logo_geo
გიო ხუციშვილი: ამ ქუდსაც მოვიხსნი და ჯოხსაც გადავაგდებ! ყველას ჰგონია იმიჯის ამბავია, მაგრამ...
- +

2 ნოემბერი. 2017. 14:19



მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიო ხუციშვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა. მომღერალი მკურნალობის პროცესშია და მომავალს იმედიანად უყურებს...


მას ახალი იმიჯი აქვს, ქუდი, რომლითაც ამ ბოლო დროს სულ დადის, დასჭირდა, მაგრამ ყველას მოსწონს და თავად გიომაც კარგად მოირგო. ჯერჯერობით ხელჯოხით გადაადგილდება, თუმცა იმედოვნებს, რომ მალე „მისი დახმარება" აღარ იქნება საჭირო.


ახლახან თბილისის საკრებულომ მომღერალი ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვა. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.


გიო ხუციშვილი: წელს საკრებულომ დამაჯილდოვა, ძალიან ლამაზი ხოხობია, ბრინჯაოსი, ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ეს საამაყო ჯილდოა. ამდენი წელია, ქართულ სიმღერას ვმღერი და ძალიან მიყვარს. ეს მხოლოდ ჩემი ჯილდო არ იყო, ბევრი ქართველი მომღერალი გვყავს, ვინც ქართულ სიმღერას გემრიელად ასრულებს, კარგი დღე იყო, რომ მათ შორის მე გამომარჩიეს.


- ძალიან დიდი ხანია, მღერით, როგორ ინარჩუნებთ პოპულარობას?


- ვფიქრობ, ნამდვილს ვმღერი, გულიდან ამოსულს და არა მოგონილ სიმღერებს, ცოტა ხანში რომ არავის ახსოვს. „ნუ ფრთხიალებ, ჩემო ჩიტო" ან ჩემი და ნატოს „აყვავდება, როცა ნუში" რომ მახსენდება, რომლებმაც ამდენ წელს გაუძლო და კიდევ აქტუალური და პოპულარულია, ეს ძალიან სასიამოვნოა. ყველა თაობა მოდის ჩემს კონცერტებზე და ეს ძალიან მახარებს. დროს ვყვები, არანჟირებით, ახალი რიტმით ძველ ქართულ სიმღერებზე... თავად კომპოზიტორებსაც უხარიათ. ფაქიზი თემაა აზარაშვილის, მაცაცო სებისკვერაძის თუ ნუნუ დუღაშვილის სიმღერების ახლებურად გაკეთება... მაცაცომაც დამირეკა და ნუნუმაც მითხრა, ბევრი გააახლე და მოდი, ეს სიმღერაც გავაკეთოთო. მათი ნამუშევრები კლასიკაა, ამიტომ ხშირად ვსხედვართ მე და ზურაბ მახნიაშვილი და ვფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ახალი არანჟირებები.

ჯერ „გიო და ბიჭები" მქონდა პროექტი, სანოსთან ერთად, გაამართლა, ახლა მე და ზურა მახნიაშვილი ვართ, ასევე მიშა ჩეკურიშვილი, ბაბი კირკიტაძეც იყო ჩვენთან ერთად, მაგრამ ბევრ ადგილასაა და ვეღარ ახერხებს, ამიტომ ის ელენე ვახანიამ ჩაანაცვლა, ძალიან ნიჭიერმა გოგონამ, ის კლავიშზეც კარგად უკრავს, ახალ პროგრამას ვაკეთებთ. ჩვენი ექსპერიმენტები ქართული სულითაა გაჯერებული. ჩვენი კომპოზიტორების ნამუშევრებში თავის დროზე იმდენი ჯაზი და როკი და საინტერესო აკორდია ჩადებული, რომ მათი ახლებურად გაკეთება ძალიან კარგადაა შესაძლებელი. ძველ თაობასაც მოსწონს და ახალსაც, ტემპის გამო... ცხოვრებას ისეთი რიტმი მოაქვს, თუ არ აცეკვდი, ფეხზე არ ადექი, ვეღარ უსმენ ამ ყველაფერს, ასე რომ, ჩვენც მივყვებით ამ ტემპს. ახალგაზრდებს შეუძლიათ, გაიხსენონ ძველი სიმღერები, ქართულად იმღერონ და ამაზე გაერთონ.

 

- თქვენს შვილებს აქვთ ჩართული მანქანაში თქვენი სიმღერები?


- რა თქმა უნდა (იღიმის). მალე გვექნება ახალი ალბომის პრეზენტაცია, შესაძლოა, კლიპიც მოვასწროთ. ყველა მეხვეწება, ჩაგვიწერე ახალი სიმღერებიო და არავის ვუწერ დისკის გამოსვლამდე (იცინის). ამ ალბომში თავმოყრილი იქნება 12 კომპოზიცია, მათ შორის აზარაშვილის, ცაბაძის სიმღერები, ასევე თემო რცხილაძის რუსული კომპოზიციები, ესპანურიც - გადმოქართულებული, ნათია ზეინკლიშვილის რუსული სიმღერაც შევიტანეთ. კონცერტსაც გავაკეთებთ და ხალხსაც ვაჩვენებთ, რომ კიდევ ვმუშაობთ. სანამ ვიქნებით, ასაკში კი შევდივართ, მაგრამ იმავენაირი შემართებით ვიმუშავებთ, როგორც 30 წლის წინ (იღიმის).


- როდის ხვდებით, რომ რაღაც პროექტმა დრო ამოწურა და ახალი უნდა გააკეთოთ?


- რაღაცნაირად ვხვდები, რომ უკვე ახლის გაკეთების დროა. რომანსები მაინც ყოველთვის აქტუალურია, ვგრძნობ, რომ ხალხს ესეც უნდა, ბოლომდე არ ვამთავრებ და რაღაცას სულ ვიტოვებ, მაგრამ ვხვდები, რომ აუცილებელია განახლება, დამატება, ახალგაზრდებთან ურთიერთობა და დუეტები მათთან. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ, წინ არიან, სიახლეების კუთხით, სულ მაინტერესებს მათი აზრი. ამდენი წელია, ვმღერი, ისინი 2-3- წელი, მაგრამ ძალიან საინტერესოები არიან.


სულ ვამბობ, ესტრადაზე რთულია, შენი სტილი გქონდეს. ბევრი ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ რეპერტუარი არ აქვთ, სხვას ბაძავენ... მე, ირაკლი ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი ერთად გავიზარდეთ... ეს ახალგაზრდებიც იმიტომ უსმენენ მათ, რომ თავისას მღერიან, მამუკა ყბას რომ გამოსწევს და გიტარაზე ჩამოჰკრავს, „ჩემი აღარა ხარ, მორჩა", რაც უნდა კარგად იმღეროს სხვამ, მაინც მამუკას სიმღერად დარჩება. ირაკლისაც ეს ჰქონდა, რადგან მან იმ დროს თავისი ტექსტი, მელოდია დაწერა, თავისი გიტარა და მანერა ჰქონდა. მეც მაქვს ჩემი მანერა, უსწავლელად და უნოტებოდ, ამას მივყვები, რაც უნდა ტემპი მივცე, გიო რომ დაიკარგოს და სხვანაირად იმღეროს, საინტერესო არ იქნება. ყველა ახალგაზრდას ვეუბნები, ნურავის მიბაძავენ. ამიტომაც არის, ამდენი ხანია, რომ მოვდივართ, ნატო, ლელა, მერაბი... მართლა ძალიან მაგარი ახალგაზრდები მოდიან, გემოვნებიანი, მაგარი ხმებით, სცენურობით და მინდა, მათ თავიანთი სათქმელი თქვან.

 

- ქუდზე მინდა გკითხოთ, რომელიც ძალიან გიხდებათ...


- რა ვიცი, ეს ახალი იმიჯია. საერთოდ არ მიფიქრია არც ქუდზე და არც ჯოხზე. ცოტა რთული პერიოდი მქონდა... ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე შემხვდა „თბილისელების" ჟურნალისტი და მას მივეცი ინტერვიუ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ინტერნეტპორტალებზე ისეთი სათაურებით გადაიტანეს, რომ ამაზე საუბარიც აღარ მინდა, „გიო ხუციშვილმა ცხოვრება დაამთავრა" და მსგავსი შინაარსით... ყველას აქვს ცხოვრებაში განსაცდელი, კი, პრობლემატურია, მაგრამ ვიცი, ამასაც მოვერევი. მთელი ცხოვრება ომში ვარ, არა ჯანმრთელობის მხრივ, ზოგადად - ცხოვრებით, მარტო დარჩენით, დედ-მამა ადრე წავიდნენ ამ ცხოვრებიდან... ყველას თავისი პრობლემა აქვს, მაგრამ გადავლახავ, ამ ქუდსაც მოვიხსნი და ჯოხსაც გადავაგდებ. ყველას ჰგონია იმიჯის ამბავი, მაგრამ მართლა დამჭირდა... ესეც დროებითია, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება. სიმღერა, კონცერტები, ადამიანებთან ურთიერთობა სტიმულს მაძლევს და დიდ ენერგიას. ამ ენერგიით ყველაფრის დამარცხება შეიძლება. ნაცნობებისა და უცნობებისგან ძალიან დიდი სიყვარული დავინახე. ამდენი ხალხი რომ შეწუხდა, მივხვდი, რომ არ მაქვს უფლება, ცუდად ვიყო. სტატია რომ დაიწერა, „თბილისელებს" კარგი სათაური ჰქონდა, ჩემმა მეუღლემ, მაიამ მაჩვენა, ხუთი ათასზე მეტი კომენტარი იყო - უცნობები მწერდნენ, აქ ვართ, შენ გვერდითო. კონცერტებზეც უამრავი მსმენელი მოდის. ჩემთვის ეს უდიდესი სტიმულია...


- ძალიან გულაჩუყებული მეჩვენებით...


- სიყვარულს წლების განმავლობაში ბევრი ხალხი მიხსნიდა, მაგრამ ახლა, როცა ფიზიკურად ცოტა ვერ ვარ კარგად, ამხელა სიყვარულის ტალღამ მაჩვენა, რომ თბილისურად, კარგად მივლია. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. ტელეფონზე ისეთმა ხალხმა დამირეკა და მირეკავს, საერთოდ რომ არ ვიცნობ. მთავაზობენ, რამე ხომ არ გჭირდებაო, ვპასუხობ, რომ დარეკვითაც უკვე ძალიან მახარებენ. მომღერლები გვერდით მიდგანან, კონცერტები გავაკეთოთო, მაგრამ მეგობრები მეხმარებიან და არ მიჭირს მკურნალობა. ისევ მირჩევნია, სხვის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტებში მივიღო მონაწილეობა... ახლა უფრო ვხვდები, როგორ სჭირდებათ ადამიანებს თანადგომა. ზოგჯერ გეზარება, მაგრამ რომ დაუფიქრდები, ესაა ის, რაც არასდროს უნდა დაგეზაროს. ცხოვრება თურმე თანადგომაა. მახარებს ამდენი ხალხის გვერდზე ყოფნა. მაქვს მოტივაცია, ბევრი კარგი და ლამაზი რამ გავაკეთო. ვხვდები, რომ უყვართ და მოსწონთ. მზად ვარ, რომ დიდხანს ყველაფერი კარგად იყოს...


- ჯანმრთელობის პრობლემამ კიდევ რისთვის შეგახედათ სხვანაირად?


- ღმერთი შენშია!.. მარტო რომ ხარ კლინიკაში, უცებ გრძნობ, რომ მარტო არ ხარ. ხვდები, რომ რამე თუ დაგიშავებია და ყველა ცოდვილი ვართ, ღმერთმა გაპატია. კარი რომ მოიხურება და მარტო რჩები, უცბად ხვდები, რომ ღმერთს ელაპარაკები...


- სინანულის გრძნობა გაქვთ?


- მთელი ცხოვრება გიჟურად გავატარე და ვატარებ, სინანულის გრძნობა სულ მაქვს, შესაძლოა, ბევრ ხალხს გული დავწყვიტე, მათ შორის ოჯახის წევრებსაც, რადგან წავსულვარ და ერთი თვე არ გამოვჩენილვარ შინ... აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ბევრი რამ მახსენდება. ჩემი ბიჭები რომ ყოფილიყვნენ ჩემთან ერთად, სულ სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა ალბათ... ბევრი ტკივილი გავიარე და უამრავჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. იმდენ ადგილას გადავრჩენილვარ, რომ ამ ავადმყოფობას ნამდვილად მოვერევი!..


- აუცილებლად... ახლა თავს როგორ გრძნობთ?


- კარგად, კარგად, თავს სულ კარგად ვგრძნობ. ეს განსაცდელი ღმერთმა გამომიგზავნა, რადგან გადავლახო და უფრო გავძლიერდე... კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ინტერნეტპორტალებს, შეიძლება, სტატია დაწერო, მაგრამ სათაურის გამო რომ ვიღაცამ წაიკითხოს და დაგილაიქოს, არ ღირს და არ არის ეთიკური. ამას ჩემი ოჯახის წევრებიც კითხულობენ. გიომ რომ ცხოვრება დაამთავრა, ამისი დაწერა უხერხულია მათგან. ყველა ჟურნალისტთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ არ შეიძლება გადამეტება, როცა სერიოზული პრობლემაა.


ყველაფერს მოევლება, ყველაფერი შემართებიდან მოდის, გულიდან და ტვინიდან... მთელი საქართველო გვერდზე დამიდგა, ყველა კუთხე-კუნჭულიდან, მათ შორის, აფხაზეთიდან, ზოგიერთთან გადამტერებულიც ვყოფილვარ... ერთმა გამომიგზავნა ვიდეო, გაგრაში მანქანაში როგორ უსმენენ ჩემს სიმღერას... ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გავა წლები და ერთად ვიქნებით... ეს ძალიან დიდი რამეა ჩემთვის. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, დრო ყველაფრის მკურნალია. მადლობა მათ, ვინც ამ გავლილი ცხოვრებით, ამ ქალაქში სიარულით, გიჟობებით, სიყვარულით, ბოჰემით, მაინც შემიყვარა... მინდა, დავუბრუნო ყველას ის სიყვარული, რაც მათგან მივიღე. სწორედ ამიტომ მინდა, დიდხანს ვიყო ამქვეყნად... ხალხი ისეთი კუთხით დავინახე, ვერც წარმომედგინა, რომ ასე განიცდიდნენ ჩემს ცუდად ყოფნას. სწორად მიცხოვრია...



ნინო მურღულია

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი