logo_geo
რამაზ ჩხიკვაძე: ქალის გამო?... ერთხელ დავკარგე ჭკუა
- +

26 ივნისი. 2018. 21:28

 

 

რამაზ ჩხიკვაძე უყვარდათ, ეთაყვანებოდნენ. მის სპექტაკლებზე მაყურებელის ტევა არ იყო. ყველას უნდოდა მისი გაცნობა, თვალის შევლება, მისალმება, ხელის ჩამორთმევა. ის მხიარული მოსაუბრე იყო და მასთან გატარებული ყოველი წუთი სიცოცხლის ხალისს  და ენერგიას გაძლევდათ, კარგ გუნებაზე გაყენებდათ. მისი ლეანდრო, ქოსა მრჩეველი, აკოფა, კირილე, შოშია, ყვარყვარე, აზდაკი, რიჩარდ მესამე, მეფე ლირი… რამაზ ჩხიკვაძის მიერ შესრულებული ეს გმირები ქართული თეატრის საგანძურია.

 

- ბატონო რამაზ, ადამიანში რას აფასებთ?

 

- სიმართლეს, სიკეთეს… თუ კაცი გატყუებს — მიყვარხარო, გეუბნება და სინამდვილეში სძულხარ, ეს საზიზღრობაა! მეგობრობა ერთია, ამხანაგობა მეორე, ნაცნობობა მესამე — ყველა კატეგორიას თავისი სიყვარული, თავისი ძალა აქვს. უნდა იყო მართალი და კეთილი… ასეთი კაცი სხვასაც სიკეთეს უსურვებს, სხვისი გამარჯვებაც უნდა და რა ჯობია ამისთანა კაცს, არა?

 

კაცი, რომ ღვარძლს ინახავს და უნდა რომ მარტო თვითონ იყოს კარგად და სხვა არა, ეს რა საქართველოს სიყვარულია? შენ უნდა იყო კარგი და სხვა არა?.. მაშინ კარგი თეატრი ან კარგი სპექტაკლი როგორ გაკეთდება?  თუ გიყვარს თეატრი, თუ შენც კარგი ხარ და  სხვაც კარგია, ეს უნდა გიხაროდეს!

 

- თავქარიანი საქციელი თუ ჩაგიდენიათ ცხოვრებაში?

 

- რამდენი თავქარიანობა ჩაგვიდენია, კაცო? თავქარიანობა არ იყო ამოდენა ღვინოს, რომ ვსვამდით? აბა ჭკუა გვქონდა, ამოდენა საჭმელს, რომ ვჭამდით? ბევრი ეწირებოდა! ხალხი ეჯიბრებოდა — 20 ხინკალს შეჭამს თუ 200 — ეს თავქარიანობა არ არის? ჭკვიანი კაცი ამას გააკეთებს? ან ვინმე ჭკვიანი კაცი დაჯდება და 5 ლიტრ ღვინოს დალევს? და დადის მერე გაჭიმული… რატომ კაცო, რატომ? ღვინო ძალიან კარგი, კეთილშობილი სასმელია და თუ ისე  დალევ, როგორც ფრანგი, ან ინგლისელი სვამს, შეგერგება… ყველა ერმა იცის ღვინის, საერთოდ ალკოჰოლის სმა, ქართველებმა არ ვიცით! ჩემი მეგობრების ნახევარი დაიხოცნენ არასწორი ჭამით და არასწორი სმით, იმიტომ რომ „იმან თუ ყანწით დალია და შენ არ დალევ — თავი მოგეჭრება, სირცხვილია!“ რატომ მოგეჭრება თავი? „არ მინდა ეს ყანწი!“ შენ გინდა? დალიე და ღმერთმა შეგარგოს! დაიხრჩო ხალხი, დაიღუპა! ციროზებით, კუჭის გახეთქვებით, სისხლის მოწამვლებით, გულის დაავადებებით და ა. შ. ნახევარი საქართველო მიწაში წევს.

 

თავქარიანი ვიყავი, მეც ვიტანდი ღვინოს და თურმე ჯობდა არ ამეტანა, ნაკლებს დავლევდი, კაცო! მეც მიხაროდა: „იცი ვისთან დავლიე?.. ერთად ვისხედით, დავლიეთ!“ ამაზე მეტი თავქარიანობა, რა უნდა იყოს? რა ლომი ხარ, ამდენს ლომიც, ხომ არ ჭამს?..

 

 

- ბატონო რამაზ, როგორი ქალები მოგწონდათ?

 

- ზოგი ქალი ლამაზია, ზოგი კარგი. ისე, რომ იცოდეთ, უშნო ქალიც შეიძლება მოგეწონოს და მოგინდეს. ზოგი მახინჯი ქალი უფრო სანდომიანი და ეშხიანია, ვიდრე ჩამოყალიბებული, ლამაზი ქალი! რა, არ არის ასე?

 

ყველას თავისი პარტნიორი ჰყავსო ცხოვრებაში — ხომ ამბობენ — ამ ქალს თავისი სარგო კაცი გამოუჩნდებაო… ასეა! რამდენი ქალი შემხვედრია,  ამბავი… და ვინც მომწონებია ლამაზი არ იყო, მაგრამ ისეთი ეშხი ჰქონდა, ისეთი გამოვლინებები ჰქონდა, რომ ჩამოყალიბებულ ლამაზ ქალს ჯობდა…

 

- ბატონო რამაზ, ქალის გამო გონება დაგიკარგავთ?

 

-ქალის გამო?.. ერთხელ დავკარგე ჭკუა, ცოლი რომ ვითხოვე (იცინის), სხვა საცოლე არ მყოლია. ღმერთის წინაშე ვიტყვი, არ მქონია ასეთი შემთხვევა…

 

- იყო რაიმე კანონი, რომლითაც ცხოვრობდით თუ თქვენ იცვლებოდით, სიტუაციის, მდგომარეობის ან ვითარების მიხედვით?

 

- რა თქმა უნდა ადამიანი იცვლება! კაცი, რომ შინ იჯდეს, მშვიდად, ანთებულ ბუხართან  და ამ დროს ხანძარი გაჩნდეს, ხომ წამოდგები, პანიკას ატეხავ, გაიქცევი! ასეა ცხოვრებაც! როგორც მიდიოდა ცხოვრება, მეც ისე ვეწყობოდი, აბა რა მექნა?

 

- ბატონო რამაზ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ის მსახიობი ბრძანდებით, ვისაც მოქალაქეობრივი პოზიცია აქვს. დღეს რა გაუფასურდა საქართველოში?

 

- მე მეგონა, რომ როცა დადგებოდა ის ბედნიერი დღე და თავისუფალ საქართველოს ვნახავდით, ყველანი სახელმწიფო საქმეს გავაკეთებდით. არც ქურდობა იქნებოდა, არც წესრიგის დარღვევა და საქართველოს მშენებლობას ერთად დავიწყებდით, მაგრამ ასე არ მოხდა, ხომ? ვიძახდით: თავისუფალი საქართველო, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და პირველივე დღიდან ყველამ თავისკენ გადაქაჩა, — არ მინდა გვარების დასახელება! საქართველოზე არ ფიქრობდნენ — ფიქრობდნენ თავის თავზე… დღეს, ზოგს მინისტობა უნდა ზოგს რა და ზოგს რა, დანარჩენი სულ ლიპა-ლიპა, ლაყე-ლაყე ლაპარაკებია, ხალხის გასაბრუებელი.

 

ქურდი თუ ხარ, კანონიერი მაინც იყავი — რის გეშინია? თქვი მაინც, გადი მაინც და „ობშიაკი“ გააკეთე! აბა სახელმწიფოს ჩუმად რომ პარავ, ფლანგავ და ქურდს, რომელმაც ჯიბეში ხელი ჩაგიყო და ორი აბაზი ამოგაცალა — ქურდად თვლი და იძახი: ის დამნაშავეა, დაიჭირეთ, დახვრიტეთ, დაახრჩეთ! — აი, რა დღეში ჩავვარდით, აი, ასეთი უსამართლობაა. 

 

პერსპექტივაში რა იქნება, არ ვიცი! ეს თაობა უნდა წავიდეს, ახალი მშენებლობისთვის არ ვარგა, უნდა გადაშენდეს… ახლა შვილიშვილებზე უნდა ვიფიქროთ, რომ როგორმე სხვა რამ შეიგნონ და სხვა გზით იარონ და საქართველო გადაარჩინონ… ჩვენ ვერ გადავარჩენთ, ჩვენ უფხო, ავადმყოფი ერი ვართ და თავისუფლებამ უფრო გამოგვაჩინა, ავადმყოფები გაგვიმრავლდა.

 

მე ოპტიმისტი კაცი ვარ! სიცილიც მიყვარს, სიმღერაც, ქეიფიც. პესიმისტი და დაღვრემილი ხალხი არ მიყვარს, მაგრამ მარტო ოპტიმიზმით ქვეყანას ვერ ააშენებ, გენაცვალე! ჩვენი სულიერი წყობის გარდაქმნა, ეს იცით რამხელა პროცესია? კაცმა რომ შეიგნოს, რომ „ეს“ ჩემი არ არის და ჯიბეში არ ჩაიდოს? ამას უნდა მიეჩვიო და იცით რა სულიერი სკოლა უნდა გაიარო?.. რას ლაპარაკობ, კაცო! არა გენაცვალე, ამას დრო უნდა!

 

- გამოდის, რომ „კავკასიურ ცარცის წრეში“ თქვენი ცნობილი სიმღერა „რატომ ჩვენ კაცებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი… სამდივნოები გაჭედილია, ჩინოვნიკები ლამის არის ქუჩაში დასხდნენ…“ დღევანდელ დღეს ზუსტად შეესაბამება…

 

- ზუსტია, მაგრამ სუსტი. რასაც ის ამბობს ნორმალური, კეთილშობილი ხალხისთვის დაიწერა და არა არანორმალური ხალხისთვის, რომ აჟღერდეს ეს სიმღერა, სამჯერ ძლიერი და შინაარსიანი უნდა იყოს.

 

სამწუხაროდ, რაც ჩენ მამა-პაპაში იყო: ღირსება, რაინდობა დავკარგეთ. დახედეთ ძველ ფოტოებს, სადაც აკაკი წერეთელია, ილია ჭავჭავაძე და ის ინტელიგენცია… ან გლეხები, რომ სხედან, შეხედეთ! როგორი მშვიდი, შთამბეჭდავი და ადამიანური სახეები აქვთ და შეხედეთ დღევანდელ ხალხს, დღევანდელ ფოტოებს, შეხედეთ რა ხდება — სულ სხვა ხალხია! განა ილიას დროს ცოტა იყო საზრუნავი? რამდენ რამეზე ფიქრობდნენ ჩვენი დიდი მოღვაწენი, მაგრამ ისინი ასეთ საკითხებს არ ეხებოდნენ, ამდენი უბედურება არ ჰქონდათ. ახლა რა გინდათ ჩემგან, ვერ გავიგე, სცენაზე აღარ გავიდე? ახლა სპონტანურად ვილაპარაკედა მე არისტოტელე ან სოკრატე კი არ ვარ — დავჯდე და პირდაპირ გიპასუხოთ! ისე, ამ კითხვებზე არ მიფიქრია! დიდი მადლობა, იცოცხლე!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი