logo_geo
გოგა ხაინდრავა ბურჭულაძეზე: რა სასჯელი შეიძლება მიესაჯოს იმაზე მეტი, რასაც საზოგადოება მიუსჯის?!
- +

13 სექტემბერი. 2017. 14:56

 

 

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბარში პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან" დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე ისაუბრა. ხაინდრავას შეფასებით, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას დაემართოს.


- იმ ყველაფრის მერე, რაც ვნახეთ, ადამიანს სიცოცხლე აღარ მოგინდება. რაღაც ფასეულობები ხომ უნდა იყოს ამ ქვეყანაზე, რაც ურყვნელი დარჩება?! მაგრამ, ეტყობა, გადაგვარებულმა, საბჭოთა წყობილებიდან მოსულმა აზროვნებამ, დაუოკებელმა ლტოლვამ პირადი გამდიდრებისკენ ყველა გზით - პოლიტიკა იქნება, ხელოვნება თუ ქველმოქმედება, აქამდე მიგვიყვანა... ამაზე მეტი სირცხვილი ადამიანს, თუნდაც ფონდს, რა უნდა დაემართოს, არ ვიცი. ხელით სატარებელი კაცი, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობდა, ყველაზე სამარცხვინო ადამიანის მანტიაში მოგვევლინა. ის, რაც ჩემი თვალით ვნახე, იმდენად სამარცხვინო და გამაოგნებელია, ყველა უნდა დავფიქრდეთ ალბათ და მივეჩვიოთ იმას, რომ ცხოვრება არ არის მარტო ზედაპირული მხარე, მას თავისი სიღრმეები აქვს და ადამიანები უნდა შეფასდნენ იმით, რას აკეთებენ.


მე ამ კაცს, პაატა ბურჭულაძეს (იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ვნახეთ, თუ შეიძლება კაცი ეწოდოს) ბავშვობიდან ვიცნობ. საერთო მეგობრები გვყავდა, ხანდახან ერთად ვისვენებდით... ამ სიუჟეტის ნახვის მერე მინდოდა, რომ მიწა გამსკდომოდა. ფულს რომ თავი დავანებოთ, ადამიანობის ნასახი, თავმოყვარეობა, ღმერთი, შვილი, რაღაც ხომ უნდა იყოს... ამას რომ აკეთებ ადამიანი, სახლში რომ ბრუნდები, შვილებს თვალებში როგორ უყურებ საერთოდ, მაინტერესებს! ეს არის სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი კატასტროფა. ეს ამბავი ქართველ საზოგადოებაში წყალბადის ბომბივით გასკდება. ჩემთვის საამაყო იყო, რომ არსებობს ადამიანი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და თურმე... ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას დაემართოს.


 

- ჟურნალისტებთან საუბარზე ფონდის წარმომადგენლები უარს აცხადებენ... ეს ხომ არ აღვივებს ეჭვს, რომ საქმე უფრო სერიოზულად არის?


- მანდ საეჭვო რა არის?! ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო... ჩვენ კადრები ვნახეთ... ამის შემდეგ რა პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას?! არის კითხვები, რომელსაც ვერსად გაექცევი. ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა იმდენივე რომ იქნება, რაც ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ხელფასის სახით აქვს აღებული, რა ქველმოქმედებაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? კომპეტენტური ორგანოები დაინტერესდებიან ალბათ და ყველაფერს დაადგენენ, მაგრამ მე ეს არ მინდა... ჩემთვის ის ბავშვები, ის ქალი და სახლები საკმარისია, რაც ვნახე... ასეთი რამ აზრად როგორ უნდა მოგივიდეს, რომ შეიძლება ადამიანმა იმ პირობებში იცხოვროს, რასაც სთავაზობდნენ, ეს ხომ ადამიანის ხელმეორედ გათელვაა. ის უსახლკაროდ დარჩა და შენ ბოსელში მიგყავს, სადაც პირუტყვიც კი არ გაჩერდება? ამისთვის მართავ ტაშ-ფანდურას? არ ვიცი, რა პასუხი უნდა გავცეთ მათ, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობდა - მონსერატ კაბალიეს და სხვა მაღალი ხელოვნების წარმომადგენლებს. ვაჟბატონი ბურჭულაძე პოლიტიკაში შემოვიდა და სწორედ ეს არის ის პოლიტიკური წუმპე, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია. გაჯერებული პატივმოყვარეობის გაუთავებელი ჟინით, რომელმაც საზოგადოების ზნეობა მთლიანად წალეკა. სამშობლოს თელავენ დასავლეთიდან თუ ჩრდილოეთიდან აღებულ ორ კაპიკად! ხალხისადმი მსახურება აზრადაც არავის ჰქონია ამ ვაჟბატონის ჩათვლით. ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა ნახოს, არ შეიძლება მხოლოდ სოციალურ ქსელში დარჩეს! ეს არის ბოროტი მასკარადი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს ისევე, როგორც ფაშიზმი ნახა მთელმა გერმანიამ! უნდა შეფასდეს ისევე, როგორც უნდა შეფასდეს ის ბოროტება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენდა. შეიძლება, რომ იმათი ამფსონები, რომლებიც ადამიანებს აუპატიურებდნენ ციხეში, პოლიტიკურ პარტიად იწოდებოდნენ? ბურჭულაძეს და სააკაშვილს ხომ ერთი ბუნება აქვთ?! ერთი ფესვიდან იყვნენ გამოსულები. ეს ხომ მთელმა საზოგადოებამ იცის, მიუხედავად ამისა, მხარდამჭერებიც ჰყავდა... სანამ ამ ყველაფერს არ მივხვდებით, რომ საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება ნებისმიერი გზით დამღუპველია, პირველ რიგში, შენი მომავლისთვის, შვილებისთვის, ქვეყნისთვის, მანამდე იმ წუმპეში, სირცხვილსა და სიბნელეში ვიქნებით, რომელშიც დღეს ვართ.



- თქვენი აზრით, უნდა დაინტერესდნენ თუ არა საგამოძიებო სამსახურები ამ ფაქტით და ზოგადად, აღნიშნული მაგალითის გათვალისწინებით, სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს თუ არა მსგავსი საქველმოქმედო ფონდები?


- საქველმოქმედო ფონდი თავისთავად გულისხმობს გამჭირვალობას. ამ გამჭვირვალობის დახურვის ნებისმიერი მცდელობა ნიშნავს, რომ კანონის წინააღმდეგ მიდიხარ, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. დახურული ფონდებიც არის, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ ამ შემთხვევაში რაღაც სიბნელესთან გვაქვს საქმე. „იავნანას" რომ დაარქმევ და ბავშვებთან ურთიერთობა რომ გექნება, იქ დასამალი რა უნდა გქონდეს?! ინკასაცია ბანკში რატომ არ კეთდებოდა? ადამიანი, რომელიც საკუთარ ღირსებას პატივს სცემს, პირველ რიგში, თვითონ იქნება დაინტერესებული, რომ ყველა თეთრი, რომელიც საზოგადოების ჯიბიდან მოდის, საქველმოქმედო საქმიანობაში იყოს გათვლილი, რომ ღმერთმა დაიფაროს და რამე ჩრდილი არ მიაყენოს საკუთარ სახელსა და ღირსებას. ისე, ვფიქრობ, რომ თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, იმაზე მეტი სასჯელი, რასაც ზნეობა და მორალი გამოუტანს, რომელ სისხლის სამართალში შეიძლება იყოს მსგავსი მუხლი?! რა სასჯელი შეიძლება მიესაჯოს იმაზე მეტი, რასაც საზოგადოება მიუსჯის?!


 

 

 

 

 









 

big_banner
არქივი