logo_geo
თიკო ნიბლოშვილი: მაქსიმალურად დავიხარჯები ყველა იმ საკითხზე, რაც ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს
- +

13 ნოემბერი. 2017. 13:16



თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულო 13 ნოემბრიდან შეუდგება მუშაობას. „ქართული ოცნების" პროპორციული სიის მე-3 ნომერი თიკო ნიბლოშვილი საკრებულოს ერთ-ერთი წევრი იქნება.


„რეპორტიორთან" საუბარში საკრებულოს დეპუტატმა სამომავლო გეგმებსა და თბილისში არსებულ ძირითად პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

- თქვენი აზრით, რა არის თბილისის ძირითადი პრობლემები, რომელიც საკრებულომ უნდა მოაგვაროს?


- ჩემთვის, როგორც ერთი ინდივიდისთვის და საკრებულოს წევრისთვის, პირველი და უმთავრესი საკითხი არის ის, რომ მოვლილი იყოს ქალაქის ყველაზე დიდი განძი - ჩვენი განუმეორებელი ლანდშაფტი. შენარჩუნდეს ქალაქის იერსახე, იდენტობა და ჩვენი განუმეორებელი ხედები. თბილისში, ბუნებრივია, მხოლოდ ეს პრობლემა არ არის და ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, გადაადგილების პრობლემა მწვავედ დგას. ჩვენი მოქალაქეები იძულებულები არიან, რომ ქალაქში არსებული ქაოსის მონაწილეები გახდნენ.


ქალაქის განვითარების თანამედროვე ხედვა ზოგადად, არის პროპორციის დაცვა, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაპოპულარულება და მისთვის პრიორიტეტის მინიჭება. ჩემთვის, ძირითადი პრობლემები, რაც ქალაქში დგას და რაც დაუყოვნებლივ გადასაჭრელია ეს არის ჩვენი განუმეორებელი ლანდშაფტის შენარჩუნება და გადაადგილების პრობლემა, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი ოჯახის წევრები და მათ შორის ჩვენც. გარდა ამისა, არის ეკოლოგიური პრობლემები და ა.შ.


- კონკრეტული ხედვა თუ გაქვთ, რის გაკეთებას აპირებთ?


- საზოგადოებამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს კარგად დაინახა ქალაქ თბილისის ახალი მერის კახი კალაძის კონკრეტული ხედვები და პოლიტიკა ქალაქში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დავიხარჯები ყველა იმ საკითხზე, რაც ქალაქის ურბანულ განვითარებას, ეკოპოლიტიკას, სატრანსპორტო პოლიტიკას და ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხება, რაც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, მზად ვარ, ყველა იმ საკითხში მაქსიმალურად დავიხარჯო, რომელიც ჩვენს ქალაქს გახდის სიცოცხლით სავსეს, უკეთესს და მიმზიდველს როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. და რაც მთავარია კომფორტულს, რადგან ქალაქში ცხოვრება უნდა იყოს კომფორტული, მიმზიდველი და სასიამოვნო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.


- კონკრეტულად, რომელ სფეროში ხედავთ თქვენს თავს?


- პროფესიით იურისტი ვარ, სამართალმცოდნე, ამჟამად ვარ დოქტორანტი და ვმუშაობ ადამიანის უფლებების მიმართულებით. შესაბამისად, სწორედ ამ სფეროში ვხედავ საკუთარ თავს, რათა ჩემი დაგროვებული ცოდნა, რაც ამ წლების განმავლობაში შევიძინე, ამ სფეროში გამოვიყენო.

 

- როგორია თქვენი ბექგრაუნდი და როგორ ფიქრობთ, თქვენი წარსული გამოცდილება დაგეხმარებათ თუ არა სამომავლოდ საკრებულოში მუშაობაში?


- როგორც აღვნიშნე, პროფესიით ვარ სამართალმცოდნე. ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში, მაქვს პარტიული მუშაობის გამოცდილებაც და ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიული გამოცდილება აუცილებლად დამეხმარება იმაში, რომ ვიყო კომპეტენტური და ღირსეული წარმომადგენელი ქალაქ თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოში.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი