logo_geo
ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან
- +

8 დეკემბერი. 2016. 12:48



დევიდ ჰერცენჰორნის (POLITICO) ინტერვიუ კვირიკაშვილთან, რომელსაც სურს, რომ მისმა ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიაღწიოს.


- რა არის თქვენი ჩამოსვლის მიზანი?


- არჩევნების შემდეგ, ეს არის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ. სიმბოლურია, რომ პირველი ვიზიტი სწორედ ევროპის დედაქალაქში იმართება, რაც ხაზს უსვამს ევროინტეგრაციის, როგორც საქართველოს სტრატეგიული მიზნის, მნიშვნელობას.


- ასრულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს, განსაკუთრებით, საქართველოს მხრიდან დასავლეთთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით?


- თუ ვიზების ლიბერალიზაციას გულისხმობთ ეს საკითხი როგორღაც შეფერხდა ევროპულ ინსტიტუტებს შორის. ვიზების ლიბერალიზაციას აქვს უზარმაზარი გარდამქმნელი ძალა, რომელიც ამოძრავებს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესს. გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი წარმატებით გადაწყდება.


- რას ფიქრობთ ესტონეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით? ასახავს თუ არა ისინი კურსის შეცვლას რუსეთის მიმართულებით?


- არჩევნებიდან არ გასულა საკმარისი დრო იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ, იხრებიან თუ არა ეს ქვეყნები მოსკოვისკენ. ჩემი აზრით, უბრალოდ უნდა დაველოდოთ მათ შემდგომ ნაბიჯებს.


- მსგავსი ვარაუდები რუსეთისკენ კურსის შეცვლის შესახებ გამოითქვა 2012 წელს, როდესაც თქვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში.


- ეს ვარაუდები, თითქოს „ქართული ოცნება" არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც ჩვენი წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის. რით განვსხვავდებით ჩვენ? იმით, რომ ჩვენ უფრო პრაგმატული ვართ და ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის დეესკალაციას. და რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ უზრუნველვყოთ სათანადო სტაბილურობა რეგიონში, პირველ რიგში, ვიყოთ თანამიმდევრული დასავლეთთან, ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, შევქმნათ ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი სტაბილურობა. რასაკვირველია, ჩვენ გვინდა ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.


-  მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონი საქართველოში) ოკუპაციას, ხოლო სასაზღვრო ხაზი, როგორც ჩანს, დღესაც მიიწევს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში.


- ჩვენ ვთვლით, რომ თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმების ხელმოწერით ხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი შთანთქმა რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და ბიუროკრატიული სივრცის მიერ. რასაკვირველია, ეს ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში. მიუხედავად ამისა, ჩვენ განუხრელად ვაგრძელებთ ჩვენი პრაგმატული დეესკალაციის პოლიტიკის გატარებას, რადგან ვაცნობიერებთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა. ეს ძალიან რთული საკითხია.

 


პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 


 

big_banner
არქივი