logo_geo
„შევეცდები, საქართველოს დავეხმარო“ - რუსული რინგის ქართველი „მგელი“!
- +

27 აპრილი. 2018. 23:31

 

 

22 თებერვალი წარმატებული გამოდგა 22 წლის ქართველი „მგლისთვის“: მოსკოვის ცენტრალური საკონცერტო ცენტრის - „როსიას“ დარბაზში მოწყობილ რინგზე შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ რუსების ჯილა მარინა მოხნატკინა დაამარცხა და Fight Nights Global-ის ვერსიით, პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა! ქართველ "მგელზე" შვიდი წლით უფროსი მოხნატკინა მსოფლიოს ხუთგზის, ევროპის ორგზის და რუსეთის შვიდგზის ჩემპიონია სამბოში, MMA-ს­ (შერეული ორთაბრძოლების ასოციაცია) ეგიდით გამართული ოთხივე ბრძოლაც პირველივე რაუნდში ჰქონდა მოგებული. Fight Nights-ის პირველი საჩემპიონო ქამრის გათამაშებაც, ფაქტობრივად, მოხნატკინას გასაჩემპიონებლად დაიგეგმა, თუმცა... ორგანიზატორებს და „ღამის კოშმარის“ მეტსახელით ცნობილ მოხნატკინას "კოშმარად" ჩვენებური ექცა, რომელმაც რუს კომენტატორებთან ერთად, დარბაზიც გადარია.

 

ლიკა მოსკოვში ცხოვრობს, რუსულ და ჩეჩნურ კლუბებში ვარჯიშობს, მაგრამ ყველგან საქართველოს სახელით იბრძვის! საჩემპიონო მატჩის შემდეგ ლიანა ჯოჯუას ქართველ ჟურნალისტებთან არ ულაპარაკია. „კვირის პალიტრა“ პირველია:

 

- ის ორთაბრძოლა მოხნატკინასთვის დაგეგმეს. უნდოდათ, მარინა გამხდარიყო Fight Nights Global-ის პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ... გეგმა ჩავუშალე. ნაყოფიერი მოსამზადებელი შეკრებების წყალობით ბრძოლას კარგი ფიზიკური ფორმით შევხვდი: მოსკოვში კლუბ "ფაიტერში" ვემზადებოდი, ბოლო ერთი თვე კი გროზნოში, კლუბ "ახმატში". გადამწყვეტი აღმოჩნდა ხასიათის სიმტკიცეც: ტკივილს გავუძელი და არ დავნებდი!

 

- შენი მეტოქე პირველივე რაუნდში აპირებდა საქმის მოთავებას, თავიდან უფრო აქტიურიც იყო, მაგრამ მის შეტევებს და მტკივნეულ ილეთებს გაუძელი და უფრო თავდაჯერებული გახდი...

 

- მარინა ხუთრაუნდიანი ბრძოლისთვის არც იყო მზად. ვიცოდით, რომ პირველივე რაუნდში შეეცდებოდა მტკივნეული ილეთის გამოყენებას. როცა მიხვდა, რომ ტკივილს ვუძლებდი, ფსიქოლოგიურად "გატყდა" და მესამე რაუნდიდან უკვე მოგებისთვის დავიწყე ბრძოლა...

 

- გაცილებით ტიტულოვან და გამოცდილ მეტოქესთან ბრძოლა ფსიქოლოგიური წნეხი უფრო იყო თუ მოტივაცია?

 

- უდიდესი მოტივაცია! როცა ჩემი არ სჯერათ, ვამტკიცებ, რომ ცდებიან და გამარჯვება შემიძლია! ასეთ დროს რინგზე "გაბრაზებული" გავდივარ, ვიხსენებ, რას ლაპარაკობდნენ ჩემზე და ეს დანებების უფლებას არ მაძლევს!

 

- მოხნატკინა სამბისტია და მუდმივად ცდილობდა, ორთაბრძოლა პარტერში გადაეყვანა. მის მტკივნეულ ილეთებს რამდენჯერმე სასწაულებრივად დაუძვერი...

 

- დგომში უფრო მქონდა უპირატესობა, ვიდრე ჭიდაობაში. თუმცა, ჭიდაობა რომ არ ვიცოდე, მისი მტკივნეული შებოჭვებიდან თავს ვერც დავიხსნიდი. ორი წელიწადი ტაილანდურ კრივში ვვარჯიშობდი, მოგვიანებით - MMA-სა და გრეპლინგში (ორთაბრძოლის სახეობა, რომელიც ყველა საბრძოლო დისციპლინის ილეთებს აერთიანებს. - ავტ.). გრეპლინგში მსოფლიო ჩემპიონიც ვარ.

 

- მოხნატკინამ რა თქვა ნამატჩევს?

 

- მანამდე ყველა ინტერვიუში ამბობდა, ძალიან კარგ ფორმაში ვარ, ხუთ რაუნდს იოლად გავუძლებო, ნამატჩევს კი თავის მართლება დაიწყო, რომ ცუდად იყო, შეცდომები დაუშვა და ა.შ. გადამეტებულად შევაფასე მეტოქის შესაძლებლობები და ბრძოლა ამიტომაც გაგრძელდა ხუთ რაუნდს, თორემ ორთაბრძოლის ადრე დასრულება შემეძლო. ხუთი რაუნდი მეც პირველად ვიბრძოლე - სხვა ორთაბრძოლები პირველივე რაუნდში მოვიგე.

 

- რაც ახალბედა მებრძოლისთვის ჩინებული შედეგია!

 

- ხუთი წელია, ვვარჯიშობ. გამოუცდელობის მიუხედავად, სწრაფად მივაღწიე წარმატებას. ამიტომ ხშირად ვამბობ - დაწყება არასდროს არის გვიან!

 

- Fight Nights Global-ის ეგიდით პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი ხარ. სხვა ასოციაციებს ჯერ არ შემოუთავაზებიათ ბრძოლა?

 

- UFC-დან (Ultmate Fighting Championship) დამიკავშირდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ეს დონე ჩემთვის ჯერ ადრეა. მომდევნო ბრძოლის შემდეგ შეიძლება უფრო ძლიერ ლიგებზე ფიქრი. ქამრისთვის არც მოხნატკინასთან მიჩხუბია. მატჩამდე თვე-ნახევრით ადრე მითხრეს, ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის იქნება, 5-რაუნდიანი ორთაბრძოლისთვის მოემზადეო. ქამარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არც ვანიჭებ, ჩემთვის მთავარი მოგებაა, ქამარი კი - ბონუსი! მოხნატკინას რევანში უნდა, მაგრამ მე ამაზე არ ვფიქრობ - ახალ მეტოქეებთან მსურს ბრძოლა!

 

- საჩემპიონო ბრძოლისთვის ჩეჩნეთის კლუბ „ახმატში“ ემზადებოდი. გამარჯვების შემდეგ ამიტომ გაემგზავრე გროზნოში?

- „ახმატის“ მწვრთნელ მურად ბიჩუევს ვეკითხებოდი, ნამდვილად შემიძლია ამდენი-მეთქი? ისე მოგამზადებ, არ გაგიჭირდებაო და სიტყვა შეასრულა... კავკასიელებს არ უყვართ ქალთა ორთაბრძოლები, მაგრამ გროზნოში ყოფნისას ბევრმა მითხრა, რომ აზრი შეიცვალეს, რომ განსაკუთრებულად ვუყვარვარ და მქომაგობენ. ჩეჩნები ძალიან დამეხმარნენ.

 

- ქართველებმაც ხომ შეიცვალეს აზრი ქალ მებრძოლებზე? უფრო სწორად, სამშობლოში შენ შესახებ ბევრმა თებერვლამდე არაფერი იცოდა...

 

- საქართველოში შერეული ორთაბრძოლები არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც რუსეთში, მით უმეტეს - ქალების. თუმცა, ვფიქრობ, ჩემი გამარჯვების შემდეგ დაინტერესდებიან. საქართველოში ჭიდაობაშიც, სამბოშიც, კრივშიც, კიკ-ბოქსინგშიც ქალი მებრძოლი ცოტაა... როცა მათი რაოდენობა მოიმატებს, ტოლს არავის დაუდებენ!

 

- შენც ხომ ამიტომ შეგარქვეს „მგელი“?!

 

- ალბათ, ხასიათის გამოც. მომწონს ეს საბრძოლო მეტსახელი - ლამაზიც არის და რაც მთავარია, ქართულია! მანამდე „მედოედს“ („თაფლიჭამია მაჩვი“ - აგრესიული, უშიშარი ცხოველი) მეძახდნენ, მაგრამ, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად ჟღერს. „მგელი“ უფრო მომწონს!

 

- კლუბ „ახმატზე“ რას იტყვი?

 

- „ახმატი“ ჩეჩნეთის რესპუბლიკის საბრძოლო კლუბია. იქ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების გარდა, შორეული ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეხვდებით, მაგალითად, ბრაზილიელებს. მე გამოვდივარ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კლუბის ეგიდით, მაგრამ ყველგან და ყოველთვის - მხოლოდ საქართველოს სახელით!

 

- წლებია, მოსკოვში ცხოვრობ და ვარჯიშობ. რუსეთის სახელით გამოსვლა არასდროს შემოუთავაზებიათ?

 

- რუსეთის სახელით ასპარეზობა უფრო ადვილი იქნებოდა, რადგან საქართველოს დროშით მოასპარეზე სპორტსმენი მათთვის მაინც უცხოა. ამიტომ ორთაბრძოლები ჩემი მეტოქეებისთვის იგეგმება, ფავორიტიც არასდროს ვყოფილვარ, არც საქართველოდან მეხმარებიან მაინცდამაინც... რუსული დროშით ასპარეზობა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მე იოლ გზებს არ ვეძებ! ჩემი საქართველო ძალიან მიყვარს. არასოდეს ვივიწყებ, ვინ ვარ და სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის სიამაყით წარვადგენ ჩემს სამშობლოს!

 

- ქართველობის გამო გქონია რუსეთში პრობლემები?

 

- სერიოზული პრობლემა - არასდროს. შერეულ ორთაბრძოლებში ძალიან ბევრი კავკასიელია და ჩემი, როგორც კავკასიელის მიმართ ყოველთვის თბილი დამოკიდებულება აქვთ.

 

- როგორც ვიცი, რაგბისაც თამაშობ...

 

- დიახ. პედაგოგიურზე ვსწავლობდი და როცა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რაგბის გუნდისთვის მოთამაშეებს არჩევდნენ, თამაში მეც შემომთავაზეს. მაშინ მოვსინჯე თავი ამ სახეობაში და მას შემდეგ, რაგბისაც ვთამაშობ.

 

- ესე იგი, ხარ პედაგოგი, რომელიც ბავშვებს წესების გარეშე ბრძოლას და რაგბის თამაშსაც ასწავლის... ფანდურზე დაკვრა და მეგრული სიმღერაც გცოდნია...

 

- ფიზკულტურის მასწავლებელი/მწვრთნელი ვარ და რაც ვიცი, იმას ვასწავლი. საქართველოს ყველა კუთხის სიმღერებს ვმღერი! ფანდურზე დაკვრა მოსკოვში მასწავლა მზია მასწავლებელმა. მუსიკალური სკოლაც დავამთავრე, ფორტეპიანოზეც ვუკრავ. ვხატავდი. მამა ძალიან კარგად ხატავს და ნიჭი მეც გამომყვა. თუმცა, როცა მუზამ მიმატოვა, ხატვას მოვეშვი. მამა ჩემი ყველაზე ერთგული გულშემატკივარია, სულ მამხნევებს, რჩევებს მაძლევს.

 

- ზაფხულში გეგმავ საქართველოში ჩამოსვლას. მანამდე რას ეტყვი შენს სამშობლოს, შენს თანამემამულეებს?

 

- დიდი მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობს. იმედს არ გაგიცრუებთ, მაგრამ თუნდაც ასე მოხდეს, ვიცი, რომ მაინც ჩემ გვერდით იქნებით. შევეცდები, საქართველოს დავეხმარო შერეული საბრძოლო ხელოვნების განვითარებაში!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი