logo_geo
მოგზაურობა „მკვდარ ქალაქში“ - რას ჰყვება ქართველი „სტალკერი“, რომელმაც ჩერნობილი არალეგალურად მოინახულა
- +

30 აპრილი. 2018. 00:12

 

1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ქალაქ პრიპიატში საშინელი კატასტროფა მოხდა. ქალაქიდან 3 კმ-ის დაშორებით, ატომურ ელექტროსადგურზე - АЭС-ის მეოთხე ენერგობლოკში ძლიერი აფეთქება მოხდა. რეაქტორის 1200-ტონიანი სახურავი ჰაერში ავარდა. დაიწყო 200 ტონა ბირთვული საწვავის უკონტროლო ჯაჭვური რეაქცია...

 

რადიოაქტიული ღრუბელი ცაში აიჭრა და გავრცელდა. საბჭოთა ხელისუფლებამ მომხდარი ავარიის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გააკეთა და პრობლემის ლოკალურად აღმოფხვრა სცადა. ადგილზე სამხედროები გაუშვეს და ხანძრის ჩაქრობა, ვერტმფრენებიდან ჩამოყრილი ქვიშით სცადეს. 28 ადამიანმა რადიაციის სასიკვდილო დოზა მიიღო და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მათ შორის იყვნენ პილოტებიც. საღამოს, ქალაქში გამოსხივების დოზის სიმძლავრე 600 000-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ევაკუაცია მხოლოდ მესამე დღეს დაიწყეს.

 

დაბინძურებული ზონიდან დაახლოებით 200 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. ქალაქი დღემდე მიტოვებულია. იქ მხოლოდ საექსკურსიო ტურები ტარდება.

 

ჩვენი რესპოდენტი, 27 წლის ალექსანდრე, ზედმეტსახელად „ალექს ჯეოსტალკი", პროფესიით სისტემური ინჟინერია. ბავშვობიდან მოსწონდა თავგადასავლები და საინტერესო ადგილები. მას ბევრი ჰობი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად, ურბანულმა ტურიზმმა გაიტაცა. ცოტა ხნის წინ ალესანდრემ რამდენიმე მეგობართან ერთად, ჩერნობილში იმოგზაურა და ძალიან საინტერესო ადგილები ნახა. გამომდინარე იქედან, რომ ქართველი სტალკერები პრიპიატში არალეგალურად გაემგზავრნენ, გარეთ გამოსვლა მათ მხოლოდ ღამით უწევდათ, დღის მანძილზე კი თავს მიტოვებულ კორპუსებს აფარებდნენ.

 

- როდის და რატომ დაინტერესდი "დიგერობით" ("ქალაქური კვლევების" ერთ-ერთი მიმართულება)?

 

- თავდაპირველად, სკოლის პერიოდში დავდიოდი მიტოვებულ ქარხნებში, გვირაბებსა და სარდაფებში. რაიმე პარანორმალური მოვლენის ნახვა მინდოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მსგავსი რამ მხოლოდ გამოგონებაა და ობიექტებს სხვა კუთხით მივუდექი. მაინტერესებდა შენობების ისტორია და ერთმანეთთან კავშირი. დიგერიდან სრულფასოვანი ურბანული ტურისტი დავდექი. შემდეგ, გარკვეული პერიოდით შევწყვიტე ეს საქმიანობა. სწავლა, სამსახური და ა. შ. ბოლო ორი წელია, რაც კვლავ გავაგრძელე ურბანული კვლევები და უამრავი საინტერესო ადგილი აღმოვაჩინე.

 

- ბევრი საინტერესო ადგილი გინახავს?

 

- საკმაოდ. როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ბირთვული თავშესაფრები, მართვის პუნქტები, მიტოვებული ქარხნები და საავადმყოფოები. საზღვარგარეთ ბევრი ადგილი დიდი ხანია მუზეუმებად არის ქცეული, კარგი იქნებოდა საქართველოში მსგავსი მუზეუმის გაკეთება.

 

- რატომ გადაწყვიტე ჩერნობილში წასვლა? ვისთან ერთად და როგორ განახორციელე ეს იდეა?

 

- ჩერნობილი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნებაა. ვუყურებდი დოკუმენტურ ფილმებს, მერე გავიგე, რომ თურმე არსებობს ექსკურსიები, მაგრამ საკმაოდ ძვირია. დროთა განმავლობაში უკრაინელ "სტალკერებს" დავუმეგობრდი. ისინი საკმაოდ ხშირად დადიოდნენ იქ და ბლოგებსაც წერდნენ, ამაში კი ფულს იღებდნენ. გამოჩდნენ ადამიანები, ვინც უბრალოდ გამიწიეს კომპანია.

 

ჩერნობილის ზონასთან უახლოეს დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო ტაქსით წავედით. წავიღე სამხედრო ფორმა და ფეხსაცმელი, ფარანი, ელემენტები, სამი "ფოვერ ბანკი" (დამტენი), ტკივილგამაყუჩებელი აბები, კოღოების საწინააღმდეგო სითხე და სხვა სალაშქრო ინვენტარი. წინა დღეს შევიძინე რადიაციის საზომი მოწყობილობა. ის აუცილებელია ჩერნობილში გადასაადგილებლად.

 

ვიყიდეთ საკვები, კონსერვები, ბურღულეული, ტკბილეული, გვქონდა საქართველოდან წამოღებული ჩურჩხელები, ღვინო და პური. სამარშრუტო ტაქსიდან გამოსვლის შემდეგ დაველოდეთ ე.წ. "სტალკერ ტაქსს", რომელმაც მიგვიყვანა ჩერნობილის ზონის საზღვართან. ჩავიცვით სალაშქრო ტანსაცმელი, სამხედრო ფორმები და დავიძარით. მკვდარ ქალაქ პრიპიატამდე ორი დღე ვიარეთ, სულ 40 კილომეტრი. გზად მიტოვებულ სოფლებში ვჩერდებოდით საჭმელად და დასაძინებლად.

 

- როგორი იყო მოლოდინი და როგორი დაგხვდათ რეალობა?

 

- რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. მშვენიერი ამინდი იყო, გარშემო ხელუხლებელი ფოთლოვანი ტყე და ბურუსიანი მინდვრები. ბედნიერების და შიშნარევი გრძნობა მქონდა და ალბათ სიამაყეც, რადგან საქართველოდან პირველი სტალკერი ვიყავი, ვინც ჩერნობილში არალეგალურად, ექსკურსიის გარეშე წავიდა. გზაზე არც ერთი ცხოველი არ შეგვხვედრია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლები მიტოვებულია, საფლავები საკმაოდ კარგადაა შენახული. შეგვხვდა რამდენიმე ეკლესიაც.

 

ვმოძრაობდით ძირითადად ღამის საათებში და ნებისმიერ ხმაურზე ვჩერდებოდით. ადრენალინი იმდენად გვქონდა მომატებული, რომ დაღლილობაც არ გვიგრძვნია. ქალაქში ბევრი ოფიციალური და კერძო ექსკურსიებია, ჩვენსავით არალეგალურად შესული სტალკერებიც დადიან. რა თქმა უნდა, პოლიცია და დაცვის თანამშრომლები, მოვაჭრეები და ა.შ.

 

- რომელი ლოკაციები ნახეთ? რამდენად სარისკო იყო პრიპიატში არალეგალურად წასვლა?

 

- გზაში ვნახეთ რამდენიმე მიტოვებული სოფელი, საიდუმლო სამხედრო ბაზა „ვოლხოვო", მისი სამხედრო ნაწილი და ბუნკერი. ქალაქი პრიპიატის 16-სართულიანი კორპუსები, კაფე, კინოთეატრი "პრომეთე", კულტურის სახლი "ენერგეტიკი", ცნობილი ეშმაკის ბორბალი და ატრაქციონების პარკი, 126-ე საავადმყოფო, სადაც მიიყვანეს პირველი მეხანძრეები, რომლებიც ხანძარს აქრობდნენ. სარდაფში ჩასვლისგან თავი შევიკავეთ, ვინაიდან იქ სიცოცხლესთან არათავსებადი რადიაციის დონე იყო. ვნახეთ სანაპირო, სტადიონი, სასტუმრო "პოლესია". ერთი დღე დავუთმეთ ქარხანა "იუპიტერის" დათვალიერებას. ეს გახლდათ გასაიდუმლოებული ქარხანა, სადაც აწარმოებდნენ სამხედრო დანიშნულების ტექნიკას და კოსმოსურ ტექნოლოგიებს.

 

დავათვალიერეთ აბსოლუტურად ყველა კორპუსი და საამქრო. რატომღაც უფრო დიდი მეგონა იქნებოდა, დაახლოებით თბილისის საავიაციო ქარხნისხელა. დათვალიერებისას შეგვხვდა პოლიცია და ორი ექსკურსია, თუმცა მოვასწარით დამალვა. უკანა გზაზე წავედით "ჩერნობილ 2"-ზე. ეს არის უზარმაზარი რადიოლოკაციური ცენტრი. დახურული ქალაქია, პრიპიატიდან 15 კილომეტრში. მომსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსები, რადიოცენტრი, ანძა "დუგა" და რადიო კომპლექსი "კრუგი". პირველი სართული დატბორილი იყო, ხოლო მეორეზე დაგვხვდა გაძარცული კარადები, სადაც თავის დროზე საკმაოდ თანამედროვე ტექნიკა ეწყო. გარშემო რგოლზე უნდა ყოფილიყო 240 ანტენა, თუმცა მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს.

 

 

საღამოს წავედით "დუგა"-ზე. ამ ორი ანტენით საბჭოთა კავშირი უსმენდა დასავლეთს. თუმცა, ამ პროექტმა ვერ გაამართლა. ერთი ანძის სიმაღლე 150 მეტრი, ხოლო სიგრძე დაახლოებით 300 მეტრია, მეორე ანძა 130 მეტრია სიმაღლეში და 500 მეტრამდეა სიგრძეში. გადავწყვიტეთ 150 მეტრიან ანძაზე ავსულიყავით. ასვლას დაახლოებით ნახევარი საათი მოვუნდი.

 

ძალიან გვიჭირდა სუნთქვა, თუმცა, ანძის უმაღლეს წერტილზე მზის ჩასვლის ხედებმა და ქართულმა ღვინომ მშვენიერ ხასიათზე დაგვაყენა. დაშვებისას ჩანთიდან რადიაციის საზომი გადმომივარდა და დანარჩენი გზა "ბრმად" ვიარეთ. თუმცა, როგორც გამოცდილმა სტალკერებმა გვითხრეს, საშიში დონე ჩვენს მარშრუტზე არ ყოფილა. უკანა გზა 10 საათში გავიარეთ, 30-35 კილომეტრი დაახლოებით, ფეხები საშინლად მტკიოდა. დავდიოდით სიბნელეში და დილის 6 საათზე გადავკვეთეთ ჩერნობილის საზღვარი. გაჩერებამდე საშინლად დაღლილებმა და ბედნიერებმა მივაღწიეთ. ჩვენ ეს შევძელით!

 

- რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი მოგზაურობა? ღამეს სად ათევდით?

 

- მოგზაურობას 7 დღე მოვუნდით. გვეძინა საძილე ტომრებში, მიტოვებულ სახლებში. პრიპიატში ბევრი ე.წ. სტალკერული ბინაა. მათ ადგილმდებარეობას არ ასაჯაროვებენ. არის კეთილმოწყობილი ბინა, სადაც არაა ჩამტვრეული შუშები, დგას ავეჯი, იკეტება კარი და არ ჩადის წყალი. ფანჯრებზე აკრულია შავი ცელოფანი, რომ შუქი არ გავიდეს გარეთ და დაცვამ არ დაგინახოს.

 

საჭმელს ვამზადებდით წამოღებულ გაზქურაზე და წყალს ვავსებდით მიტოვებული წყალსაქაჩის სარდაფში. შემდგომ ვფილტრავდით და რადიაციაზე ვზომავდით. ბინაში საკმაოდ მყუდრო გარემო იყო, როგორც სტალკერის თამაშში. იყო ბიჭი, ვინც გიტარაზე უკრავდა. სახურავზე ქალაქისა და ვარსკვლავებიანი ცის საყურებლად ავდიოდით. იქიდან კარგად ჩანდა მე-4 აფეთქებული რეაქტორი, სადაც იდგა ფიჭური კავშირის ანძა და იქედან ვუკავშირდებოდით სამყაროს და ვპოსტავდით სურათებს "ფეისბუქზე". ბინებში რადიაციის დონე იყო თითქმის ნულოვანი, თბილისზე ნაკლები.

 

- რადიაციის არ გეშინოდათ? უსაფრთხოების რა ზომებს მიმართავდი?

 

- დოზიმეტრი იყო პირველი, რაც შევიძინე გამგზავრებისას. მეცვა სამხედრო ფორმა. კანი დაფარული უნდა ყოფილიყო, არ ვჯდებოდი რადიაციულ ზედაპირზე, მეკეთა სქელი ხელთათმანები, რომლებსაც ყოველ დღე ვცვლიდი. მტვრიან ადგილებში პირბადე მეკეთა და კანს სველი ხელსახოცით ვიწმენდდი. ვსვამდი იოდის შემცველ აბებს და რადიაციულ ადგილებში ვატარებდი მინიმალურ დროს, სურათების გადასაღებად მხოლოდ. ჩერნობილის ზონას რომ გამოცდები, კონტეინერს დაინახავ, სადაც სტალკერები ყრიან ტანსაცმელს, რომლითაც იქ მოძრაობდნენ. რათა არ გაავრცელონ რადიაციული ნაწილაკები ზონის გარშემო. მეც ანალოგიურად მოვიქეცი და ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გარდა, დავტოვე პარალონი და საძილე ტომარაც.

 

 

- ბევრი სტალკერი დადის? ზოგადად რა სიტუაციაა?

 

- სტატისტიკის მიხედვით, ოფიციალურ ექსკურსიაზე წელიწადში 30 000-ზე მეტი ადამიანი მიდის იქ და ეს რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. რაც შეეხება სტალკერებს, ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ჩვენ 9 კაცი ვიყავით და სულ 100-მდე სტალკერი შეგხვდა. ყველა საკმაოდ კეთილგანწყობილია ერთმანეთის მიმართ.

 

- ყველაზე დიდი ემოცია და მძაფრი შეგრძნება როდის დაგეუფლა? რომელ ობიექტზე?

 

- პრიპიატში და სამხედრო რადიოლოკაციური ანძის დანახვისას განვიცადე ემოციების პიკი, რომ ავისრულე ბავშვობის ოცნება და ვიყავი პირველი არალეგალი ქართველი ტურისტი, რომელმაც ჩერნობილში იმოგზაურა!

წყარო : wyaro
big_banner
არქივი