logo_geo
30 წლის ქართველი, რომელსაც ცნობილი მეცნიერები დარგის ახალგაზრდა ლიდერად უკვე აღიარებენ
- +

3 თებერვალი. 2018. 22:22




ზურაბ გეგუჩია წელიწადნახევარია ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელია.


25 წლისას მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. რამდენიმე წელი მუშაობდა შვეიცარიის ყველაზე დიდ სამეცნიერო ცენტრში - პაულ შერერის ინსტიტუტში. მისი შრომები იბეჭდება ისეთ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორიცაა: Nature Communications, Physical Review Letters და Physical Review B. გეგუჩია 70-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია, რომელთაგან ორი, მისი პირველი ავტორობით, 2012-2013 წლებში კონდენსირებული გარემოს ფიზიკის პრესტიჟულ ჟურნალში (Journal of Physics: Condensed Matter) საუკეთესო სტატიებს შორის დასახელდა.


აღმოჩენილი აქვს რამდენიმე ახალი ეფექტი მაღალტემპერატურულ და ტოპოლოგიურ ზეგამტარებში, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ამ ნივთიერებებში ზეგამტარობის მექანიზმის დასადგენად. ზურაბ გუგუჩიასა და მისი კოლეგების ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც 2017 წელს დაიბეჭდა, მიიჩნევა 30 წლის წინ ამ დარგში გაცემული ნობელის პრემიის ნამუშევრის ღირსეულ გაგრძელებად. ცნობილი მეცნიერები გუგუჩიას უკვე აღიარებენ დარგის ახალგაზრდა ლიდერად. ის აქტიურად მუშაობს ბერკლის, პრინსტონის, ტოკიოს და სხვა უნივერსიტეტების მეცნიერებთან (მათ შორის ქართველებთანაც). საკუთარი სამეცნიერო იდეების საფუძველზე ატარებს ექსპერიმენტებს ისეთ ცნობილ ლაბორატორიებში როგორებიცაა ოკ-რიჯის და ბრუკჰავენის ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიები (ამერიკა), ტრიუმფი (კანადა) და პაულ შერერის ინსტიტუტი (შვეიცარია).


წაკითხული აქვს 40-მდე მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სემინარებზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ორჯერ (2015 და 2017 წელს) მოიპოვა ახალგაზრდა მკვლევარებისათვის დაწესებული შვეიცარიის სამეცნიერო ეროვნული ფონდის პრესტიჟული ჯილდო. 2017 წელს გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის გამარჯვებული. 2015 წლის ღირსების ორდენოსანი და 2016 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატი. 30 წლის ზურაბ გეგუჩია თავის დაგროვილ გამოცდილებაზე გვესაუბრება.

 

- ცოტა რამ თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. ამ მხრივ რა გამოცდილება გაქვთ?


- ჩემი, როგორც მეცნიერის მოტივაცია მხოლოდ ის კი არ არის, რომ სიამოვნება მივიღო ახლის აღმოჩენით, არამედ ისიც, რომ ეს ყველაფერი საინტერესოდ მივაწოდო სტუდენტებს. ვეთანხმები ამერიკელ მწერალსა და კრიტიკოსს - მარკ ვან დორენს, რომელიც ამბობდა, „სწავლება აღმოჩენებისთვის ხელშეწყობის ხელოვნებააო".


2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც ციურიხის უნივერსიტეტში დოქტორანტი გავხდი, აქტიურად ვარ ჩაბმული სასწავლო პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტ დროს სამეცნიერო კვლევებს ვუთმობ. ძირითადად ფიზიკის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტებთან მიწევდა მუშაობა. პასუხისმგებელი ვიყავი ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის ლექციის პრაქტიკულ და ლაბორატორიულ ნაწილზე. ასევე, თითქმის ყოველ წელს მობარებული მყავდა ციურიხის უნივერსიტეტის რამდენიმე მაგისტრანტი, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემს სამეცნიერო კვლევებში, მე კი მათ სამაგისტრო ნაშრომების შესრულებაში ვეხმარებოდი.


კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობა მიწევს ორ დოქტორანტთან, რომლებსაც ვეხმარები ექსპერიმენტების დაგეგმვაში, მათ განხორციელებაში, მონაცემთა ანალიზში, შედეგების ინტერპრეტაციასა და მათი სამეცნიერო პუბლიკაციების სახით წარმოდგენაში, რაც ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროცესია, თუმცა, ამავდროულად, სასიამოვნოც. მე და ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი - პროფესორი იასუტომო უემურა ასევე ორგანიზებას ვუწევთ სალექციო კურსს - „კონდენსირებული გარემოს ფიზიკის საზღვრები", რომლის ფარგლებშიც კოლუმბიის უნივერსიტეტში დეკემბერში მოწვეული გვყავდა ცნობილი ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფესორი ალბერ ფერი. მან საინტერესო სემინარი ჩაატარა.


- მართალია უნივერსიტეტებში ასწავლით და არა სკოლებში, მაგრამ ქართველი მკითხველისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება იმ ახალი მიდგომების გაცნობა, რაზეც თქვენ ხელი მიგიწვდებათ. იქნებ სწავლების მეთოდებიც შევადაროთ ქვეყნების მიხედვით.


- სკოლის მოსწავლეებთან სულ რამდენიმეჯერ მქონდა შეხება ციურიხის უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში. სასწავლო წლის ბოლოს სკოლებიდან უნივერსიტეტში მოჰყავდათ მოსწავლეები და მე და ჩვენი ჯგუფის სხვა წევრები ლაბორატორიაში მათ რამდენიმე სახალისო ცდას ვუჩვენებდით. თვითონ მოსწავლეებიც ერთვებოდნენ ამ ექსპერიმენტებში. მახსოვს, ძალიან კმაყოფილები რჩებოდნენ და ფიზიკისადმი უფრო მეტი ინტერესით მიდიოდნენ ჩვენგან. ფიზიკის მასწავლებლებიც მოდიოდნენ მეცნიერებაში სიახლეების გასაცნობად - სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო კავშირია.


ბუნებრივია, ქვეყნების მიხედვით სწავლების მეთოდები განსხვავდება. ყველაზე დიდი სხვაობა საქართველოსთან ჩემი აზრით ისაა, რომ ჩვენს სკოლებში პრაქტიკულად ფიზიკის ლაბორატორიები არ არსებობს. მოსწავლეები ისე ამთავრებენ სკოლას, რომ ექსპერიმენტის ჩატარება კი არა, ნახვაზეც კი ზედმეტია საუბარი. ძირითადი კონცენტრაცია ხდება თეორიულ ნაწილზე, რაც არ არის სწორი მიდგომა. ფიზიკის მარტო სიტყვებით ახსნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ და შთავაგონოთ. იგივე პრობლემაა სხვა საბუნებისმეტყველო საგნებშიც. ფიზიკა ექსპერიმენტის გარეშე არ არსებობს! ეს პრობლემა დროულ გადაწყვეტას მოითხოვს.


ჩემმა ერთმა შვეიცარიელმა კოლეგამ, რომელმაც დისერტაცია წარმატებით დაიცვა და ძალიან კარგი მეცნიერი იყო, შვეიცარიის ერთ-ერთ გიმნაზიაში ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. რამდენიმეჯერ ვეწვიე მას სკოლაში და გაოცებული დავრჩი, იმდენად მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორია ჰქონდათ. აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი: ქვეყანაში მეცნიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია და სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებს სათანადო ხელშეწყობა აქვს. სკოლის მასწავლებლობა უნივერსიტეტის პროფესორობაზე არანაკლებ პრესტიჟულია. მასწავლებლის პროფესია ჩვენთანაც აუცილებლად უფრო პრესტიჟული უნდა გახდეს.


აღსანიშნავია, რომ ჩემს უფროს შვილს, რომელიც ნიუ-იორკის (მანჰეტენი) საჯარო სკოლის პირველკლასელია, ასეთი ადრეული ასაკიდანვე უტარდება მეცნიერების გაკვეთილებიც. აქვს გამოყოფილი სამეცნიერო ოთახი, სადაც ის წლის განმავლობაში ჩაატარებს რამდენიმე მარტივ და სახალისო ცდას. ვატყობ, რომ ინტერესით ეკიდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი მიდგომაა და კარგი იქნება საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზეც თუ დაინერგება.


- როგორ უნდა ვასწავლოთ ფიზიკა ისე, რომ მოსწავლეებს ინტერესი გაუღვივდეთ ამ საგნის მიმართ და ხალისით ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში? საერთოდაც, რატომ უნდა ვისწავლოთ/ვასწავლოთ ფიზიკა?


- როგორც აღვნიშნე, ფიზიკის სასწავლო პროგრამის აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს ლაბორატორიული სამუშაოები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს დავანახოთ ფიზიკის და ზოგადად მეცნიერების ძალიან დიდი როლი ტექნოლოგიებში. ტექნოლოგიები ხომ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებს/სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის მჭიდრო კავშირი და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა უნდა გაჩაღდეს, რათა მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო საგნების საინტერესო მხარე დაინახონ. სასარგებლო იქნება მოსწავლეების შეხვედრა საქართველოში ისეთ სამეცნიერო ჯგუფებთან, რომლებიც აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე მუშაობენ. რამდენიმენაირი ფორმატი შეიძლება განისაზღვროს, ვთქვათ, უნივერსიტეტში ვიზიტი ან დასწრება გარკვეული ტიპის გამოფენაზე, სადაც სამეცნიერო ჯგუფები წარმოადგენენ სიახლეებს და პოპულარულ ენაზე მიაწვდიან მოსწავლეებს თავიანთ მიღწევებს. ეს გამოფენები საინტერესო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის. ბუნებრივია, რომ ეს სერიოზულ ორგანიზებას მოითხოვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან.


პედაგოგებს ვურჩევდი, რომ სასწავლო პროგრამის გარკვეული ნაწილი დაუთმონ ფიზიკის აქტუალური სიახლეების განხილვას. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი წელიწადში რამდენჯერმე, სტანდარტული გაკვეთილების ნაცვლად, სემინარის ტიპის გაკვეთილს ჩაატარებს, განიხილავს ფიზიკის სიახლეებს რომელიმე კონკრეტულ სფეროში, გამართავს დისკუსიას, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ თუ იმ აღმოჩენამ ტექნოლოგიის განვითარებაზე... მოსწავლეებიც უნდა გაეცნონ გარკვეულ ინფორმაციას ინტერნეტში და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ განხილვაში. ვფიქრობ, მსგავსი გაკვეთილები დიდ ინტერესს გამოიწვევს.

 

- რას ეტყოდით თქვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს დღევანდელი გადმოსახედიდან?


- უპირველესად, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოვიკითხავ მთვარისა და რეზო მასწავლებლებს. მიხარია, რომ მთვარისა წახნაგისა და პროფესორ რეზო გულუასნაირ მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან მომიწია ურთიერთობა სკოლის პერიოდში. აუცილებლად მინდა გამოვხატო მადლიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორების მიმართაც. უცხოეთში მოღვაწეობის პერიოდში დავრწმუნდი, რომ ჩვენი ბაკალავრიატის პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა, რაც ძალიან დამეხმარა, რომ მეცნიერებაში წარმატებული ნაბიჯები გადამედგა. კარგად მახსოვს, როცა ციურიხის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე სწავლა დავიწყე, მომიწია რამდენიმე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და ჯგუფში ყველაზე მაღალი შეფასება მივიღე. პროფესორი გაკვირვებული დარჩა ჩემი თეორიული ფიზიკის სიღრმისეული ცოდნით. ეს თსუ-ში მიღებული ცოდნის დამსახურება იყო. აღსანიშნავია, რომ დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობ თსუ-ს ზეგამტარობის ფიზიკაში მომუშავე ჯგუფთან, რომელსაც პროფესორი ალექსანდრე შენგელაია ხელმძღვანელობს. სწორედ ამ ჯგუფში დავიწყე ჩემი სამეცნიერო კარიერა ბატონი ალექსანდრეს ხელმძღვანელობით.

 

- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ოლიმპიადებს სკოლის მოსწავლეებისათვის? რა აყალიბებს ახალგაზრდას კარგ მეცნიერად?


- რაც უფრო ადრეული ასაკიდან შეეჩვევა მოსწავლე კონკურენციას და საერთაშორისო მასშტაბებს, მით უკეთესი. ოლიმპიადები ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ძალიან სასარგებლოა. თუმცა შესაძლებელია, რომ სკოლის ასაკში მოსწავლე არ იყოს ოლიმპიადების აქტიური მონაწილე, მაგრამ მომავალში მაინც გახდეს წარმატებული მეცნიერი. გამოვყოფდი რამდენიმე თვისებას, ნიჭისა და შრომისმოყვარეობის გარდა, რაც, ჩემი აზრით, უნდა ახასიათებდეს კარგ მეცნიერს: ცნობისმოყვარეობა - სამყარო საოცარია იმით, რომ უამრავი საინტერესო რამ არის გამოსაკვლევი და აღმოსაჩენი. ცნობისმოყვარეობა და უდიდესი ინტერესი ამა თუ იმ საკითხის მიმართ გაძლევს მოტივაციას კვლევების ჩასატარებლად; კრეატიულობა - წარმატებული მეცნიერი შემოქმედებითობის გარეშე წარმოუდგენელია. მარტო ლოგიკურმა აზროვნებამ შეიძლება მიგიყვანოს გარკვეულ სტანდარტულ ამოხსნამდე. მაგრამ თუ გონება მიდრეკილია ორიგინალური და ახლებური იდეების მიმართ, ამას აუცილებლად მოჰყვება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერებაში; ღრმა და კრიტიკული აზროვნება - ზედაპირულ მიდგომას ხშირ შემთხვევაში მივყავართ მცდარ სამეცნიერო შედეგებამდე, რაც ზიანს აყენებს მეცნიერებას და პროფესიისადმი დიდი სიყვარული - იყო წარმატებული მეცნიერი - ნიშნავს, რომ შენი დროის უმეტეს ნაწილს უთმობ მეცნიერებას. ეს კი სიყვარულისა და მეცნიერული ჟინის გარეშე შეუძლებელია.


- შევამჩნიე, რომ ფიზიკოსები ძალიან თავმდაბალი ხალხი ხართ. ნობელის პრემიის ლაურეატი რამდენიმე ფიზიკოსიცაა ნამყოფი საქართველოში, რომელთაც პირადად იცნობთ. მათი ვიზიტები ქართულ მედიასა და პრესაში სათანადოდ არ გაშუქებულა. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ საიმისოდ, რომ ფიზიკოსობა პრესტიჟულად ითვლებოდეს და საბუნებისმეტყველო საგნების მოყვარული ახალგაზრდების ბირთვი ქვეყნიდან არ გაედინებოდეს?


- სასიხარულოა, რომ რამდენიმე ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსი არის ნამყოფი საქართველოში (ბოლოს 2007 წელს გვესტუმრა იოჰან გეორგ ბედნორცი თსუ-ში საერთაშორისო კონფერენციაზე). სამწუხაროდ, სათანადო გაშუქება არ ყოფილა, რადგან ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ არის მეცნიერება და ტექნოლოგია სახელმწიფოს პრიორიტეტი. საზოგადოების მოთხოვნაც არც ისე დიდია ამ მიმართულებით და შესაბამისად, მედიაც ნაკლებად ინტერესდება ამ საკითხით.


ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე ნიჭიერებაა და სახელმწიფომ ქვეყნის განვითარების საფუძვლად უნდა აქციოს ამ ნიჭიერებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების სწორად გამოყენება. მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება. ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ გაცილებით უფრო სწრაფი ტემპია საჭირო. საქართველო მაღალი მეცნიერული პოტენციალისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა და მეცნიერებაში დღეს ჩადებული ინვესტიცია ასმაგად დაგვიბრუნდება.


აკადემიურ ზედა საფეხურებს (დოქტორანტურა, პოსტდოქტორანტურა და ა. შ.) განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება, სწორედ ამ ეტაპზე ხდება ინტელექტის გადინება ჩვენი ქვეყნიდან. თუმცა მეცნიერისთვის აუცილებელიც კია კარიერის მანძილზე გარკვეული პერიოდი უცხოეთში მოღვაწეობა, სადაც მან სრულიად უცხო გარემოში უნდა გაუძლოს კონკურენციას, მიაღწიოს წარმატებას, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ მეცნიერად და მოიხვეჭოს სახელი ამა თუ იმ სფეროში. შემდგომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ მეცნიერების საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან მათი გამოცდილება და კავშირები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვადასხვა დარგის განვითარებას ქვეყანაში.


- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...


- მინდა, რომ ჩემი დიდი სამეცნიერო ჯგუფი მყავდეს, სადაც უცხოელ სტუდენტებთან ერთად ქართველი სტუდენტებიც მეყოლება. საბოლოოდ საქართველოში მინდა დაბრუნება, მაგრამ როდის მოხერხდება ეს - არ ვიცი. მინდა ჩემი აქტიური წვლილი შევიტანო საქართველოში მეცნიერების განვითარებაში. ძალიან კმაყოფილი ვარ კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობით, სადაც დიდი მხარდაჭერა მაქვს ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორების მხრიდან. ჯერჯერობით აქ ვაგრძელებ საქმიანობას, თუმცა, მაქვს გარკვეული შემოთავაზებები პრინსტონის უნივერსიტეტიდან, პაულ შერერის ინსტიტუტიდან და ციურიხის უნივერსიტეტიდან. ვფიქრობ...




წყარო: http://mastsavlebeli.ge/

 







 

big_banner
არქივი