logo_geo
კვეკვესკირმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „ლეხმა“ გასვლაზე კონკურენტს მოუგო
- +

20 მარტი. 2023. 00:29

 

 

 

ნიკა კვეკვესკირმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და პოზნანის „ლეხს“ ამჯერად კონკურენტის, ლოძის „ვიძევის“ დამარცხებაში 2:1 დაეხმარა.

 

ექსტრაკლასას 25-ე ტურის მატჩი პოზნანელებმა გასვლაზე გამართეს. გიორგი წიტაიშვილი კვლავ ვერ მოხვდა პოლონეთის ჩემპიონის სამატჩო განაცხადში, ხოლო ნიკა კვეკვესკირი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა.

 

ამ შეცვლიდან ოთხ წუთში „ვიძევი“ პავლოვსკის გოლით დაწინაურდა, მაგრამ „ლეხმა“ ანგარიში მალე გაათანაბრა – მასპინძლებს მარჩვინსკიმ (73) გაუტანა, საგოლე გადაცემა კი კვეკვესკირმა შეასრულა. შეხვედრის ბედი კი ველდემ (78) გადაწყვიტა, რომელმაც მასპინძლებს მეორეც გაუტანა და პოზნანელებმა გაიმარჯვეს – 1:2.

 

ნიკა კვეკვესკირისთვის მარტის ბოლო სამი მატჩი წარმატებული გამოდგა. „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანმა პოლონეთის ჩემპიონატში „პიასტთან“ გოლი გაიტანა, კონფერენს ლიგაზე შვედურ „დიურგორდენთან“ ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ახლა კი მორიგი ასისტი შეასრულა.

 

პოზნანის „ლეხმა“ 43 ქულა დააგროვა და ექსტრაკლასაში გამართული 25-ე ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

 

 

big_banner
არქივი