logo_geo
„მალე ბაბუა გავხდები“ - დავით ოქიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირად საკითხებზე
- +

14 ნოემბერი. 2017. 18:22


 

„ამ ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რადგან ყოველთვის გვერდში მიდგას. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში... ჩემი ოჯახის წევრებს საზოგადოება არ იცნობს, რადგან მათ არ უყვართ გამოჩენა"... - ამბობს დავით ოქიტაშვილი, რომელიც თავის მშობლებზე, მეუღლეზე და ოჯახურ იდილიაზე გულახდილად საუბრობს...


- დედაჩემი ბუხუტი დარახველიძესთან ერთად ცეკვავდა, ხელოვანი გახლდათ და ალბათ აქედან მოდის ჩემი ხელოვნებისადმი უსაზღვრო სიყვარული. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი სპეციალობის მიმართულებით არასოდეს მიმუშავია. მამაჩემი სპორტსმენი, მოკრივე გახლდათ... დედაჩემი ძალიან მკაცრი დედა იყო. 1984 წელს ჯარმა მომიწია და მშობლებმა მითხრეს, აუცილებლად უნდა წახვიდეო. დედაჩემმა თქვა, თუ შენ ჯარში ივარგებ, იქ მიხვდები, რომ ამ ცხოვრებაში დამოუკიდებლად რაღაცას მიაღწევო. მამაჩემი ამბობდა, შემიძლია, კიკეთში იყო სამხედრო ნაწილშიო, მაგრამ დედა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და ასე აღმოვჩნდი პოლონეთში... თავიდან ჩემთვის დიდი შოკი იყო იქ ყოფნა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ნებისმიერმა ახალგაზრდამ უნდა გამოსცადოს დამოუკიდებელი ცხოვრება. ორი წლის განმავლობაში იქ ვიყავი და იმდენად შრომისმოყვარე გავხდი, რომ ერთ თვეში ჯილდოდ ათდღიანი შვებულება დავიმსახურე... როდესაც სახლში გახარებულმა დავრეკე, დედაჩემმა მითხრა, შენ მანდ ვერ გაძელი, მაინც გამოიპარე და თბილისში ჩამოსული არ დაგინახოო... ძლივს დავაჯერე, რომ ათდღიანი შვებულება წარჩინებისთვის მერგო. ჩამოვედი და დედა ჩემით ძალიან ბედნიერი იყო, ჯარში რომ ყველაფერს თავი კარგად გავართვი... ბოლოს ჯარიდან წამოსვლა აღარ მინდოდა, რადგან იქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და დამოუკიდებლობას მივეჩვიე. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, აქ ყველაფერი გამიადვილდა. მეტალურგიულ ქარხანაში ვმუშაობდი და ფიზიკური შრომა არ მეთაკილებოდა. ქვიშისგან რაღაც ყალიბებს ვაკეთებდით... მშობლებმა მითხრეს, საღამოს ისწავლი, დღე იმუშავებ და ყველაფრის ფასი გეცოდინებაო. ასე გამზარდეს, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად არასოდეს გვიჭირდა. მე დღეს პატიოსან მუშას ბევრად დიდ პატივს ვცემ, ვიდრე კაბინეტში გაზულუქებულებს და ამისთვის მინდა, ჩემს მშობლებს დიდი მადლობა გადავუხადო. ღმერთის წყალობით, ორივე მყავს და ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს! ყველას უკვირდა, ფიზიკურად რომ ვშრომობდი, ცხვირი სულ სილით მევსებოდა ხოლმე. ქარხანაში დაახლოებით ხუთი წელი ვმუშაობდი. ასე გაზარდეს ზუსტად ჩემი ძმა - მალხაზიც... დღემდე დედის სიტყვა კანონია ორივე ძმისთვის.


- როგორ მოხდა, სულ რომ ხელოვნების მიმართულებით მოღვაწეობთ?


- ჩვენთვის თანამდებობა არასოდეს არ ყოფილა მიზანი, ყველაფერი თავისთავად მოხდა... ხელოვნების სფეროში რომ მოვხვდი, ჩემი უსაყვარლესი მეგობრის, ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა. მან დედაჩემი რომ გაიცნო და ნახა, ჩვენს ოჯახში რამდენი ცნობილი ხელოვანი იკრიბებოდა, მითხრა, - მსურს ამ ადამიანებს დავუახლოვდეთ და ყოველთვის ვაგრძნობინოთ, ჩვენი ქვეყნის სიამაყეები რომ არიანო...


მაგიდაზე კალენდარი გვქონდა და ყველა დამსახურებულ ხელოვანს იუბილეს ვულოცავდით, ზურას დამსახურებით ჩატარდა ფილარმონიაში არაჩვეულებრივი საღამოები, ჯერ კიდევ მაშინ, შუქი რომ პირდაპირ კონცერტის მსვლელობის დროს ქრებოდა და დარბაზში ხალხი პალტოებით იჯდა... ზურას წყალობით მოვხვდი მერიაში, შემდეგ - კანცელარიაში და მე ვარ ბედნიერი, ამდენ კარგ ხელოვანთან რომ დღეს ახლო მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენ უამრავი სამუშაო ჩავატარეთ და პირველად ვამბობ, რომ ჩვენს დროს ოთხი მუნიციპალური თეატრი გაიხსნა და განადგურებას გადაურჩა ილია ჭავჭავაძის მუზეუმი. პირველად ვამბობ იმასაც, რომ „თავისუფალი თეატრის" წინ ჩემი სახელობის ვარსკვლავიც არის, რომელიც ავთო ვარსიმაშვილმა გამიხსნა... ბიბლიოთეკები დახურვას გადავარჩინეთ, ტურისტული რუკებიც ჩვენს დროს გაკეთდა და ასე შემდეგ...

 

- სად გაიცანით თქვენი მეუღლე და რამდენი წლისამ იქორწინეთ?


- ჩემი მეუღლე ჩემი მამიდაშვილის კურსელი იყო და მასთან გავიცანი. რომ დავქორწინდი, ოცდახუთი წლის ვიყავი, მეუღლე - ოცის... ამ ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რადგან ყოველთვის გვერდში მიდგას. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში... ჩემი ოჯახის წევრებს საზოგადოება არ იცნობს, რადგან მათ არ უყვართ გამოჩენა. ჩვენი შვილები ისე გავზარდეთ, რომ არასოდეს მითქვამს, მამიკო, ამის შვილთან იმეგობრე და იმასთან არა-თქო... ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი მყავს, ექსკლუზიურად გაგიმხელთ, რომ დეკემბრის დასაწყისში შვილიშვილს ველოდები და მალე ბაბუა გავხდები. ეს თურმე სულ სხვანაირი, საოცარი შეგრძნება ყოფილა... ძალიან ვამაყობ იმით, რომ მყარი და კარგი ოჯახი მაქვს! ადამიანის სიძლიერე ოჯახით გამოიხატება! ხატზე დავიფიცებ, რომ ოცდახუთი წლის განმავლობაში მე და ჩემს მეუღლეს სერიოზულად არ გვიჩხუბია. პატარა კამათი ყველა ოჯახში არის, მაგრამ არიქა, სახლიდან წავალ, გაგშორდები და გავიქცევიო, მსგავსი რამ არ ყოფილა... ძალიან გვიყვარს ერთმანეთის მშობლები. მე მაგალითად, არც ვიცი, რა არის სიტყვები - სიმამრი, სიდედრი... ჩემი მშობლებივით მიყვარს და სიდედრის სადღეგრძელო მაგიდაზე და სკამზე ასულს დამილევია. უნიკალური ადამიანები არიან. არაჩვეულებრივი ცოლისძმაც მყავს...


ჩემს მეგობრებს ჩემს მეუღლესთან - ირინასთან უფრო უყვართ მოსვლა. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, სახლში მივსულვარ და ქეიფი დამხვედრია... როდესაც ვინმე არ მოდის, ირინა ძალიან ნერვიულობს და მეკითხება, მათ ხომ არ ეჩხუბეო... წყნეთში აგარაკი გვაქვს და იქ უჩემოდ ვინ მიდის, ვინ მწვადს წვავს და დროს ატარებს, თვლა არ აქვს. ოღონდ ყველაფერი ირინასთან ერთად ხდება... ბედნიერი ვარ, ჩვენთან მოსვლა რომ უყვართ შვილის, სიძის მეგობრებს... სიძე არც არის ჩემი, ოჯახის მეხუთე წევრია. მე გიოს ვეძახი და ის - დათოს. როდესაც ჩემთან მოვიდა და მითხრა, თქვენი შვილი მიყვარსო, ვუთხარი, ჩემი სიძე ვერასოდეს გახდები-მეთქი... ეს სიტყვები სულ სხვანაირად გაიგო და გაფითრდა, მაგრამ მალე ავუხსენი, ჩვენ მეგობრები უნდა ვიყოთ-მეთქი. მე სიყვარულის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ და არც მიკითხავს ჩემი უფროსი ქალიშვილისთვის, შენს საქმროს რამდენი ბინა, აგარაკი და ფული აქვს-მეთქი... ვიცოდი, რომ უყვარდათ ერთმანეთი და ეს იყო უმთავრესი. გიოს მშობლები სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობენ და ჩვენ და-ძმური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მათაც ჩემი შვილი შვილივით მიიღეს... უბედნიერესი ადამიანი ვარ, ჩვენი შვილებიც რომ ჩვენსავით აზროვნებენ და იციან ოჯახის ფასი!


 

მანანა გაბრიჭიძე








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი