logo_geo
ანზორ თოთაძე: ვაითუ, საქართველო ქართველებისგან დაცარიელდეს...
- +

10 დეკემბერი. 2016. 13:09



„საქართველო დიდი გამოცდის - სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემის წინაშე დგას და, არ მესმის, როგორ შეიძლება ერმა ასე გულდამშვიდებით უყუროს ამ განსაცდელს?!" - აღნიშნა საუბრის დასაწყისში ჩვენმა რესპონდენტმა - პროფესორმა და დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ. მისი თქმით, დიდია შანსი, რომ საქართველო ქართველების გარეშე დარჩეს და დღეს ყველაზე დიდი ეროვნული სატკივარი სწორედ ეს არის.


მოგეხსენებათ, 2010 წელს გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა საქართველოში დემოგრაფიული კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგები საგანგაშოა: საქართველოს 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება - ქვეყნის მოსახლეობა 28%-ით, ანუ 1 700 000 კაცით შემცირდება.


- ბატონო ანზორ, ფაქტებით და რიცხვებით რომ ვისაუბროთ, როდის ჩატარდა მოსახლეობის ბოლო აღწერა და რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მაშინ საქართველოში?

 

- 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 კაცი შეადგინა და წინა, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 657 731 კაცით არის შემცირებული. მოსახლეობის რაოდენობა, თბილისის გარდა, ყველა რეგიონში შემცირდა. ასე თუ გაგრძელდა, 30 წელიწადში და შეიძლება უფრო ადრეც, ჩვენი რეგიონები მოსახლეობისგან დაიცლება. წარმოიდგინეთ, 2002 წელს საქართველოში 28 დიდი სოფელი აღირიცხა, რომელთა მოსახლეობა ცალ-ცალკე აღებული 5 ათას კაცს ჭარბობდა, ამჟამად კი, ასეთი სოფლების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. 


- ამ ვითარების ფონზე, საინტერესოა, როგორი სიტუაციაა კავკასიის რეგიონში?

 

- მთელ კავკასიაში მოსახლეობის ზრდის ტემპი, მხოლოდ საქართველოშია საგრძნობლად დაბალი. წარმოიდგინეთ, თუ 1965 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ცალკეულ წლებში 300-350 ათასით მეტი იყო აზერბაიჯანის მოსახლეობაზე, 1965 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსახლეობა გათანაბრდა და 2015 წელს, სულ რაღაც, 50 წლის შემდეგ, აზერბაიჯანის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობას 5,8 მილიონით ჭარბობდა. ასე თუ გაგრძელდა დემოგრაფიული პროცესები, 2050 წლისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობის წილი, სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება და შეიძლება სამხრეთ კავკასია მონოეთნიკური რეგიონიც გახდეს. საქართველო დიდი გამოცდის - სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემის წინაშე დგას!  


- ბატონო ანზორ, ნუთუ ეს ყველაფერი არ იცის ხელისუფლებამ?

 

- ხელისუფლებამ ყველაფერი კარგად იცის და სამართლიანობისთვის, მინდა აღვნიშნო „ქართული ოცნების" ძალიან დიდი წვლილი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების მიმართულებით.


ხელისუფლება თუ ეროვნული არ არის, ის დემოგრაფიულ საკითხებს ყურადღებას არ მიაქცევს, რადგან მისი პოლიტიკის შედეგებს სხვა ხელისუფლება მოიმკის. დღევანდელი ხელისუფლება მართლაც ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით, რასაც ვერ ვიტყოდი „ნაციონალურ მოძრაობაზე". მათი მმართველობის დროს, 30 ათასამდე პატიმრისა და თითქმის 350 ათასი პრობაციონერის არსებობის შედეგად, მიახლოებითი გაანგარიშებით, 40 ათასი ბავშვით ნაკლები დაიბადა, ანუ თითქმის იმდენი, რამდენიც ერთი წლის განმავლობაში იბადება ქვეყანაში.


- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ" დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად?

 

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებაში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და პირადად დიმიტრი ხუნდაძეს, უდიდესი წვლილი მიუძღვის. ხელისუფლებამ კი, 2013 წლიდან მოყოლებული, დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და 11 ინიციატივა განახორციელა, ესენია: მშობიარობის დაფინანსება; დეკრეტული შვებულების ვადისა და ანაზღაურების გაზრდა; ორსულთათვის უფასო სამედიცინო კონსულტაცის დაწესება; აიკრძალა სელექციური აბორტები; მე-3 და შემდგომ ახალშობილზე გაიცა ფულადი დახმარება და ა.შ. ცხადია, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, რადგან მთელი ერის ძალისხმევამ უნდა მოიტანოს სასურველი შედეგი. მასმედიის ჩართულობა კი ამ პროცესში აუცილებელია, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ.


­- როგორ ფიქრობთ, რა წვლილი მიუძღვის მასმედიას დემოგრაფიულ საკითხებში?

 

- პირველ რიგში, მასმედიამ უნდა წამოსწიოს წინ დემოგრაფიული პრობლემები. გაზეთები ზოგჯერ წამოიკნავლებენ ხოლმე, მაგრამ ტელევიზიები დემოგრაფიულ საკითხს საერთოდ არ აშუქებენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს, რომელიც საკუთარ თავს გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას უწოდებს, დემოგრაფიული პრობლემები არასდროს წამოუწევია. „რუსთავი 2"-მა ახალგაზრდობა წაგვართვა და სხვადასხვა შოუებით მათში ქართული მენტალიტეტი მოსპო.


ყველაზე მძიმე ეროვნული სატკივარი, რაც კი ქართველ ხალხს გააჩნია, დემოგრაფიული პრობლემებია. წარმოიდგინეთ, მომდევნო 25 წელი თუ ისე გაგრძელდა, როგორც გასული 25 წელი იყო, საქართველოში, ქართველებით დასახლებული რეგიონები, ფაქტობრივად, გაუკაცრიელდება. ასეთი სავალალო რეალობის წინაშე ვდგავართ და როგორ შეიძლება, ამ მიმართულებით მასმედია არაფერს აკეთებდეს?!


- ბატონო ანზორ, გარდა იმისა, რომ საზოგადოების ყველა სფერო უნდა ჩაერთოს პრობლემის აღმოსაფხვრელად, კიდევ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ქვეყანაში?


- ამჟამად, ვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია, პირველ ჯერზე შევანელოთ უარყოფითი დემოგრაფიული პროცესები და შემდეგ მოსახლეობის გამრავლებაზე ვიზრუნოთ. აუცილებლად უნდა გავატაროთ შობადობის წახალისების და ამაღლების აქტიური პოლიტიკა და სამშვილიანი ოჯახი ჩვენი ცხოვრების ნორმა უნდა გახდეს.


- არ შემიძლია არ გკითხოთ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლის ნება დართეს, როგორ გავლენას მოახდენს ეს დემოგრაფიულ პროცესებზე?

 

- ამ ვიზა-ლიბერალიზაციის ძალიან მეშინია. ვაითუ, დაცარიელდეს მთლიანად ქვეყანა. მეშინია, საქართველო ქართველებისგან არ დაცარიელდეს და ისე არ მოხდეს, როგორც გალაკტიონი ამბობს ერთ თავის ლექსში: „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული".





 

 

big_banner
არქივი