logo_geo
გიორგი აბურჯანიამ პორტუგალიაში საგოლე პასი შეასრულა - „ჟილ ვისენტემ“ მოიგო და აუტსაიდერთა ზონას დაშორდა
- +

18 იანვარი. 2023. 01:31

 

 

პორტუგალიის ჩემპიონატში, „ჟილ ვისენტეს“ შემადგენლობაში, გიორგი აბურჯანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ვიტორია გიმარაეშთან“ ურთულეს შეხვედრაში, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

 

ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდის წინააღმდეგ მატჩი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ძირითად შემადგემლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-17 წუთზე ანდერსონ სილვამ სტუმრები დააწინაურა, მაგრამ „ჟილ ვისენტეს“ თავდამსხმელმა ალი ალიპურმა მე-40 წუთზე წონასწორობა აღადგინა.

 

64-ე წუთზე „ვიტორია გიმარაეში“ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან გოლის ავტორი ანდერსონ სილვა გაუძევეს. ამით ქართველის გუნდმა ისარგებლა და მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა – 82-ე წუთზე აბურჯანიამ შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ ფრან ნავარო გაიყვანა, რომელმაც გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა 2:1.

 

ამ გამარჯვებით „ჟილ ვისენტემ“ 16 ტურის შემდეგ 15 ქულა დააგროვა, მე-14 ადგილზე დაწინაურდა და გასავარდნ ზონას ქულით დაშორდა. აბურჯანიასთვის კი ეს მიმდინარე ჩემპიონატში პირველი საგოლე პასი იყო.

 

 

big_banner
არქივი