logo_geo
„ჯაზი“ ტილოზე - ირაკლი ჩიქოვანის მხატვრობა
- +

26 თებერვალი. 2019. 16:27

 

ჯერ კიდევ ახლო წარსულში, პროფესიული არჩევანი ხელოვნებასა და მაგალითად, ეკონომისტობას შორის, საკმაოდ მარტივად კეთდებოდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ოცნებები საკუთარ სტუდიაზე, მხატვრობით თავის რჩენაზე, ვან გოგისა და სალვადორ დალის მიმდებარე ვარსკვლავებთან თამაშზე, მიუღწეველი ჩანდა. შედეგად, ხელოვნება უბრალო ჰობის სახით რჩებოდა მხატვრობით გატაცებული ეკონომისტებისთვის, იურისტებისთვის, ექიმებისთვის… ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ხელოვანებს თვითრეალიზაციის საშუალება მიეცათ. სულ უფრო მეტ ქართველ მხატვარს ეცნობიან საერთაშორისო გამოფენებზე. მათ შორის ხშირად შევნიშნავთ ახალგაზრდა ხელოვანებს. დღეს ერთ-ერთ მათგანზე გვინდა გესაუბროთ…

 

 

ირაკლი ჩიქოვანს, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-გალერეის ძველ თბილისურ დარბაზში ვეწვიეთ. „Tbilisi Gate Gallery“ ჩიქოვანმა, მეგობარ მხატვრებთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში გახსნა. სახელოვნებო სივრცეს მუდმივად სტუმრობენ ტურისტები, ხატვის ცოცხალ პროცესსა და გაზავებული ფერებით შექმნილ პეიზაჟებს ადევნებენ თვალს. მხატვარს ორგანზომილებიანი სურათიდან, სადღაც შორს, ღია სივრცეში შეუძლია გამოგზაუროს. ხან ჯაზის სამყაროში წაგიყვანს, ხანაც ზამთრის კურორტების ჟრიამულს გაზიარებს. ირაკლი ჩიქოვანი, სოციალურ თემებსაც ეხმიანება თავის შემოქმედებაში. გამოფენები ჰქონდა ესპანეთში, საფრანგეთში, ამერიკაში… მუდმივად რაღაც ახალს ცდის. ხატვა ირაკლი ჩიქოვანისთვის ჯადოქრობაა ტილოზე, თავგადასავლების გაზიარების, სხვებსა და საკუთარ თავზე დაკვირვების საშუალება, რასაც თავისუფლებისა და სიხარულის განცდა ახლავს…

 

 

- რა არის საჭირო, რომ ადამიანი იყოს „შემდგარი მხატვარი“?

 

- ყველასთან სხვადასხვანაირადაა. ეს არაა მათემატიკა, რომ ყველაფერი ზუსტად იყოს. აქ ლოგიკა არ არსებობს, მაგრამ ვიღაცისთვის აქაც ლოგიკაა. ჯადოქრობა. ხომ იყო ინკვიზიცია და წითელ თმიან ქალებს წვავდნენ, ალბათ, მხატვრებზეც ასე იქნებოდა. ჰოდა, ესაა ნამდვილი ჯადოქრობა. ზოგი ასანთის კოლოფს დახატავს, მაგრამ ისეთ ჯადოქრობას ჩადებს შიგნით, უყურებ 2-3 საათს და ვერ ხვდები, რატომ მოგწონს, რა გიზიდავს. ვისთან როგორ მოდის ეს ყველაფერი, არ ვიცი. ზოგჯერ ცუდ განწყობაზე ვარ და ისე კარგად გამომივა ხოლმე, ხან – კარგ ხასიათზე და დიდი ვერაფერი ნამუშევარი…

 

 

- გახსოვს, როგორ გაიყიდა შენი პირველი ნამუშევარი?

 

- 2002 წელი იყო, 17 წლის ვიყავი. ნიკოლაძეში ვსწავლობდი. მაშინ ნატურმორტი დავხატე. ქ-ნი დალი ფოდიაშვილი იყო ჩვენი პედაგოგი. მისი მოწვევით ვიღაც უნდა მოსულიყო, რომელიც საუკეთესო ნამუშევარს იყიდდა. მგონი, დაახლოებით, 100 ლარად გაიყიდა. ხომ არაა დიდი თანხა, მაგრამ დიდი სტიმული იყო იმ პერიოდში.

 

 

- როგორ იბადება იდეა შენს გონებაში?

 

- არის მომენტები, როცა იდეის ნაცვლად, არის შექმნის დრამა. ხატვის პროცესში ჩნდება ასოციაციები. ზოგჯერ საერთოდ არ გაქვს განწყობა, მაგრამ გზადაგზა იბადება რაღაცები, რასაც შემდეგ აძლევ ფორმას. ბევრს უკითხავს, რომელია ჩემი საყვარელი ფერი. ფერი ჩემთვის არის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი. შეიძლება მომწონდეს წითელი პიჯაკი, ყვითელი შარვალი ან შავი მანქანა, მაგრამ როდესაც ვხატავ, ის ფერი კარგავს მანამდელ ინფორმაციას. მთავარი ხდება სურათი.

 

 

- ვისაუბროთ იმაზეც, როგორ ეხმიანები საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს.

 

- არის მომენტები, როდესაც ვეხმიანები საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს. ვეხმიანები ირონიულად – როგორია საზოგადოების აზრი, მე როგორ მეხება, როგორ ვრეაგირებ… ხშირ შემთხვევაში, მივმართავ ირონიულ მხარეს, ჩემს თავსაც, ჩემს რეაქციებსაც გვერდიდან ვუყურებ. დაახლოებით ორი წელიწადია, რაც პოლიტიკურ და რელიგიურ თემებზეც ვაკეთებ ხოლმე. დავაკვირდი, რომ საზოგადოებას აქვს შეფასებები ფერების მიმართ – „ის ფერი არ მომწონს“. შეიძლება არ მოგწონდეს კედლის ფერი სახლში, მაგრამ სურათი არის სურათი. დავაკვირდი, რომ ბევრ ადამიანს არ მოსწონს მწვანე ფერი. ისე მოხდა, რომ მარიხუანის ლეგალიზაციაზე იყო ამბები ატეხილი, როცა ამ ნახატზე ვმუშაობდი. დავარქვი „მწვანე ლეგალიზაცია“ – დავხატე დიდი მწვანე და ლეგალური მინდა გახდეს მწვანე ფერი, მარიხუანა კი არა, მწვანე ფერი. ისე კი, ნახატებზე ბევრის ლაპარაკი არ მიყვარს. ზოგს ჰგონია ხოლმე, რომ არაფერი მაქვს სათქმელი.

 

 

- მახსოვს, ერთი პერიოდი, ჯაზი იყო შენი შთაგონების წყარო…

 

- ზოგადად, მიყვარს სიცოცხლე, მოგზაურობა, ხმაური და ჯაზი მაძლევდა საშუალებას, ვყოფილიყავი თავისუფალი. თავად ჯაზი თავისუფლებაა, იქ ხმა და რიტმია, აქ ფერი, ფორმა და ხაზი. ამის აქ დალაგება უკვე ჯაზია. ისინი სცენაზე ქმნიან მუსიკას, მე ტილოზე ვქმნი ჯაზს.

 

შემდეგ, უფრო მინიმალიზმისკენ წავედი. ჩემს ნამუშევრებში გაჩნდა სივრცე. ამოვიღე ფიგურები და ნახატი გავამარტივე. თუმცა, მარტივი არ ნიშნავს პრიმიტიულს. შეიძლება ითქვას, რომ გართულდა კიდეც, რადგან სივრცის შექმნა ნამუშევარში მარტივი არ არის. ყოველდღიურობიდან ვარჩევ რაღაც მომენტს და ვხატავ იმას, რაც მე გადამხდა თავს. უფრო გულწრფელი ვარ მაგ დროს. შთაგონება ნებისმიერი რამიდან შეიძლება მოვიდეს, უმნიშვნელოდანაც კი და შემდეგ, ხატვის პროცესში გარდაიქმნას.

 

 

- შენ ახსენე, რომ კრივით იყავი დაკავებული, რაც ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის…

 

- ქალაქ ტყიბულიდან ვარ. სამხატვრო სკოლაში დავდიოდი და პარალელურად, დავიწყე კრივზე სიარული. ერთი პერიოდი სამხატვრო სკოლასაც კი დავანებე თავი, იმდენად მომწონდა იქ სიარული, ბ-ნი ვალერი კობახიძე იყო მწვრთნელი. კურიოზული სიტუაცია იყო ხოლმე. სავარჯიშო დარბაზში ფანჯრები რომ იორთქლებოდა, ბავშვები ანებებდნენ ვარჯიშს თავს და მინებზე ხატვას იწყებდნენ. მე არ ვხატავდი. ერთხელაც არ დამიხატავს. ბ-ნი ვალერს ძალიან კარგი იუმორი აქვს და ამბობდა ხოლმე, აგერ სამხატვროდან ეს კაცი აქ მოვიდა და წადით თქვენ იქითო. შეჯიბრებებზეც გამოვდიოდი. სკოლის დასრულების შემდეგ, როცა ნიკოლაძეში ჩავაბარე, კრივს თავი დავანებე, დროის უქონლობის გამო. ზოგადად, სპორტული ცხოვრება ყოველთვის მიყვარდა. დღემდე ვვარჯიშობ, იოგაზეც დავდივარ. ვფიქრობ, ფიზიკურადაც უნდა იყო მხნედ, რომ საყვარელი საქმე კარგად აკეთო.

 

 

- ბევრი ხელოვანის ოცნებაა საკუთარი სახელოსნო, მით უფრო, კაფესა და გალერეის სახით… შენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

 

- რაც გინდა და რასაც გინდა, რომ მიაღწიო, მონახავ კიდეც ხერხებს. ჩვენ რაღაცებს ვართულებთ ხოლმე, ყველა ადამიანს შეუძლია გააკეთოს. ბევრი ეტაპი გავიარე, ადვილი არ ყოფილა, ჯერ მარტოს მქონდა სახელოსნო, შემდეგ, დავფიქრდი, ახალგაზრდა რომ ხარ, მარტო ყოფნა არ გინდა. გავერთიანდით მეგობრები, მე, ბექა სვირავა და ირაკლი კუნჭულია. სხვადასხვა მისამართები მოვიარეთ და ახლა აქ ვართ.

 

 

- რა შეიძლება მოიმოქმედოს ნიჭიერმა ხელოვანმა, რომ მისი ნამუშევრები საზოგადოებამ გაიცნოს?

 

- ძნელი სათქმელია. მაგალითად, თქვენ შემთხვევაში, უბრალოდ, ვიყავი გუდაურში, ვსრიალებდი, როცა დამიკავშირდით ინტერვიუსთვის. ამისთვის ერთადერთი, რაც გავაკეთე ისაა, რომ ვაქტიურობ ხოლმე, სოციალურ ქსელში ვდებ ნამუშევრების სურათებს. არავისთან არ მივდივარ და არ ვეუბნები, რომ გამომფინოს სადმე. ასეთი რამ უბრალოდ არ გამომდის.

 

 

- ახალგაზრდა მხატვრების გავრცელებული შეცდომები…

 

- არიან მხატვრები, რომლებსაც უნდათ, რომ იყვნენ წარმატებულები, მაგრამ საამისოდ არაფერს აკეთებენ. ამის ნაცვლად, რაღაცას ელიან და ვიღაცას ადანაშაულებენ: „არ სჭირდებათ“, „არავის უნდა“… მახსოვს, რაღაც პროექტის შესახებ გავუგზავნე ერთს, გავამხნევე – ჩაერთე, დაინტერესდი-მეთქი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, იმდენი პრეტენზიები წაუყენეს ორგანიზატორს, მე აღმოვჩნდი უხერხულ სიტუაციაში. უფრო გახსნილი უნდა იყოს ადამიანი ყველაფრის მიმართ.

 

ზოგადად, საქართველოში, ძალიან კარგი ახალგაზრდა მხატვრების თაობა მოდის. ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. რაც ვისწავლე აქამდე ხელს, მიშლის ხელს, უფრო თანამედროვედ რომ ვაზროვნებდე. მათგან ვსწავლობ, დავივიწყო, ის, რაც ვიცი და ავითვისო ახალი. ბევრ რამეს ვნახულობ, რა კეთდება, რას აკეთებენ, რა ხდება და აქედან გამომდინარე, ვცდილობ, განვვითარდე. ჩემს ნახატებსაც ეტყობა მუდმივი ძიება. ეს დაუსრულებელი პროცესია და ამით ვღებულობ სიამოვნებას. დღეს სულ სხვანაირი ვარ, ხვალ სულ სხვანაირი ვიქნები.

 

 

- რას ეტყოდი ადამიანებს, რომლებსაც რაღაც მოსწონთ, გამოსდით, მაგრამ ყოველდღიური პრაგმატული ამოცანების წინაშე დგანან?

 

- როცა გაქვს მხოლოდ ფული, გაქვს ყველაფერი, მაგრამ არ გაქვს საყვარელი საქმე. ცხოვრება ისეთი რამეა, შენს თავს ვერ გაექცევი, რაც უნდა ბევრი იშოვო. ამიტომ მაინც სჯობს, აკეთო ის, რაც მოგწონს და ამ საქმისგან მიიღო სიამოვნება. ზოგჯერ არის, რომ საერთოდ არ მაქვს არაფერი, ნახატი დავხატე და ისეთ კარგ ხასიათზე ვარ, სულ არ მაინტერესებს არაფერი. თუ მხოლოდ იმას ცდილობ, რომ ფინანსურად იყო შემდგარი, შემდეგ მოიცლი და დაიწყებ იმის კეთებას, რაც შენ გინდა? მე არ მინახავს ადამიანი, რომელმაც მიაღწია რაღაცას და მერე დაიწყო იმის კეთება, რაც უნდა. არ უნდა გაითვალისწინო სხვისი რჩევა: „ამით ვერ იცხოვრებ, იმით ვერ იცხოვრებ“. დავუშვათ, ახლა სადმე მუშაობ სამსახურში. მოვიდა ახალი თანამშრომელი და შეიძლება გამოგიშვან. არავინაა ამისგან დაზღვეული. ნებისმიერ საქმეში ასეა. რა არის ზოგადად ცხოვრება? რისთვის ემზადები? მერე მოვა დრო და მერე ვიქნები ბედნიერი? დღეს თუ ვარ უბედური, ხვალ და ზეგ ბედნიერი როგორ ვიქნები. მაინც სჯობს, შენს საქმეს აკეთებდე, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი