზი, რატომ უყვარს ბევრს ასე ძლიერ ფეხბურთი“.

 

გარი ლინეკერი: „პელე გარდაიცვალა. ყველაზე ღვთაებრივი ფეხბურთელთაგან და ყველაზე სიცოცხლის მოყვარული ადამიანებში. ის ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე რჩეული მიუახლოვდა“.

 

დიდიე დეშამი: „პელესთან ერთად ფეხბურთი კარგავს თავის ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ ლეგენდას. ის აიძულებდა ადამიანებს ეოცნებათ და აღმაფრენას აძლევდა მთელს თაობებს. ვის არ უოცნებია ბავშვობაში პელესნაირი ყოფილიყო?

 

მან თავისი ტექნიკური ვირტუოზობა, სითამამე, შემოქმედებითი პოტენციალი თავის გუნდებს შესწირა, კერძოდ, ბრაზილიის ნაკრებს, რომელთან ერთადაც სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

 

პელეს თამაში სილამაზისა და ეფექტურობის განსახიერება იყო“.

 

* * *

 

რა თქმა უნდა, ბევრი შეტყობინებაა ბრაზილიელი ფეხბურთელებისგან.

 

კაზემირო: „განისვენე მშვიდად, მეფე პელე. მადლობა სიდიადისთვის, რომელიც ბრაზილიასა და ფეხბურთს მიანიჭე. შენი მემკვიდრეობა სამუდამოა“.

 

როდრიგო: „დღეიდან 29 დეკემბერი ყოველთვის იქება ნაღვლიანი თარიღი. „სანტოსში“ ვიზრდებოდით და ყოველდღე გვესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ადამიანები ყოველდღე შენს შესახებ იმაზე, როგორი ბრწყინვალე ფეხბურთელი და ადამიანი იყავი.

 

ღვთის წყალობით, მქონდა შესაძლებლობა პირადად შეგხვედროდი. ეს იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე ჩემს ცხოვრებაში! მადლობა მეფე რჩევისთვის და სიმამაცისთვის, რომელიც ჩვენმა საუბარმა მომცა. „ბიჭუნა, ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ და არაფრის შეგეშინდეს“, – ეს სიტყვები სამუდამოდ დამამახსოვრდება. განისვენე მშვიდად. ყოველთვის უდიადესი იქნები ისტორიაში!“

 

კაფუ: „დღეს მე ძმა დავკარგე. როგორც კათოლიკე-ქრისტიანი. ვიცი, რომ გარდაცვალების შემდეგ, ადამიანი იბადება სამუდამო ცხოვრებისთვის. ჩვენ გვექნება ეს უკვდავება, რათა ერთად ვიყოთ მამის სახლში.

 

მან, უბრალოდ, დატოვა სამყარო, რომელსაც აქვს დასასრული და გაემართა იმ სამყაროში, რომელსაც ბოლო არ აქვს. შევხვდებით პელე“.

 

ნეიმარი: „ოდესღაც ასეთი სიტყვები წავიკითხე: „პელემდე „ნომერი 10“, უბრალოდ, რიცხვი იყო“. მაგრამ ეს შესანიშნავი წინადადება არასრულია. მე ასე ვიტყოდი, რომ პელემდე ფეხბურთი, უბრალოდ, სპორტი იყო. პელემ ყველაფერი შეცვალა.

 

მან ფეხბურთი ხელოვნებად და გართობად აქცია. მან მიაწვდინა ხმა ღარიბებს, ფერადკანიანებს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მან ყველას ანახა ბრაზილია. ფეხბურთისა და ბრაზილიის სტატუსი ამაღლდა პელეს წყალობით“.

 

* * *

 

გლოვობენ კლუბებიც. მაგალითად, მადრიდის „რეალი“: „თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ახლობლებს, კლუბებს, ბრაზილიის კონფედერაციას და ყველა გულშემატკივარს ბრაზილიიდან და მთელი მსოფლიოდან. პელე სამუდამოდ დარჩება ყველას გონებაში, ვისაც უყვარს სპორტის ეს სახეობა. მისი მემკვიდრეობა მას მსოფლიო ფეხბურთის უდიადეს ლეგენდად აქცევს“.

 

„არსენალი“: „გულწრფელად დამწუხრებულნი ვართ პელეს გარდაცვალების შესახებ ცნობით. ჩვენ გვქონდა პატივი 1981 წელს მისთვის „ჰაიბერიზე“ გვემასპინძლა. მოგონება, რომელიც ყოველთვის სამუდამოდ დაგვრჩება“.

 

„პარი სენ-ჟერმენი“: „ფეხბურთის სამუდამო მეფე. ამ ნაღვლიან წუთებში თანაგრძნობას ვუცხადებთ მეგობრებს, ოჯახსა და მთელს ბრაზილიელ ხალხს. მადლობა ყველაფრისთვის“.

 

* * *

 

პელეს ეთხოვება არა მხოლოდ საფეხბურთო სამყარო. ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი: „დღეს ჩვენ დავკარგეთ ლეგენდა. მადლობა იმისთვის, რომ გვიზიარებდით თქვენს ნიჭს, გენიალურობასა და სიყვარულს. პელეს მემკვიდრეობა ყოველთვის მოგვცემს აღმაფრენას“.

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: „თამაში. მეფე. უკვდავება“.

 

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა: „პელე იყო ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელი ისტორიაში. ის აცნობიერებდა ადამიანების გაერთიანებაში სპორტის როლს“.

 

 

big_banner
არქივი