logo_geo
როინ აბუსელიძე: რაც უნდა მოხდეს, მზე ყოველთვის ამოვა!
- +

6 თებერვალი. 2019. 15:58

 

რუბრიკის დღევანდელი სტუმარი პოეტი როინ აბუსელიძეა. არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოსა და პრემიის მფლობელმა, უპირველესი ჯილდო – ხალხის სიყვარული, პირველივე ლექსებთან ერთად მოიპოვა, მის შემოქმედებას იცნობენ და უყვართ არა მარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში.

 

სამყარო – ძალიან დიდია იმისთვის, რომ ერთმანეთის პოვნა შევძლოთ და ძალიან პატარა იმისთვის, რომ ერთმანეთი დავკარგოთ…

ფიქრობ, რომ – ვფიქრობ, რომ თავად ფიქრი ადამიანის ყველაზე კარგი მეგობარია, იგი არასდროს გვტოვებს…

არასდროს გიფიქრია – არასდროს მიფიქრია, რამდენი იქნებოდა 37 ათასი გამრავლებული 1986-ზე, გაყოფილი 11-ზე, დამატებული 27638 და აყვანილი კუბში.

უსასრულობამდე – შემიძლია მიყვარდეს…

მუზა – სულის ჩანთაა, სადაც გროვდება ტკივილი, სიხარული, ემოცია და როდესაც აივსება, უბრალოდ, უნდა დაჯდე და ამოალაგო…

გახარებს – რომ ჯერ კიდევ დამრჩა გადასავარცხნი თმა.

ბათუმი წვიმის გარეშე –

წვეთები ტოტებს აესხა მძივად

და ქარის ხმაში კრთოდა გიტარა,

წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა

ანუ, ბათუმში გამოიდარა…

სიტყვის ძალა – სიტყვამ დაარქვა სახელი ღმერთს, სამყაროს, ადამიანებს…

უსმენ – მოსმენით ყველა პროფესიის და რანგის ადამიანს ვუსმენ, დაწყებული მაღალჩინოსნებით, დამთავრებული ქუჩაში ლუკმაპურისთვის გამოსული, ხელგამოწვდილი ხალხით. ვფიქრობ, ყველა ადამიანს შეუძლია, თუნდაც ერთხელ ისეთი რაღაც თქვას, რისი მოსმენაც ღირს, უფრო მეტიც – აუცილებელია.

ტყუილია, რომ – ვაჟა-ფშაველას ლექსი „არწივი” საქართველოზეა დაწერილი..

გიყვარს – უსასრულობამდე…

წერ – თითქმის სულ ვწერ, ხან მეხსიერების ფირზე, ხან ფურცელზე, ხან „ვორდში“. ზოგადად, რაზეც ვფიქრობ, იმაზე საუბარი მიჭირს, ამიტომაც ვწერ, შემდეგ ვკითხულობ…

ლექსის დაბადება ჰგავს – ბევრი რამ უთქვამთ, მშობიარობასაც ადარებენ. მე უფრო წყვდიადს ვათავისუფლებ, შიგნით დაგროვილ წყვდიადს და, შესაბამისად, ეს პროცესი სასიამოვნოა…

ხმამაღლა სათქმელი ფრაზა – „პოეზია – უპირველეს ყოვლისა“.

რა ფერისაა შენი სამყარო – ჩემიც და ალბათ ყველა ადამიანის სამყარო ქამელეონია. იგი ასაკის მატებასთან ერთად იცვლის ფერს, უბრალოდ, ბავშვობის ფერებს ვერ ველევი:

„ჯიბეში ხურდა ფული დავთვალე

და ვაძლევ აფთიაქარს შეკვეთას,

მომეცით ვარდისფერი სათვალე,

რომელიც ბავშვობაში მეკეთა“.

ერთი სიტყვით – რაც აქამდე გიპასუხე – გულწრფელია, ვნახოთ, რა კითხვებია ქვემოთ.

არასდროს – არ მიამაყია საკუთარი თავით, არ გამისინჯავს ღვინო „უსახელოური“ (სამწუხაროდ) და არ მდომებია საქართველოდან წასვლა.

ყოველთვის – ვცდილობ!

ყველაზე ხშირად – ხშირად ფუჭად ვკლავ დროს, რაც მაწუხებს. გარკვეულწილად, ბავშვობაში ვარ ჩარჩენილი. შემიძლია, ჩემზე 15-20 წლით უმცროს ახალგაზრდებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ვიყო ზღვაზე ან ვითამაშო კომპიუტერული თამაშები ისეთი გატაცებით, რომ საკვები და წყალი საერთოდ არ გამახსენდეს.

თვალები – არასდროს მომწონებია ადამიანები თვალების გამო, ჩემთვის საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს თვალებს, გარდა იმისა, რომ მხედველობის ორგანოა. შეიძლება ადამიანი იყოს ბრმა და უკეთ ხედავდეს, უკეთ იმზირებოდეს…

ყველაზე საყვარელი ფილმი – „რომელი საათია, კლიმ?“ – ანუ ძალიან ბევრი. ამ წუთას „1+1 – ხელშეუხებლები“.

იუმორი საჭიროა იმისთვის – რომ ორმა ნორმალურმა ადამიანმა კომუნიკაცია დაამყაროს. იუმორის გარეშე წარმოუდგენელია აბსოლუტურად ყველაფერი. იუმორი არის პირველი გრძნობა, თვისება, რასაც ადამიანში ვაფასებ, რის გამოც მარტივად ვუმეგობრდები.

ხმა წარსულიდან – „2 ტალონი დაგვრჩა და შენ ის თქვი, აწი რა გვეშველება“, „თურმანიძეებთან მოვიდა, მალე აქაც მოვა“, „ბოთლი მიუტანე და 15 თეთრში მოგცემენ, ბებო“ და ბევრი ასეთი…

ქალის სურნელი – ვიცი ეგ ფილმიც, ალ პაჩინოს „ოსკარი“ მისცეს საუკეთესო როლისთვის, წარმოგიდგენია??? „ნათლიაში“ ვერ აიღო და მანდ მისცეს. აი, რას შვრება ქალის სურნელი.

ვინ იყავი წინა ცხოვრებაში – არ ვიცი, ვინ ვიყავი, მაგრამ ბევრი პოეტის კანდიდატურაზე ვიქნებოდი თანახმა. შორს რომ არ წავიდეთ, აგერ, XII საუკუნეში რომ იყო, მეფის კარზე, წიგნი რომ დაწერა მერე სიყვარულზე, ე, მაგ ვიქნებოდი.

მოგიპარავს – უჰ, ცოდვა გამხელილი სჯობს და ცელქი და კრიმინალი ბავშვი გახლდით. „ხოფის ბაზრობაზე“ სკოლის პერიოდში მომიპარავს უამრავი ტანსაცმელი, ვიდეოკასეტა, სათამაშო, ტელეფონი…. რაც ასაკში შევედი, ჭიქაში ვიპარავ ცოტ-ცოტას. რა ვქნა, მძიმე ნაბახუსევი ვიცი.

ნანობ – ნეტა ერთ კონკრეტულს ვნანობდე… უამრავ რაიმეს ვნანობ, უამრავ რაღაცას შევცვლიდი. ცოტა პირდაპირი ვიქნები და დავძენ, ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც არაფერს ნანობს, ჩამოუყალიბებელია ან იმდენად ბრიყვი, რომ თავდაჯერებულობაში გადაეზარდა.

რომ მეორდებოდეს – ფილმია ასეთი „ზაზუნას დღე“, სადაც ყოველდღე 2 თებერვალი თენდება და მთავარი პერსონაჟი დროშია გაჭედილი. ამ ყველაფერს მისდა სასიკეთოდ იყენებს, მაგრამ სანამ აქამდე მივა, ძალიან მძიმე პერიოდი უდგას… 1 დღე რომ განმეორდეს ჩემს ცხოვრებაში და მკითხონ, რომელს ავირჩევდი, აუცილებლად, 2009 წლის 4 იანვარს! 5 იანვარს მამაჩემი გარდაიცვალა და წინა დღით მთხოვა, მასთან დავრჩენილიყავი. ვერ შევუსრულე…

ხვალ – ეგ სიტყვა დიდი ალბათობით ქართველებმა გამოვიგონეთ.

პატრიოტიზმი – ზოგს სიმღერის ნიჭი აქვს, ზოგს – ცეკვის, ზოგს რის და ზოგს რის, პატრიოტიზმი ალბათ უნდა იყოს გენეტიკურად ადამიანში, მისი სწავლა ან შეძენა, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია.

რას ეტყოდი და ვის – საკუთარ თავს ვკითხავდი – როდემდე?

გეშინია – ძალიან მეშინოდა სიკვდილის მანამ, სანამ შვილი მეყოლებოდა… ერთი ხე დამირგავს, ერთი შვილი მყავს, ერთი სახლის აშენება დამრჩა და სრულიად უშიშარი და ვალმოხდილი ვიქნები წინაპრებთან, მითებთან, როგორც ამბობენ.

რომელი წიგნის პერსონაჟს ჰგავხარ – როცა ვკითხულობ, წიგნის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ავირჩევ ხოლმე და მასთან რა საერთოც მაქვს, იმაზე ვამახვილებ ყურადღებას. დოჩანაშვილის არ იყოს, „ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე, რა არ გადაგვხდენია და, ღმერთო ჩემო, სულ რომ არაფერი, რამდენი ქალი გვყვარებია“, მაგრამ ისევ ბავშვობა არის პასუხი ამ კითხვაზე. ყველაზე მეტად ტომ სოიერის პერსონაჟი ვარ მაინც, რომელიც ბეკი ტეტჩერის ფანჯარასთან დღემდე წვება და შეყვარებულის გამოხედვას ელის, რომელიც ხის თოფით და ნიჩბით მეგობრებთან ერთად განძს ეძებს, სახიფათო ისტორიებში ეხვევა და მუდამ გამარჯვებული გამოდის. თუმცა, ცხოვრება წიგნი როდია, სამწუხაროდ, ჯერ ვერც განძი ვიპოვე და არც ფანჯრიდან აღარ იხედებიან…

გჯერა – რაც უნდა მოხდეს, მზე ყოველთვის ამოვა!

კითხვა შემდეგ რესპონდენტს – როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს, მამაკაცი რომ ქალის ნეკნისგან გაეჩინა უფალს?

ლექსი მასზე, ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს – წინაპირობა (საბას).

ჩვენ შეგვიძლია საათობით ვიდგეთ

საკუთარ თავზე მაღლა, თუმც

ცხოვრება ქვიშის საათია, მამ.

ამ საათის ორი ნახევარი ვართ მე და შენ.

ამჯერად მე ზედა, შენ ქვედა და ივსები –

ჩემით, წინაპრებით, სიცოცხლით, ასეა,

დრო გადის, წამზომია ჩართული.

ცხოვრება ქვიშის საათია, მამ.

ამ საათის ორი ნახევარი ვართ შენ და მე.

ამჯერად შენ ქვედა, მე ზედა და

ვიცლები

სისხლით, მამაჩემით, სიცოცხლით, ასეა,

ყველაფერი ბრუნავს და ტრიალებს,

ყველაფერი იცვლება ერთგვარად.

ჩვენ ხომ უფალიც ჩვენს ფიქრებში

გამოვიგონეთ

და მორწმუნენი ერთმანეთის გამო

ვიყავით.

მამ. ეს ტალღები შენს ნაპირზე ამ ცხელ

სტრიქონებს

ერთ დღესაც მკვდარი თევზებივით

გამორიყავენ.

იდგება დილა, მისი შარმით, მისი

ლოცვებით,

დატბორავს წვიმა ყველა ანდერძს,

ყველა პასიანსს,

ადრე ვიბრძოდით, რომ სიკვდილის

შემდეგ გვეცოცხლა,

ახლა არ ვიბრძვით, მაგრამ გწამდეს ისევ

ასეა…

და შენ მომძებნი სიბნელეში ხელის

ცეცებით,

შემდეგ მიხვდები თუ როგორი მძიმე

წლებია,

მოხვალ და ხელით ნაგროვები მკვდარი

თევზები,

თაროზე ნაპოვნ ლექსებივით

გაცოცხლდებიან.

ჩემს გასვენებაზე კი

შენ ქვიშის საათის (ამჯერად) ზედა მხარე

და დაცლილი,

დამხედავ მე, ქვიშის საათის (ამჯერად) ქვედა მხარეს და სავსეს,

რომელსაც ექნება საფლავის ფორმა და

ხალხმრავლობის გამო ტირილს

შეიკავებ,

როგორც მე, მამაჩემის

დასაფლავებისას…

დაბოლოს – ბოლოს ოჯახის ან ღვთისმშობლის სადღეგრძელოს ამბობენ ქართული ქეიფის დროს. რაკი ინტერვიუს ვწერთ, ასე ვიტყოდი, შენი ბრწყინვალე კითხვებით და ჩემი გენიალური პასუხებით, თქვენი გაზეთის ყველა მკითხველს გაუმარჯოს.

 

წყარო: http://gazetiajara.ge

big_banner
არქივი