logo_geo
გიორგი ქოჩორაშვილი: საქართველოს ნაკრებში მოხვედრამდე რთული გზა გავიარე
- +

14 ოქტომბერი. 2023. 19:28

 

 

15 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს. ამ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „ლევანტეს“ ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.

 

„ეს ჩემი პირველი პრესკონფერენციაა საქართველოს ნაკრების ფორმით. ნაკრებში მოხვედრამდე საკმაოდ რთული გზა გავიარე, რაც ჩემთვის დიდი მუხტი და მოტივაციაა, რომ შრომა გავაგრძელო და უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე. საქართველოს ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ სტადიონზე მოსული გულშემატკივრები და გუნდში არსებული ატმოსფერო ამ სირთულეების გადალახვაში მეხმარება.

 

ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩის შემდეგ „ლევანტეში“ გაოცებულები დარჩნენ, რამდენი გულშემატკივარი მოვიდა თამაშზე. თქვეს, რომ ძალიან მაგარი სტადიონი გვაქვს და სურვილი აქვთ, „დინამო არენაზე“ ითამაშონ. ახლა მთავარია, კვიპროსთან თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებულები.

 

ბევრ ფეხბურთელთან ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, მათთან ურთიერთობა ადრეც მქონდა და ადაპტაცია არ გამჭირვებია. საქართველოს ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელში მღელვარებას იწვევს. ვფიქრობ, გვაქვს იმის პროფესიონალიზმი, რომ ეს მღელვარება დავძლიოთ და კარგად ვითამაშოთ“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.

 

საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

big_banner
არქივი