logo_geo
ვანდა ანთიძე-ბარძიმაშვილი: არ მინანია, რომ რობერტ ბარძიმაშვილს მშობლების უკითხავად გავყევი ცოლად!
- +

3 მაისი. 2018. 21:57

 

 

ქართული ესტრადის ოქროს ხანა არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო რობერტ ბარძიმაშვილი, რომელმაც რამდენიმე ანსამბლი დააფუძნა, მათ შორის პირველი – „ორერა”, რომელმაც მთლიანად საბჭოთა ესტრადის განვითარებას, ახალ ტალღას მისცა ბიძგი. არადა სრულფასოვანი მუსიკალური განათლება არ ჰქონდა. საკუთარი ნიჭი და ალღო ამოძრავებდა. მისი გარდაცვალება სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან საზოგადოება ამ გენიალური პიროვნებისგან კიდევ ბევრს ელოდა.

 

რობერტ ბარძიმაშვილი თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ფრანგული ენის ფაკულტეტზე სწავლობდა. ინსტიტუტის რამდენიმე სტუდენტისგან სწორედ იქ ჩამოაყალიბა ვაჟთა ვოკალური კვარტეტი. მანამდე კი სიმღერაზე შეყვარებულმა ოთხმა ბიჭმა – ძმებმა ებრალიძეებმა, გოგი ლეონიძემ და რობერტ ბარძიმაშვილმა – კინოფილმი „წარსული ზაფხული” მუსიკალურად გააფორმეს.

 

შემდეგ შეიქმნა უცხო ენების ინსტიტუტის კვარტეტი, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო. ხუმრობით ფილარმონიასაც ეძახდნენ.

 

ვანდა ანთიძე-ბარძიმაშვილი, ბატონი რობერტის მეუღლე:

 

კვიჭიჭა მსხალზე ნასწავლი კრიმანჭული

 

– რობერტს დედა გურული ჰყავდა. ომის პერიოდში ჩემი მეუღლე სკოლაში იქ სწავლობდა. შემდეგაც ხშირად ჩადიოდა დედულეთში და იქაური სიმღერების სპეციფიკას კარგად დაეუფლა. თავადაც ამბობდა, გურული კრიმანჭული მაშინ ვისწავლე, როცა კვიჭიჭა მსხალზე ვიყავი შემომჯდარიო.

 

მუსიკალურ სკოლაშიც სწავლობდა?

 

– მუსიკალურ სკოლაში ორი-სამი წელი ისწავლა. შემდეგ უთქვამს, გოგო ხომ არ ვარ, რად მინდა მუსიკის სწავლაო. მუსიკალური განათლების გარეშე შეძლო ჩამოეყალიბებინა ოთხი ანსამბლი, სიმღერები დაემუშავებინა, ოთხ ხმაში გაეშალა და ქართული იერი მიეცა. ამჟამად მისი გაზრდილებიც, რომელთაც კვარტეტი “ბარძიმი” აქვთ ჩამოყალიბებული, რობერტის სტილში, ოთხ ხმაში მღერიან.

 

-კვარტეტის შემდეგ ბატონი რობერტი სად მღეროდა?

 

– უცხო ენების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ “გეპეის” ჯაზში მიიწვიეს. იქ მღეროდნენ გია ჭირაქაძე, ჯანო ბაგრატიონი, ბუბა კიკაბიძე, ირაკლი მამაცაშვილი. იმ დროს ისინი ანსამბლ “რეროზე” პოპულარულები იყვნენ.

 

მათთან წელიწადნახევარი დაჰყო, შემდეგ გულმა ისევ მრავალხმიანობისკენ გაუწია და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ორერა” ჩამოაყალიბა.

 

ოთხი ბიჭი ორი გიტარით

 

ვანდა ანთიძე-ბარძიმაშვილი: მაშინ ენგელსის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ანსამბლის წევრები ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ და რეპეტიციებს მართავდნენ. თავდაპირველად ოთხი ბიჭი იყო, რომელთაც ორი გიტარა ჰქონდათ. მასზე უკრავდნენ და მღეროდნენ.

1966 წლიდან რობერტმა ანსამბლში ოთარ მეღვინეთუხუცესი და გენო ნადირაშვილი მიიწვია. თემურ დავითაია ლენინგრადში, ანსამბლ “დრუჟბაში” უკრავდა. ნელ-ნელა ინსტრუმენტებიც შეიძინეს. ასე გახდა “ორერა” ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი. ფაქტობრივად ჩემი მეუღლე მთელ საბჭოეთში ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ფუძემდებელი იყო. საბჭოთა ესტრადას კი საფუძველი “ორერამ” დაუდო.

 

რეპერტუარს როგორ არჩევდნენ?

 

– „ორერას” მრავალფეროვანი რეპერტუარი ჰქონდა. მსოფლიოს ხალხთა, ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ასრულებდნენ. რობერტმა “ჯანსულო” გადააკეთა და საესტრადო გახადა. სცენაზე საგალობელსაც “შენ ხარ ვენახი” ასრულებდნენ. ყოველ კონცერტზე ორ-სამ რუსულ სიმღერას მღეროდნენ…

 

რობერტის ხელმძღვანელობით “ორერამ” 14-15 წელი იარსება. მისი წევრები პროფესიონალი მუსიკოსები არ იყვნენ, მაგრამ უაღრესად ნიჭიერი ადამიანები გახლდნენ. რეპერტუარიც ისე ეფექტურად იყო შედგენილი, რომ სცენაზე ცოცხალი შოუ იდგმებოდა.

 

– “ორერასწევრებს ბევრი ტკბილად მოსაგონარი ამბავი ექნებათ.

 

– ერთხელ კონცერტის ჩატარება თვითმფრინავში მოუხდათ. აფრიკიდან მოდიოდნენ. ახალი წელი დგებოდა და უნდოდათ, სახლში შეხვედროდნენ, მაგრამ უახლოეს რეისზე ბილეთები ვერ იშოვეს. ბიჭებს მფრინავებისათვის უთხოვიათ, ოღონდ წაგვიყვანეთ და თვითმფრინავში არაჩვეულებრივ კონცერტს მოგიწყობთო. მართლაც აფრიკიდან სიმღერით ჩამოსულან.

 

რობერტმა კონცერტის მსვლელობისას ასეთი ხუმრობა იცოდა: იტყოდა, “ნა ეტამ ნაშ კონცერტ…” (“ამით ჩვენი კონცერტი…”) და ცოტა ხნით ჩუმდებოდა. მაყურებელს ეგონა, რომ “კანჩაეტსია” (“მთავრდება”) უნდა ეთქვა და დარბაზში წივილ-კივილი ტყდებოდა. “ნეტ, ნეტ”-ო (“არა, არა”) იძახდნენ. ამ დროს რობერტი მშვიდად დასძენდა: “ნე კანჩაეტსია” (“არ მთავრდება”).

 

ხანდაზმულს ესტრადა არ უხდება

 

რობერტ ბარძიმაშვილი „ორერადან” წავიდა, რათა ახალი თაობის ანსამბლი შეექმნა. “ვია 75” 1975 წელს დაიბადა. პირველი კონცერტი რობერტ სტურუამ დადგა.

 

თავდაპირველად სცენაზე ბარძიმაშვილი მარტო იდგა და მღეროდა, შემდეგ დარბაზიდან ანსამბლის ახალგაზრდა წევრები ჯინსებში ჩაცმულები ადიოდნენ და მას უერთდებოდნენ.

 

ვანდა ანთიძე-ბარძიმაშვილი: ანსამბლ “ვია 75”-ში პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ – რომა რცხილაძე, უჩა კორძაია, ბესიკ კალანდაძე, კობა ბეჟიტაშვილი, ირაკლი კალანდაძე, გოჩა ლორია, თემურ რევაზიშვილი, ირაკლი მენთეშაშვილი, ვალერი კონდახჩიანი – იგი პიანისტიც იყო და დასარტყმელ ინსტრუმენტებზეც უკრავდა. ყველას კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და ძალიან კარგად უკრავდნენ.

 

ჩემი აზრით, ეს იყო ანსამბლი, რომელსაც ქართულ ესტრადაზე ანალოგი არ ჰყავდა. ისინი მუსიკალურადაც ძლიერები იყვნენ და სცენაზე შოუს დადგმაც კარგად გამოსდიოდათ. ჩემს მეუღლეს კი რეპერტუარის შერჩევა არ ეშლებოდა. აქცენტს ქართულ სიმღერებზე აკეთებდა.

 

რობერტი კონცერტების დროს დარბაზში იჯდა და იქიდან უძღვებოდა. ამბობდა, ხანდაზმულს ესტრადა არ უხდება და იგი ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთო. მათ აძლევდა გასაქანს.

 

უჩა კორძაია ისეთი პლასტიკური იყო, სცენაზე ყირაზეც გადადიოდა. ეს პატარა ბიჭი ზოგჯერ სცენაზე რომან რცხილაძეს მხარზე მოიკიდებდა და ისე გაჰყავდა დარბაზიდან. ეს შოუს ელემენტი იყო და მაყურებელს ძალიან მოსწონდა. რობერტი ერთ-ერთი სიმღერის დროს სცენაზე ადიოდა და მათთან ერთად მღეროდა. განსაკუთრებულად ჯაზ-როკში გაკეთებული “ნამგალოს” შესრულება უყვარდა.

 

რომა რცხილაძეს ანსამბლ “75”-ის ჩამოყალიბებაში ლომის წილი უდევს. მოფერებით სპილო შეარქვეს. რეპეტიციებს ვაკეში, ჩვენს სახლში გადიოდნენ.

 

ბატონმა რობერტმა ანსამბლში მხოლოდ ბიჭები რატომ შეარჩია, ქალის ხმა საჭირო არ იყო?

 

– ბიჭური გოგონა უნდოდა. ამბობდა, ანსამბლს ასეთი მოუხდებაო, მაგრამ ვერ იპოვა. შემდეგ როკ-ოპერა “სიყვარულის ალტერნატივა” დადგა “აბესალომ და ეთერის”, “რომეო და ჯულიეტას” მიხედვით. მაშინ მოიყვანა ჯუტი ხელაშვილი. ეს იყო ერთადერთი გოგონა, რომელიც ამ ანსამბლში მღეროდა.

 

ანსამბლში ბავშვიც ხომ ამღერეს, ლევან ლაზარიშვილი. ესეც რობერტის მოფიქრებული შოუს ელემენტი იყო?

 

– რობერტს მაშინ ბავშვების ანსამბლი „ლახტიც” ჰქონდა. ლევანი ნიჭიერი ბავშვი იყო. რობერტს სურდა, სცენაზე ასეთი ფორმითაც შეეტანა შოუს ელემენტები და გაამართლა კიდეც. ბავშვის ხმა მათ რეპერტუარს ლამაზად მოერგო.

 

ტრადიცია გრძელდება

 

ვანდა ანთიძე-ბარძიმაშვილი: „ვია 75”-მა 12 წელი იარსება. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა და ყველაფერი აირია. ფაქტობრივად, სიმღერისთვის აღარავის ეცალა.

 

ცნობილია, რომ ანსამბლის წევრებზე გოგონები გიჟდებოდნენ. სიყვარულს როგორ გამოხატავდნენ?

 

– ფილარმონიაში 135-ე კონცერტი ჩაატარეს. გარეთ რომ გამოვედით, ანსამბლის ფანები რეპროდუქტორიანი ავტომანქანებით დაგვხვდნენ, საიდანაც ჩვენი ბიჭების სახელებს კიოდნენ. განსაკუთრებულად პოპულარული ბესიკ კალანდაძე იყო. ჩვენი სახლის ოთახი, სადაც ანსამბლი რეპეტიციებს ატარებდა, ყვავილებით ივსებოდა.

 

თაყვანისმცემლებმა სახლის ტელეფონის ნომერიც შეიტყვეს და აღარ გვასვენებდნენ. იძულებული გავხდით, ნომრის ამომცნობი აპარატი შეგვეძინა და მხოლოდ ნაცნობთა ზარებისათვის გვეპასუხა.

-როგორც ცნობილია, ბატონი რობერტი უპირატესობას ახალბედა კომპოზიტორებს ანიჭებდა.

 

– ანსამბლის დიდი წარმატება იმანაც განაპირობა, რომ რობერტმა ახალბედა კომპოზიტორები, ზურაბ მანაგაძე და ნუგზარ ერგემლიძე, მიიწვია.

 

ჩემი მეუღლისათვის მთავარი იყო, მელოდია მოსწონებოდა. შემდეგ მას ალამაზებდა და ხვეწდა. სწორედ მათი ერთობლივი ნამუშევარი იყო “ტირიფები”, რომელსაც ბესიკ კალანდაძე ასრულებდა. ეს სიმღერა ახლაც პოპულარულია.რეპერტუარში ჯანო კახიძისა და სხვა კომპოზიტორთა სიმღერებიც იყო.

 

ბატონ რობერტს მას შემდეგ სხვა ანსამბლი აღარ ჩამოუყალიბებია?

 

– ანსამბლ “75”-ის შემდეგ კიდევ ერთი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი “ჯორჯია” შექმნა. ძლიერი მუსიკოსები შეაგროვა, მაგრამ ანსამბლმა მხოლოდ ორი წელი იარსება. მუსიკალურ წრეში ჩემი მეუღლის აღზრდილი ბევრია. სწორედ რობერტმა აიყვანა ისინი სცენაზე.

 

ცოლისვიზიტკა

 

რობერტ ბარძიმაშვილმა და ვანდა ანთიძემ ერთმანეთი უცხო ენების ინსტიტუტში გაიცნეს. ისინი მუსიკამ დააახლოვა. ქალბატონი ვანდა როიალზე შესანიშნავად უკრავს და მაშინ თვითშემოქმედებით საღამოებში აქტიურად მონაწილეობდა. პირველ კურსზე იყო, როცა იქორწინეს.

 

ვანდა ანთიძე-ბარძიმაშვილი: რობერტს ჩუმად გავყევი. მე 17 წლის ვიყავი, რობერტი – 24-ის. ჩემს მშობლებს არ სურდათ, პატარა ასაკში გავთხოვილიყავი და მასთან ურთიერთობას მიშლიდნენ. არასოდეს მინანია, მშობლების უკითხავად ასეთი ნაბიჯი რომ გადავდგი.

 

რობერტი მარეხ გოძიაშვილთან ერთად ვენაში, ავსტრიის ფესტივალზე მიდიოდა. მაშინ კვარტეტი “ორერა” შექმნილი არ იყო. რობერტმა მოსკოვამდე მეც წამიყვანა, იქ დამტოვა, თავად კი მარეხთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრა.

 

ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრობდით?

 

– რობერტი დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ცოტა ხანს ჩვენც მათთან ერთად, ენგელსის ქუჩაზე ვცხოვრობდით. შემდეგ სახელმწიფომ საბურთალოზე ოროთახიანი ბინა მოგვცა. ამ ბინაში ათი წელი გავატარეთ. ვაკეში ბინაც მთავრობისგან მივიღეთ.

 

რობერტი უპირატესობას საკუთარ საქმეს ანიჭებდა, მისთვის ოჯახი მეორე პლანზე იყო. გამოუვალი მდგომარეობის დროს ვეხვეწებოდი, შენ მხოლოდ წამომყევი, რომ დაგინახონ, ჩემი „ვიზიტკა” იყავი-მეთქი. ამბობდა ხოლმე, ჩემმა ცოლმა არაჩვეულებრივი სახელი, „ვიზიტკა”, დამარქვაო.

 

თქვენი მომზადებული რა კერძი უყვარდა?

 

– განსაკუთრებით მჭადი და ყველი უყვარდა. ყველაზე კარგი საჭმელი ესააო, ამბობდა. ეს სიყვარული გურიიდან მოჰყვებოდა. ასევე უყვარდა თევზისგან მომზადებული კერძები.

სამზარეულოში ჩემი მუდმივი ყოფნა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. დედამთილმაც შემიწყო ხელი, რომ რუსეთში წავსულიყავი და სწავლა გამეგრძელებინა. რობერტს ქეიფი და დროსტარებაც უყვარდა. ჩვენს სახლში ხშირად იმართებოდა ქეიფები. ოღონდ ის არ მოსწონდა, როცა პროდუქტის მოსატანად ბაზარში ან მაღაზიაში მას უხდებოდა წასვლა. ასეთ დროს წუწუნს იწყებდა.

 

სწორედ ჩვენს სახლში, სუფრასთან, შესრულდა პირველად ბევრი ცნობილი სიმღერა. რევაზ ლაღიძემ „ადანდალი-დანდალი” პირველად ჩვენს სახლში, სუფრასთან მოგვასმენინა.

 

თქვენს პოპულარულ ქმარზე არ ეჭვიანობდით?

 

– ზოგჯერ რობერტი ამბობდა, ცოლქმრულ ურთიერთობაშიც არის გადახრებიო. ძალიან ეჭვიანი ვიყავი. საეჭვიანო მქონდა კიდეც, რადგან ჩემი ქმარი სცენაზე იდგა და ბევრი მანდილოსნის ყურადღებას იპყრობდა. მიუხედავად ამისა, ახლა ვხვდები, რომ ის წლები ძალიან ბედნიერი იყო.

გასტროლებზე არ დაჰყვებოდით?

 

– სახლის საქმეებს დედა და დედამთილი მიგვარებდნენ, ამიტომ საშუალება მქონდა, ქმართან ერთად ვყოფილიყავი. ფაქტობრივად, ანსამბლის საქმეების კურსში მუდმივად ვიყავი.

 

აი რობი, იუ რობი

 

ვანდა ანთიძე-ბარძიმაშვილი: შეუღლებიდან წელიწადნახევარში ვაჟიშვილი შეგვეძინა – ზურაბი. მას მუსიკალური მონაცემები ჰქონდა, მუსიკალური შვიდწლედი წარმატებით დაამთავრა, მაგრამ სახლში მუსიკა ისეთი ინტენსიობით ესმოდა, ამ კუთხით გულმა აღარ გაუწია. მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ამერიკაში წავიდა. იქ ცხოვრობს.

 

ოჯახიც იქ შექმნა?

 

– ქართველი მეუღლე ჰყავს, ელენე აბულაძე და სამი ვაჟიშვილი. ჩემი რძალი პიანისტია. ასპირანტურაში ლექსო თორაძის ჯგუფში სწავლობდა. ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს და რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ. ხელი ამერიკაში მოაწერეს. უკვე შვილი ჰყავდათ, ჯვარი საქართველოში, ჯვრის მონასტერში რომ დაიწერეს. მათთან თითქმის ყოველწლიურად ჩავდივარ. რობერტი კი ასე ხშირად გამგზავრებას ვერ ახერხებდა. ზაფხულობით ჩემი შვილის ოჯახი თავად ჩამოდის საქართველოში.

 

უფროს შვილიშვილს რობი ჰქვია. ექვსი თვის იყო, საქართველოში რომ ჩამოიყვანეს. კრწანისში პატარა სახლი გვაქვს და ყველანი იქ ვიყავით. უხაროდა, შვილიშვილს მისი სახელი რომ შეარქვეს. როცა ბავშვი წამოიზარდა, რობერტი ეხუმრებოდა და ინგლისურად ეუბნებოდა: “აი რობი, იუ რობი” (მეც რობი, შენც რობიო). ბავშვს ბაბუას ეს სიტყვები ახლაც კარგად ახსოვს და ხშირად იხსენებს.

 

მოულოდნელი ტრაგედია

 

ვანდა ანთიძე-ბარძიმაშვილი: რობერტის სიცოცხლის ბოლო დღის გახსენება არ მიყვარს. ყველაფერი 2003 წლის 5 ივლისს მოულოდნელად მოხდა. რობერტი სტუდიაში იყო. ორს თხუთმეტი წუთი აკლდა, როცა დამირეკა და მითხრა, კრწანისში ავდივარ, ცოტას დავისვენებ და მხატვარ ვანო აბულაძის გამოფენაზე წავიდეთო. ეს ჩვენი ბოლო საუბარი აღმოჩნდა. თხუთმეტ წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე ცუდად გახდა…

 

ავადმყოფობდა?

 

– ავადმყოფი კაცის სახელი ნამდვილად არ ჰქონდა. 11 წლის წინ ინფარქტი გადაიტანა და გული აწუხებდა. მიუხედავად ამისა, მაინც ბოლომდე კაცურად იცხოვრა. არანაირ შეზღუდვას არ აკეთებდა. უყვარდა ყავა, სიგარეტი და ქალები, რითაც, როგორც ჩანს, სიცოცხლე დაიმოკლა, მაგრამ ეს ყველაფერი რომ მოეკლო, ის რობერტი აღარ იქნებოდა.

 

სარკე”, 2006 წელი, N4. ნელი ვარდიაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი