logo_geo
მერაბ გეგეჭკორი: ეს ერთგვარი სამოთხეა ჩემთვის... ბედნიერი ვარ იმით, რაც გამაჩნია
- +

12 დეკემბერი. 2016. 17:56



ყოველთვის ხალისიანმა, იუმორით სავსე მსახიობმა და პაროდისტმა - მერაბ გეგეჭკორმა საკუთარი ნიჭითა და ძლიერი ბუნებით შეძლო გადაელახა ის მძიმე პერიოდი, რომელიც მშობლების გარდაცვალებას მოჰყვა.


„ერთი რუსი მწერალი წერს: ბევრი არაფერი გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, ძალიან მიყვარსო, ასე ვარ მეც, მადლობელი ვარ ყველაფერ იმით, რაც დღეს მაქვს", -  ამბობს მსახიობი ჩვენთან საუბრისას. ბავშვობაზე, სიმარტოვის დაძლევასა და ოჯახზე პაროდისტი მერაბ გეგეჭკორი „ქართულ აზრს" ესაუბრა.


- მერაბ, თავდაპირველად გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე.

 

- მეც, რა თქმა უნდა, ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ, თავისი სიკეთითა და ყოველდღიური განცდებით, ხანდახან არც მთლად კარგით, თუმცა ძირითადად ბავშვობა მაინც კარგია. რა სირთულეების პერიოდშიც არ უნდა ცხოვრობდეს ბავშვი, ბავშვური ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერს მსუბუქად უყურებს, მეც ასეთი ვიყავი. სამწუხაროდ, მშობლები ადრე დამეღუპნენ, მაგრამ ცხოვრება მაინც თავის კალაპოტში ჩადგა და ვცხოვრობდი ისე, როგორც სხვები. ჩემს ბავშვობაში ერთი უცნაური რამ იყო, გვიხაროდა, როდესაც საშუალება გვქონდა, გვენახა სპექტაკლი, გვეყურებინა კინოსთვის, არ იყო ისეთი ჭარბი ინფორმაცია, როგორიც დღესაა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემს ბავშვობაში უფრო მეტი სიხარული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ შაბათობითაც ვსწავლობდით, კვირა დღეს ყველაფერი უნდა მოგვესწრო. შაბათს, დღის მეორე ნახევრიდან თავისუფლების განცდა იწყებოდა. არდადეგებზე დავდიოდით ბანაკებში, შეკრებებზე და ვისაც რისი ნიჭი გვქონდა, ვამჟღავნებდით, მე, უმეტეს შემთხვევაში, დრამწრეში გამოვირჩეოდი, ვაშარჟებდი მასწავლებლებს. ასევე, დავდიოდით „შატალოებზე", ერთხელ, მახსოვს, კინოში წავედით და შესასვლელთან დამრიგებელს გადავეყარეთ, ისეთი ამბები ატყდა, კლასის დაშლას აპირებდნენ.


- ის ეტაპი გაიხსენეთ, როდესაც მშობლები გარდაგეცვალნენ და სრულიად მარტო დარჩით.

 

- ჩემში 2 ახალი განცდა დაიბადა, ერთი იყო სრული თავისუფლების და მეორე სრული მარტოობის, როდესაც არავინაა გამკითხავი. ორივე ერთმანეთს აბალანსებდა. სრული მარტოობის განცდა თუ დამძლევდა, მახსენდებოდა, რომ შემეძლო, დამოუკიდებლად მიმეღო გადაწყვეტილება, არავისთვის მეკითხა არაფერი, ვყოფილიყავი პასუხისმგებელი ჩემს ქცევებზე. მაშინ ყველაზე მთავარი იყო, მარტო არ დავრჩენილიყავი, ამიტომაც მოვძებნე ასეთი საშუალება - სამსახურები, სულ ვმუშაობდი და სულ სხვადასხვა ადგილას, ხან მეწაღე ვიყავი, ხან დარაჯი, ხან სტამბაში ვმუშაობდი, ყველგან, სადაც შემეძლო, ამით საზოგადოებასთან ვურთიერთობდი. ამ განცდებით გავიარე ცხოვრება. ერთხელ დარაჯად ვმუშაობდი და მომიჯნავე დარაჯმა, როდესაც გაიგო, რომ სრულიად მარტო ვიყავი, მითხრა, წადი ამ სამსახურიდან, მარტოობას არ შეეჩვიო და ხალხს არ გადაეჩვიოო. დღემდე არ ვიცი ვინაა ეს ადამიანი, თუმცა ჩემთვის უსახელო ფილოსოფოსია. მაშინ საომარი დრო იყო, ყველა თავის საბუდარში იკეტებოდა, არავის ეცალა სხვისთვის, ისე გამოვიდა, რომ ქვეყანასა და ჩემს თავზე უბედურება ერთდროულად ტრიალებდა, როდესაც ქვეყანაში შედარებით დალაგდა სიტუაცია, ჩემს თავზეც გამოანათა და მოვიდა პროექტები: „დიდების ზღაპარი", „იუმორინა", პაროდიები.


- სამსახურებზე საუბრობდით და, მერაბის შეკერილი ტუფლებით მთელი რუსეთი დადიოდაო, რა შეგიძლია ამაზე გვითხრათ?

 

- ჩემი მეწაღეობის რა ვთქვა, მაგრამ ღია ფერის ფეხსაცმლის შეღებვა განიზრახეს და რაღაც ქიმიური მასალებით ეს ლამაზი, ბანტიანი ქალის ფეხსაცმელი შევღებეთ იასამნისფრად, მაშინ იშვიათი იყო ასეთი ფერი, თან ისეთი ლამაზი იყო, ნაღდი იტალიური ნაწარმი გეგონებოდა. გაგვქონდა ეს ფეხსაცმელები სოჭაში, „ნივით" დავდიოდით, მეგობარს დავყავდი, ის უძღვებოდა საქმეს, 25 მანეთად ვყიდდით. უხარისხო ფეხსაცმელი იყო, ვაღიარებ, წვიმა დაიწყებოდა თუ არა, ვკეტავდით დახლს და სხვა ქალაქში მივდიოდით, ერთხელ თუ დასველდებოდა ფეხსაცმელი, ისეთ ფერს იღებდა, ვერ გაარკვევდი. ბოლოს უკვე მანქანასაც ცნობდნენ, სხვა მანქანით დავდიოდით, მაგრამ ხვდებოდნენ, აფერისტები რომ ვიყავით. (იცინის)


- „იუმორინაში" როგორ აღმოჩნდით?

 

- როგორც სხვები, ნიჭიერი კაცი დამინახეს და დამიძახეს, შევთანხმდით რაღაცებზე, ერთი პაროდია უნდა მომეზადებინა და ასე უნდა გამოვსულიყავი, ამ დროს „დიდების ზღაპარში" ვიყავი. ჯემალ ბაღაშვილმა ყველაფერი ესტრადაზე გადაიტანა და ეს უფრო რთული აღმოჩნდა. როდესაც აუდიტორიის წინაშე ხარ, სულ სხვა უნარებია საჭირო, მაგალითად, სითამამე. სცენაზე რომ გავდივარ, რამდენიმე წამი დღესაც კი მიჭირს, სრული კრძალვა მაქვს ხალხისა და სცენის მიმართ. თუ რამე არის დღეს მერაბ გეგეჭკორის მიერ შექმნილი, ეს ყველაფერი ჯემალ ბაღაშვილისა და „იუმორინას" დამსახურებაა, ამ პროექტმა რეალიზაციის საშუალება მომცა.


- ოჯახის შესახებ გვიამბეთ, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

 

- ჩემი მეუღლე მანანა გაბრიჭიძე სატელევიზიო სკოლა-სტუდია „ინკოგნიტოს" ხელმძღვანელობდა, ერთხელ ცუცა კაპანაძემ დამირეკა, საბავშვო გადაცემაში გიწვევენ, ბავშვები არიან და კითხვებს დაგისვამენო. ვერ მივედი ერთხელ, ორჯერ და მერე რომ მივედი, ვეღარც წამოვედი, იმდენად, რომ გავხდი მანანას მეუღლე. აგერ უკვე მეთორმეტე წელია, ერთად ვართ, 2 შვილის მშობლები ვართ. მე საერთოდ, სულ მგონია, რომ შვილი ჩემთან ისე ახლოსაა, როგორც გულის ცემა და სუნთქვა, ამ რანგში გამყავს ბავშვები. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მახსოვს, რომ ჩემი ხელდასხმით შემქმნილი სოცოცხლეები არიან. ის, რომ მე უფალმა ჩემი ოჯახის პატრონად მაქცია, მომცა შესაძლებლობა, რომ ვიყო შვილების მამა და მეუღლე ჩემი მეუღლისა, უდიდესი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს ერთგვარი სამოთხეა ჩემთვის.


- ბოლოს, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც თქვენ გამოიარეთ, საინტერესო იქნება, რას ურჩევდით ყველა იმ ადამიანს, ვისაც პრობლემებთან ბრძოლა უწევს.

 

- იცი რა, ვერაფერს ვერ ვურჩევ. თუ ბავშვს ემართება ის, რაც მე დამემართა, თავად ბავშვობა გადაარჩენს მას. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ იმედი არ დაკარგონ და სწამდეთ უფალი.




 

right_banner big_banner
არქივი