logo_geo
დავით მაღრაძე: კომბლე ისეთი კაცია, რაღაცნაირი, კომბლებს ინახავს...
- +

6 დეკემბერი. 2016. 13:15



ქართველი საზოგადოება, როგორც წესი, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებს აქტიურად ადევნებს თვალს და შემდეგ, მათი განსჯის საგანიც ხდება. ბოლო დღეებში არსებული რამდენიმე აქტუალური თემის გარშემო, პოეტი დავით მაღრაძე საუბრობს:


- მიმაჩნია, რომ ამერიკაში არჩეული ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაღრმავდება და უფრო მჭიდრო გახდება ჩვენი ურთიერთობა, პარტნიორობა კი - უფრო სტრატეგიული. ამერიკაში მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, - აშკარა გახდა, რომ ამ ქვეყანას მართლაც ხალხის არჩევანი მართავს და ვერავითარი პოლიტკონიუნქტურის დიქტატურა ვერ გაიმარჯებს. ეპოქა, რომელშიც ჩვენ ბოლო ასეული წელი ვიცხოვრეთ, სწორედ პოლიტკონიუნქტურის დიქტატურა იყო, ახლა კი, ეს დამარცხდა...


- ამერიკის ახალ, საკმაოდ ექსცენტრიკულ პრეზიდენტზე რა შეგიძლიათ თქვათ?


- ტრამპი სიცოცხლისუნარიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც ვერ ვიტყვი მის კონკურენტზე. თავისუფლების ფლაგმანი ქვეყანა, ბოლო დროს დინასტიური მმართველობების ასპარეზად გადაიქცა, - დიდი ბუში, პატარა ბუში, საშუალო ბუში, მომცრო ბუში... შემდეგ კი დაიწყო, - ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, შემდეგ მონიკა ლევინსკიც დააპირებდა მგონი კენჭისყრას... არადა, ამერიკა, ყოველთვის თავისუფალი ნების გამოხატვის სახელმწიფო იყო. ახლა კი, ვაჟა-ფშაველას დრო მოდის, მისი ღირებულებების პოლიტიკაში განხორციელების დრო მოდის.


- მათ შორის, ამერიკის პოლიტიკაში?


- დიახ, აქამდე ამ მსოფლიო მასშტაბის გენიოსის მიერ წამოწეული ადამიანური ფასეულობების იგნორი ხდებოდა. ახლა, განვითარებული ქვეყნების საზოგადოება თანდათან უბრუნდება ამ ფასეულობებს, რაც აქამდე უგულებელყოფილი იყო...


- ქართველი საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. როგორ ფიქრობთ, უნდა გადმოსცეს თუ არა, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს?


- ისე კარგად არ ვიცნობ უკრაინელი საზოგადოების განწყობილებას, რომ ზუსტი პროგნოზი გითხრათ, მაგრამ თუ მართლაც მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, ქვეყანასთან უნდა იმეგობროს და არა - რომელიმე ადამიანთან, რომელსაც ყოფილ სამშობლოსთან კონფლიქტი აქვს... რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, მართლა არ ვიცი, მით უფრო, ყოფილი გუბერნატორის პერსპექტივას ვერ ვხედავ...

 

- თქვენც მიგაჩნიათ, რომ კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარე იყო?

 

- არა მგონია, რომ ეს თემა განათლების მინისტრის სააზროვნო ასპარეზი იყოს... იცით, რა მაგონდება? როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ, გადაწყვიტეს, რომ ქართული ლიტერატურა ეგნატე ნინოშვილით უნდა დაწყებულიყო, მანამდე რა განძსაც ვფლობდით, ჰაგიოგრაფია, სხვა ძირითადი ნაწარმოებები, რაზეც დგას ქართული ლიტერატურა, ეს იქნება, „ვეფხისტყაოსანი", დავით გურამიშვილის ნაწარმოებები თუ სხვა, ყველაფრის რევიზია უნდა მომხდარიყო. თუ ქართველ კაცს მოუნდებოდა თავისი ქვეყნის წარსულისთვის, კულტურის ისტორიისთვის თვალის გადავლება, ნინოშვილით უნდა დაეწყო... ასეთი მიდგომა კი სასიკეთო არც ერთი მთავრობისთვის არ ყოფილა.


- თუმცა, საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ცვლილებებია საჭირო...


- „კომბლეს" ზღაპრიდან ვიწყებთ ცვლილებებს, თუ რას ვშვრებით?... საქმე ის არის, რომ ვიღაცებს მოძველებული ძველი ჰგონიათ, პლატონი რადგან ძველად, საუკუნეების წინ ცხოვრობდა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი შეხედულებები მოძველდა... მოდი, პირდაპირ ვიტყვი, - საქართველოში სიკვდილზე მეტად ეშინიათ „გოიმობის" - ოღონდ ვიღაცას ჩამორჩენილი არ ეგონოს. ამ „გოიმობას" განსაკუთრებით ის ხალხი გაურბის, ვისაც ეს რეალურად ემუქრება. ამიტომ მისი აზროვნების მთავარ მიმართულებად ამას აქცევს, რათა ვინმეს არ ეგონოს, მარგინალი და ჩამორჩენილი და მუდმივად იმის მტკიცებაშია, რომ პროგრესი საჭიროა... კომბლე ისეთი კაცია, რაღაცნაირი, კომბლებს ინახავს... შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცებს ზღაპრული სამყარო რეალობაში აერიათ... საერთოდ, მინისტრებმა და მათ შორის - პრემიერ-მინისტრმა იქნებ თავიანთ საქმეზე იფიქრონ, ასე უმჯობესი იქნებ მათთვისაც და ქვეყნისთვისაც... რამდენიმე წლის წინანდელი განათლების სამინისტრო გამახსენდა, - როდესაც რაღაცების შეცვლა და ახალი აზროვნების ჩამოყალიბება უნდოდათ. ის ინერცია და ექო გავიგონე ახლა და იქნებ ჯობდეს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს. მათ მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ ხალხმა ისინი აირჩია?.. მგონი, იციან, რომ ასე არ არის და ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ მიჰბაძავენ ბოლშევიკებს და ნუ შეეცდებიან ახალი ეპოქების გამოგონებას.




ლალი პაპასკირი

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი