logo_geo
როგორი იყო 2017 წელი საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის – ინტერვიუ ვლადიმერ სვანაძესთან
- +

17 იანვარი. 2018. 11:32



ახალ წელთან ერთად საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის ახალი ეტაპი დაიწყო. წარმატებები, რომელთა მოპოვებაც საქართველომ 2017 წელს შეძლო, უკვე განვლილი ეტაპია. მათ მხოლოდ მაშინ უნდა დავუბრუნდეთ, როდესაც მიღწეული შედეგების გაუჯობესებაზე ვისაუბრებთ. ყველაფერი წინ არის. ახალ გამოწვევებს ახალი გამოცდილებითა და ცოდნით უნდა შევხვდეთ, თუმცა მანამდე, ალბათ, საინტერესო იქნება, მოკლედ შევაჯამოთ უახლოესი 1 წელი. როგორ ჩაიარა საქართველოსთვის 2017 წელმა და რას უნდა ველოდოთ ახალი წლისგან?


„კიბერ კვირას" კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI)" ხელმძღვანელი ვლადიმერ სვანაძე პასუხობს.


- როგორ შეაფასებთ 2017 წელს, რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ და როგორ გადალახა არსებული გამოწვევები?


- შეიძლება, ითქვას, რომ 2017 წელმა საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის წარმატებულად ჩაიარა. კერძოდ, 15 ივნისს გამოქვეყნდა ITU - ს ანგარიში კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსის შესახებ, რომელშიც საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, აღმოჩნდა მერვე პოზიციაზე, ევროპის მასშტაბით - მეორე პოზიციაზე, დსთ - ში კი, ლიდერ სახელმწიფოდ მოგვევლინა და შესაბამისად, პირველი ადგილი დაიკავა. საქართველომ შეფასების ხუთი კრიტერიუმიდან ოთხში მაღალი მაჩვენებელი დაიმსახურა, ხოლო ტექნიკური მიმართულებით შედარებით დაბალი შეფასება მიიღო.


სექტემბერში გამოქვეყნდა ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის კვლევაც ეროვნული კიბერუსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, სადაც საქართველო გლობალურად, ასევე, მერვე პოზიციაზე აღმოჩნდა. ამ კვლევაში ქვეყნებს თორმეტი კრიტერიუმის მიხედვით აფასებდნენ.


გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქართველი სპეციალისტების დიდი წარმატება ტალინში ჩატარებულ კიბერსავარჯიშოებში.


ყოველივე აღნიშნულს წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ იანვარში ხელი მოეწერა და დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ეს უკვე მეორე სტრატეგიაა, რაც, ასევე, შეიძლება, მიღწევად ჩაითვალოს.

 

- შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ საქართველოს კიბერუსაფრთხოება დღეს უფრო დაცულია, ვიდრე 1 წლის წინ?


- ვერ ვიტყვით, თუ რამდენად არის დაცული ქვეყნის კიბერსივრცე და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ზოგადად, ასპროცენტიანი დაცულობა არ არსებობს, საუბარია მხოლოდ რისკების მაქსიმალურ შემცირებაზე. ის, რასაც ქვეყანამ 2017 წელს მიაღწია, არის ხანგრძლივი, მიზანმიმართული მუშაობის შედეგი, რომელსაც, შენარჩუნებასთან ერთად, განვითარება სჭირდება. ეს ყოველივე მოითხოვს საკმაოდ დიდ ფინანსებსა და სწორ პოლიტიკას, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის, ასევე, აკადემიური წრეებისა და ტექნიკური საზოგადოების მეტ ჩართულობას. თავად სახელმწიფო ორგანოებმაც უნდა გააცნობიერონ მსგავსი ჩართულობის აუცილებლობა.


თუ ყურადღებას მივაქცევთ იმ ფაქტს, რომ საქართველომ გლობალურ ინდექსში, ტექნიკური მიმართულებით, დაბალი ქულა მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ, ამ  კუთხით, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც ისევ ფინანსურ საშუალებებს უკავშირდება. ცნობიერების ამაღლება და განათლება, საერთაშორისო თანამშრომლობა და სამართლებრივი ბაზის განვითარება ქვეყნის კიბერსივრცის განვითარების აუცილებელი პირობაა.


- IDI-ს აქტივობებზე რას გვეტყვით? როგორი იყო გასული წელი თქვენი ორგანიზაციისთვის, რას მიაღწიეთ და რის შეცვლას ან დახვეწას აპირებთ 2018 წლისთვის?


- გასული 2017 წელი ჩვენი ორგანიზაციისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ცხადია, ყველა აქტივობას ახლა ვერ ჩამოვთვლით, თუმცა  გასული წლის აქტივობებმა,  ფაქტობრივად,  საფუძველი ჩაუყარა ორგანიზაციის მომავალ საქმიანობას უახლოეს პერიოდში.


IDI გახდა ICANN - ის აზია და წყნარი ოკეანეთის მიმართულების სრულუფლებიანი წევრი/APRALO, ასევე, ICANN-ის არაკომერციული ორგანიზაციების გაერთიანების წევრი.


გარდა ამისა, ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ICANN-ის გლობალურ შეხვედრებში კოპენჰაგენსა და აბუ-დაბიში, აგრეთვე, მონაწილეობდა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ინტერნეტმმართველობის დიალოგებში/SEEDIG, პანევროპული ინტერნეტმმართველობის დიალოგებში/EuroDIG და RIPE NCC-ის გლობალურ შეხვედრაში. მე პირადად ვიყავი EuroDIG-ის კიბერუსაფრთხოების პლენარული სესიის კოორდინატორი. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს წარმომადგენელი ღონისძიებაში ამ სტატუსით ჩაერთო.


სიამაყით მინდა ავღნიშნო, რომ მაისში თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე, IDI-ის ინიციატივით ჩატარდა კიბერუსაფრთხოების პირველი სტუდენტური ფესტივალი. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორიც სწორედ საქართველოს უნივერსიტეტი იყო. ამიერიდან ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და საერთაშორისო დონის გახდება. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და მეორე ფესტივალს, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ჩავატარებთ.


მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ინტერნეტის შესწავლისა და კვლევების ცენტრი, რომელიც, ინტერნეტის მიმართულებით, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობაზეა ორიენტირებული.


გასულ წელს თბილისში ჩატარდა საკმაოდ მნიშვნელოვანი კონფერენცია APTLD, რომლის ადგილობრივი მხარდამჭერიც ჩვენი ორგანიზაცია გახლდათ. IDI, ტრადიციულად, ამ წელსაც გამოვიდა საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმის - GeoIGF - მხარდამჭერად. აღსანიშნავია, რომ პირველი ფორუმი სწორედ IDI-ის იდეითა და ინიციატივით ჩატარდა.


2017 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა არაერთი საინტერესო სემინარი, რომელთაგან ყურადღებას გავამახვილებ კიბერუსაფრთხოების კვირეულზე, სადაც საუბარი იყო კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე, კიბერდანაშაულზე, პერსონალური მონაცემების დაცვაზე და ა.შ. ღონისძიებას მხარს უჭერდა საქართველოს უნივერსიტეტი, ტექნოპარკი და კავკასიის სახლი, რისთვისაც მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.


გარდა ამისა, აღსანიშნავია IDI-ის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსები კიბერუსაფრთხოებისა და DNSSEC- ის მიმართულებებით საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.

 

- საქართველოს კიბერუსაფრთხოებაში წამყვან რგოლად, დღესდღეობით, კვლავ, სახელმწიფო აქტორები განიხილებიან თუ 2017 წელს კერძო სექტორის როლი გაიზარდა? ასევე, საინტერესოა, თქვენი შეფასებით, 2017 წელს გაიზარდა თუ არა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ხარისხი და მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში IDI?


- სახელმწიფოს როლი, ამ მიმართულებით, ისევ მთავარი და მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს კერძო სექტორიც, რომელიც ამ სფეროში სულ უფრო მეტად ძლიერდება. კიბერუსაფრთხოების სფეროში 5 მთავარი მოთამაშეა: სახელმწიფო, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები და ტექნიკური საზოგადოება. მათი ერთობლივი ჩართულობა და ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა ამცირებს რისკებსა და ზრდის უსაფრთხოების ხარისხს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების გარანტი და პასუხისმგებელი, წამყვან რგოლად აქ მაინც სახელმწიფო გვევლინება, რადგან კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის უსაფრთხოება და  კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ამიტომაც, ამ კუთხით, სახელმწიფოს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ტექნიკური საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელი პირობაა.


რაც შეეხება IDI-ის, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლებისკენაა მიმართული. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან ისევე წარმატებულად, როგორც - 2016 წელს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობის დროს.

 

- ბატონო ლადო, რა შეიცვალა გასულ წელს მსოფლიო კიბერსივრცეში? გამოჩნდნენ თუ არა ახალი კიბერაქტორები, გამოიკვეთა თუ არა ახალი მიმართულებები და რას უნდა ველოდოთ 2018 წლისგან?


- შეიძლება, ითქვას, რომ მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებები არ ყოფილა. კიბერსივრცის მთავარ აქტორებად კვლავ შეერთებული შტატები, ჩინეთი, ირანი და რუსეთი რჩებიან. ოდნავ შესუსტდა კიბერსივრცეში ისლამური სახელმწიფოს აქტივობა, რაც, ჩემი აზრით, ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს შევიწროებით უნდა იყოს განპირობებული, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა, კვლავ მათი გააქტიურება მოჰყვეს, რაც ყველა მიმართულებას, მათ შორის, კიბერსივრცესაც მოიცავს.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ინტერნეტის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მათ მიერ მუშავდება რეზოლუციები, იქმნება სარეკომენდაციო ხასიათის გაიდლაინები, ინსტრუქციები და ა.შ. კიბერსივრცის დაცვა და მისი სტაბილური ფუნქციონირება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საბრძოლო მოქმედებები უკვე ხუთ განზომილებაში - სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კოსმოსურ და კიბერსივრცეში განიხილება.


2018 წელს ისევ აქტუალური იქნება პერსონალური მონაცემების „მოპარვა" და ამ ინფორმაციით ვაჭრობა, ფინანსური და ენერგოსექტორების კიბერსივრცეებში შეღწევა, კიბერსივრცის გამოყენება პროპაგანდისთვის და ე. წ. „ფეიქ ნიუსების" გასავრცელებლად,  გაძლიერდება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კიბერსივრცის გამოყენების ფაქტები.


ცალკე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი. შესაბამისად, ეს სფერო ხდება უფრო საინტერესო ჰაკერული ჯგუფებისთვის, რაც, ამ მიმართულებით, დანაშაულს უფრო მეტად გაზრდის. სწორედ ეს შეიძლება, ჩაითვალოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად 2018 წელს.


გარდა ამისა, მზარდია ე.წ. IoT (Internet of Things) მოწყობილობების პოპულარობა. ექსპერტების ვარაუდით, მათზე კიბერშეტევები კიდევ უფრო გაიზრდება.


- როგორ ფიქრობთ, კიბერუსაფრთხოებით საზოგადოების დაინტერესების კუთხით, იყო თუ არა წარმატებული 2017 წელი და რა ეტაპზეა ჩვენი საზოგადოების მიერ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის გაცნობიერების პროცესი?


- იმ წარმატებამ, რასაც საქართველომ 2017 წელს მიაღწია, ბუნებრივია, კიბერუსაფრთხოების მიმართ, საზოგადოების ინტერესი გაზარდა, რაც მისასალმებელია, თუმცა თავად საზოგადოებაში ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლებაზე კიდევ ბევრია სამუშაო.


- რა რჩება საქართველოს მთავარ გამოწვევად 2018 წლისთვის?


- საქართველოსთვის  მთავარ გამოწვევად კვლავ, რუსეთის მხრიდან, რუსული  პროპაგანდისა და ე. წ. „ფეიქ ნიუსების" გასავრცელებლად, ჩვენი ქვეყნის კიბერსივრცის გამოყენება რჩება. აღსანიშნავია ქვეყნისთვის ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის საკითხიც, რადგან, კრიპტოვალუტის წარმოებით, საქართველო უკვე მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოში, შესაბამისად, იზრდება დაინტერესება ჰაკერული დაჯგუფებების მხრიდან.


ისევ აქტუალური რჩება მოზარდებში კიბერდანაშაული, განსაკუთრებით, ე. წ. „კიბერ ბულინგი", რაც ისევ მათ განათლებაზე და კიბერსივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ ცნობიერების დონეზეა დამოკიდებული. აქვე აღვნიშნავდი, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც სახელმწიფო, ისე სამოქალაქო საზოგადოება. აუცილებელია მათი ერთობლივი გააქტიურება, რათა სამომავლოდ კიბერსივრცეში მოზარდების არაკანონიერი ქმედებების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდეს.

 

 

 

 

წყარო: Cyber.kvira.ge

 

 

 

 

 

big_banner
არქივი