logo_geo
ვასილ ბესელია: ლექსებს არ მივატოვებ, ვერ შეველევი!
- +

4 მარტი. 2019. 12:04

 

გთავაზობთ ინტერვიუს პოეტ ვასილ ბესელიასთან, რომელიც „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოქვეყნდა:

 

- როგორც ვიცი, განათლებით ინჟინერ-მექანიკოსი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული ბრძანდებით. თუ შეიძლება გაიხსენეთ ის წლები - მაშინ უკვე წერდით ლექსებს, გატაცებული იყავით პოეზიით?

 

- პოლიტექნიკურში სწავლის წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია.

 

მექანიკურ ფაკულტეტზე მამაჩემის გავლენით ჩავაბარე. მამაც ამ დარგის სპეციალისტი იყო. სიმართლე გითხრათ, უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩაბარებას, ჟურნალისტიკაზე. თითქმის მთელი კვირა ვწრიალებდი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ.

 

სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, ოქროს მედალზე მაქვს დამთავრებული. ქართულ ენასა და ლიტერატურაზე რომ არაფერი ვთქვათ, მათემატიკასა და ფიზიკაშიც მაგარი ვიყავი.

 

ბოლოს უცხო ენის შემეშინდა და არჩევანი პოლიტექნიკურზე გავაკეთე. იქ ინგლისური არ ბარდებოდა.

 

16 წლის უკვე სტუდენტი გახლდით. მაშინ ინსტიტუტებში სწავლება ჯგუფებში მიმდინარეობდა. როგორც სკოლაში კლასებია, ისე იყო, ოღონდ კლასს ჯგუფი ერქვა. ჯგუფელები 5 წელი კლასელებივით ერთ ოთახში ვისხედით. არ ვიცი რას აფუჭებდა სწავლების ასეთი ორგანიზება, მაგრამ სითბო და სიყვარული, ვფიქრობ, მაშინ მეტი იყო.

 

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მაშინ შიდა ოლიმპიადები ტარდებოდა - ფაკულტეტები ერთმანეთს თვითშემოქმედებაში ეჯიბრებოდნენ.

 

მე ვწერდი სცენარს მექანიკური ფაკულტეტისათვის. ვთხზავდი სკეტჩებს, იუმორესკებს, ლექსებს. მიმყავდა თეატრალიზებული საღამოები.

 

იმ დროის „გპი-ში“ ცნობილი დეკლამატორი და მელექსე გახლდით.

 

თითქოს პარადოქსია, მაგრამ ვიყავი ძლიერი სტუდენტიც და ისეთ რთულ დისციპლინებში, როგორიცაა ტექნიკური ხაზვა, კონსტრუირება და ლითონების ჭრით დამუშავება, სერიოზული შედეგები მქონდა.

 

ტექნიკური საგნების გვერდით, შიგადაშიგ ჰუმანიტარულსაც გვასწავლიდნენ. მახსოვს ესთეტიკას უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი ბენო დობორჯგინიძე გვიკითხავდა.

 

ბატონი ბენო გატაცებით გვესაუბრებოდა ქართულ მწერლობასა და პოეზიაზე და მუდამ თვალებში მიყურებდა. ზოგჯერ კლასიკოსთა ციტატები ავიწყდებოდა და მე ვახსენებდი ხოლმე. ერთი შენნაირი კაცი უნივერსიტეტში მომცაო, სიყვარულით მეტყოდა.

 

მაშინდელი ლექსები, ერთი-ორის გარდა, არ შემომრჩა. ძირითადად სიყვარულზე ვწერდი და „ბლოკნოტში“ ვუწერდი გოგონებს. სტუდენტობისას ბეჭდვა არ მიცდია, ან ვინ დამიბეჭდავდა. მერე და მერე ნაწერები გამეფანტა. ვერც მახსოვრობამ გადამირჩინა ისინი.

 

ამას წინათ ერთმა ქალბატონმა უბის წიგნაკში ჩაწერილი მაშინდელი რამდენიმე ლექსი გამომიგზავნა.

 

ეს იყო შეხვედრა სიყმაწვილესთან, რომელიც მიამიტ სტრიქონებთან ერთად სიყვარულის ცრემლებსაც გულისხმობდა...

 

- უფრო ადრინდელ პერიოდზე რომ მიამბოთ - რამდენად ლიტერატურული იყო გარემო, რომელშიც იზრდებოდით, რამდენად შთამბეჭდავი იყო ის ნორჩი ყმაწვილისთვის, ვინ ან რა ჩაგრჩათ ყველაზე ცოცხლად მეხსიერებაში.

 

- დავიბადე და გავიზარდე სოფელში. სენაკელი ვარ, ნოსირელი.

 

მამაჩემი ინჟინერ-მექანიკოსი გახლდათ. დედა - პედაგოგი.

 

ბაბუა რკინიგზელი იყო, თავისუფლად ფლობდა რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს. ნაკითხი კაცი გახლდათ.

 

კარგი საოჯახო ბიბლიოთეკა გვქონდა. მამაჩემს თითქმის ყოველდღე მოჰქონდა ერთი წიგნი მაინც. რიტუალის დონეზე ჰქონდა დაკანონებული ახალი შენაძენის „შემოსავალში აყვანა“. ჯერ გაგვაცნობდა ავტორს (ან ავტორსა და მთარგმნელს), წაგვიკითხავდა ანოტაციას, ელოლიავებოდა წიგნს. პირველ ფურცელზე დასვამდა თავის ულამაზეს ფაქსიმილეს და მომცემდა, წაიკითხე აუცილებლადო.

 

რასაკვირველია ყველაფრის წაკითხვას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა წიგნებთან ურთიერთობა.

 

ჩემი მწერლური ორიენტაცია ბევრად განაპირობა ამ ამბებმა.

 

ბავშვობაში ძალიან ცუდი კალიგრაფია მქონდა, ფაქტობრივად ვჯღაბნიდი, მასწავლებელი კი არა, მე ვერ ვარჩევდი ჩემს ნაწერს.

 

მამაჩემის კატეგორიული მოთხოვნით ყოველდღე, ცალხაზიან რვეულის 5 გვერდზე, უნდა დამეწერა ნებისმიერი ტექსტი რაც შეიძლებოდა ლამაზად და საღამოს დამეხვედრებინა მისთვის.

 

მთელი წელიწადი ვაკეთებდი ამას და წერაში ისე გავიწაფე და გამოვკეთდი, სკოლის კედლის გაზეთებს მე მაფორმებინებდნენ. რამდენი მოთხრობა მაქვს გადაწერილი თავიდან ბოლომდე, ნუ მკითხავთ.

 

ბევრად გამიმართლა, რომ მაღალ კლასებში ქართულ ლიტერატურას დიდებული პედაგოგი და პიროვნება ნაზი თორდია მასწავლიდა. ჩემი პირველი წიგნი, „წვიმიანი მაისი,“ ფაქტობრივად მას მივუძღვენი. მანამდეც კი ვაწვალებდი კალამს, მაგრამ „სერიოზული“ ლექსების წერა მის ხელში დავიწყე. ის იყო ჩემი პირველი მკითხველი და დამრიგებელი. უამრავი ლექსი იცოდა ზეპირად და მეც ვცდილობდი მისთვის მიმებაძა. მოვინდომე ვეფხისტყაოსნის ზეპირად შესწავლა, თუმცა ბოლომდე ვერ მოვახერხე და შუა გზაში მივატოვე. (დიდი ხნის შემდეგ ჩემმა შვილმა დათამ შესძლო ეს! ). ზეპირად ვისწავლე ვაჟას, ილიასა და აკაკის პოემები, ქართული პოეზიის თითქმის ყველა შედევრი... ლექსების დაზეპირების განსაკუთრებული ნიჭი მქონდა და მომწონდა, რომ ეს ჩემს მასწავლებელს ძალიან ახარებდა.

 

მაშინ მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციები ტარდებოდა ქვეყნის მასშტაბით და ბავშვები თავიანთ ნაშრომებს საკონკურსოდ პიონერთა სასახლეში გზავნიდნენ. მე საკუთარ შემოქმედებას წარვადგენდი ხოლმე. არაერთხელ მიმიღია აღფრთოვანებული რეცენზია ქალბატონ ფაცია პაიჭაძისგან, რომელსაც მაშინ მე არ ვიცნობდი და ვერც მერე გავიცანი. ძალიან მადლიერი ვიყავი იმ ქალბატონის, ისე შემაგულიანებდა ხოლმე, ხელი სულ კალმისკენ გამირბოდა.

 

- მწერლებიდან ვინ იყვნენ თქვენი პირველი მკითხველები, ან პირველი შეფასებები როგორ და როდის გაგიცნოთ, აღმოგაჩინათ მწერალთა წრემ? თუ გახსოვთ. ანუ თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფიის დასაწყისი.

 

- 22 წლის ვიყავი, როცა ლექსების გამოქვეყნება გადავწყვიტე. მაშინ ინტერნეტი არ იყო, ლექსები ან პერიოდულ პრესაში უნდა დაგებეჭდა, ან წიგნი გამოგეცა.

 

წიგნის გამოცემაზე ოცნებაც წარმოუდგენელი იყო. ცნობილი მწერლებიც კი წლობით იდგნენ რიგში და მათი წიგნების გამოცემა გეგმიდან გეგმაში გადადიოდა.

 

ავდექი და რამდენიმე ლექსი „ცისკარში“ მივიტანე. რედაქტორი გურამ ფანჯიკიძე გახლდათ. ვერაფრით ვერ შევედი მასთან, ყოველთვის სხვებმა შემასწრეს. მირჩიეს, პოეზიის განყოფილებას გივი ძნელაძე ხელმძღვანელობს და მასთან მიდიო.

 

ბატონი გივი არაჩვეულებრივი პოეტი გახლდათ, ვიცოდი მისი რამდენიმე ლექსი და წელგამართული შევედი მასთან.

 

„ცისფერი მთები“ ხომ გახსოვთ, ის სიტუაცია დამხვდა. ყოველ მისვლაზე მიქებდა ლექსებს და შემდეგ თვეში დაბეჭდვას მპირდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა მივხვდი, რომ ჩემი „პაპკა“ საერთოდ გახსნილიც კი არ ჰქონდა. დიდი ძებნის შემდეგ ჩემს საქაღალდეს გადასაყრელად განწირულ გროვაში მივაგენი.

 

ამას ახლა საყვედურად არ ვამბობ. დღეს facebook წყალწყალა ლექსებით რომაა გაჯერებული, მაშინ ასეთი ზღვა მასალა გივი ძნელაძესთან მიდიოდა. ზოგი, გინდა თუ არა, დაბეჭდვას მოითხოვდა. ზოგი დაბეჭდვის სანაცვლოდ ჰონორარის შუაზე გაყოფას სთავაზობდა, ზოგი მთლიანად დატოვებას პირდებოდა და ასე, ათას სისულელეს უსმენდა და უძლებდა ეს კაცი.

 

ეს მაშინ ბატონმა გივიმ მიამბო - თითქოს მომიბოდიშასავით.

 

ბოლოს ჩემი ნაწერები ჩემ თვალწინ წაიკითხა და რა კაი ბიჭი ყოფილხარო, მითხრა, ხმამაღლა წაუკითხა თამაზ წივწივაძეს ჩემი „დედამოკაზე ღამე დახრილა“...

 

დატოვე და ასიანი დავბეჭდავთო, მაგრამ იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, დავავლე ხელი საქაღალდეს და წამოვედი.

 

კარგა ხნის შემდეგ, ისევ მივიტანე ლექსები „ცისკარში“. ამჯერად თედო ბექიშვილმა მართლა წაიკითხა და თქვენ წარმოიდგინეთ, 30 ლექსის დაბეჭდვასაც აპირებდა, მაგრამ მთავარ რედაქტორთან რაღაც გაუგებრობა მოხდა და ბეჭდვა გადაიდო. მერე თედო ავად გახდა და ყველაფერი ჩაიშალა.

 

მოკლედ „ცისკარში“ დაბეჭდვა მაშინ არ მეღირსა.

 

პირველად ქალბატონმა ნარგიზა მგელაძემ გამახარა და „ახკომში“, „ირმის ნახტომში“ ოთხი ლექსი დამიბეჭდა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ამაყად დავდიოდი და მეგონა, ქვეყანა მიცნობდა. ნარგიზა მგელაძის სითბო და ყურადღება მთელი ცხოვრება გამყვა.

 

ამის შემდეგ 10-12 წელი რედაქციებს არ გავკარებივარ. ვწერდი ლექსებს და მეგობრების უბის წიგნაკებში „ვაქვეყნებდი“.

 

პირველი სერიოზული პუბლიკაცია 1987 წელს პაატა ნაცვლიშვილმა გამიკეთა თავის „ახალგაზრდა კომუნისტში“. ეს იყო გაზეთის ორ გვერდზე დაბეჭდილი ლექსები ჩემი სურათითა და პაატას წარდგინებით.

 

ერთი წლის შემდეგ ისევ ორ გვერდზე დამბეჭდა პაატამ! რომ არა ეს კაცი, შეიძლება პოეტი ვასილ ბესელია საერთოდ დაკარგულიყო.

 

პაატამ გამაქეზა პირველი წიგნის, „წვიმიანი მაისის“ გამოსაცემადაც.

 

ერთი სიტყვით, პაატა ნაცვლიშვილს შეუძლია თქვას, ვასილ ბესელია გზაზე დავაყენეო. ჩემს პირველ წიგნსაც მშვენიერი შესავალი წერილი დაურთო.

 

„ახკომის“ პუბლიკაციებს არნახული გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ თბილისის „საქკვებმანქანის“ ქარხნის დირექტორად ვმუშაობდი. ვერ წარმოედგინათ, რომ შავი ლითონების ჭრით დამუშავების სპეციალისტი ასეთ ფაქიზ ლექსებს წერდა. Facebook-ზე დღესაც მახსენებენ იმ წლებს და როგორც მარწმუნებენ, დღესაც შენახული აქვთ იმ გაზეთების ეგზემპლარები.

 

არაერთხელ დამითმო „ლიტერატურული საქართველოს“ გვერდები თამაზ წივწივაძემ, არ შემიძლია სიყვარულით არ გავიხსენო ბორენა ჯაჭვლიანი და ჯუმბერ თითმერია. ამ გაზეთს ერთი წუთითაც არ შეუფერხებია ჩემი ნაწერების ბეჭდვა.

 

სხვადასხვა დროს კეთილი სიტყვა შემაწიეს სილოვან ნარიმანიძემ, გენო კალანდიამ, მორის ფოცხიშვილმა, გივი გეგეჭკორმა, მუხრანმა, მურმანმა, ჯანსუღმა, ზაურ ბოლქვაძემ, თამაზ წივწივაძემ და სხვებმა, წასულებმა. ყველა ამ წუთას არ მახსენდება, ღმერთმა აცხონოს ისინი...

 

ჩემს ყოველ პუბლიკაციას საქებარი წერილით გამოეხმაურა ტარიელ ჭანტურია. ბატონ ტარიელს არასოდეს გამორჩენია ჩემი შემოქმედებითი საღამოებიც... უსაზღვროდ მადლიერი ვარ ამ უსაყვარლესი პოეტისა და კაცის!..

 

არასოდეს დამავიწყდება ლაშა თაბუკაშვილის კეთილი გული, მე როცა მწერლობაში შემოვდიოდი, ის უკვე აღიარებული შემოქმედი გახლდათ!

 

არაფერს ვამბობ თანამედროვე კოლეგებზე, რომლებიც ჩემს მხარდამხარ, ან ჩემს მერე გამოჩნდნენ, მათგან სითბო ნამდვილად არ მაკლია...

 

- ვიცი, რომ დიდი ოჯახი გყავთ. თქვენი ყოველდღიურობა და პოეზია არ უშლის ერთმანეთს ხელს? ლიტერატურა ხშირად ბევრის დათმობას ითხოვს ავტორისგან. თქვენს კრებულში „ვიდრე იყავ და...ვიდრე არა ხარ“- წერთ, შემოქმედისთვის მოუწესრიგებელი ცხოვრებით ვიცხოვრეო, რას გულისხმობთ მოუწესრიგობაში?

 

- „შემოქმედისათვის მოუწესრიგებელი ცხოვრებით ვიცხოვრე და ამან ჩემი პოეზია დააზარალა“ - მართლა ასე ვთქვი და იქვე ვინანე, არ უნდა მეთქვა!

 

ვაჟას შემდეგ როგორ შეიძლება მოუწესრიგებელ ცხოვრებას რამე დააბრალო.

 

ამიტომაც იქვე მივაყოლე, ეგებ პირიქითაცაა-მეთქი.

 

ზოგადად, ყოველდღიურობა ბევრად განსაზღვრავს ლექსის რაოდენობასა და ხარისხს. მარტო ნიჭით ფონს ვერ გახვალ. შრომაა საჭირო. დროა საჭირო!

 

არ ხერხდება სიტყვასთან ჭიდილი და ათას რამეზე ფიქრი...

 

მარტივად გეტყვით, მთელი ცხოვრება ჯერ კვების მანქანების კონსტრუირებასა და დამზადებას შევალიე და ბოლოს მივხვდი, რომ ეს არავის სჭირდებოდა... მერე ჩემი მშობლიური სოფლის აუარებელი პრობლემების მოგვარება ვცადე და არაფერი გამომივიდა... ბოლოს საჯარო მოხელეთა გაშველებასა და ინტრიგების განეიტრალებას მოვუნდი...

 

არაფერი ისე არ თრგუნავს ადამიანს, როგორც შეგნებული წყლის ნაყვა!

 

მინდა ამბიციურად განვაცხადო, ცხოვრებაში არაფერი უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი არ გამიკეთებია, ვიდრე ეს ჩემი ალალი ლექსები და ნოველებია, მათგან მოგვრილი ერთი ცრემლი მთელ ჩემს მოღვაწეობას გადაწონის.

 

რაც შეეხება ოჯახს, მასაც თავისი მიაქვს!

 

შემოქმედებითი ცხოვრება ბევრ რამეს გათმობინებს, მაგრამ პირიქითაც ხდება, ყოველდღიური საზრუნავი შემოქმედებითად ბევრს გაკარგვინებს.

 

ამას ვერავინ გაექცევა, მითუმეტეს დღეს, როცა უფულობა ფაქტობრივად სიკვდილია.

 

პოეტს ყოველთვის უჭირდა.

 

მშიერ ქვეყანაში მწერლობით თავს ვერ გაიტან.

 

- რამდენად ინტენსიურად მუშაობთ? ყოველდღე წერთ?

 

- წარმოიდგინეთ პოეტი, რომელიც ათას რამეს მიედ-მოედება, რომ როგორმე ორი კაპიკი იშოვოს...

 

ეს მარტო ჩემი პრობლემა რომ იყოს, გავჩუმდებოდი. ლექსის წერა ყველაზე უფრო მჭედლის შრომას ჰგავს.

 

ზოგჯერ სიტყვა ფოლადზე სალი და შეუვალია და მასთან ბრძოლისას მჭედლის შრომაც მონაგონია!

 

ძნელად იჭედება სულის პური!

 

არ ვარ ჰაიჰარა მწერალი. არ შემიძლია ყოველდღე და ყველაფერზე ვწერო. ლექსი განწყობა და ემოციაა, თორემ ამბების გარითმვა დილიდან საღამომდე შეუძლია ნებისმიერ წიგნიერ კაცს.

 

ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა გაჩუმება არ შემიძლია!

 

ხელხვავიანი შემოქმედი არ ვარ. ცოტას ვწერ. იმ ცოტასაც ათასნაირად ვზომავ და ვწონი. ლექსების მიმართ დაუნდობელი ვარ. ზოგჯერ ათი სტროფიდან ერთი დამიტოვებია, ზოგჯერ ყველა გადამიყრია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვთქვა ის, რაც მინდა, და ვთქვა ისე, როგორც მინდა. დამხმარე სტროფები და მინარევები არ მჭირდება, არც მეტაფორების ცდუნებას მივდევ და არც რითმების პარადს, მთავარია კარგად ვთქვა. მთავარია მკითხველმაც განიცადოს ის, რამაც ეს ლექსი დამაწერინა.

 

ძალიან მიყვარს სტრიქონში წესრიგი... ზოგი ამას ნაკლად თვლის, მაგრამ ეს ჩემი ესთეტიკაა, მე ასეთი გემოვნების კაცი ვარ!

 

- როგორც ვიცი, ორი კრებულის ავტორი ხართ. თუ შეიძლება გაიხსენეთ ორივე კრებული, როგორ მუშაობდით, როგორ შეადგინეთ, ვინ გამოსცა, ამ გადმოსახედიდან როგორ უყურებთ თქვენს წიგნებს.

 

- უკვე ვთქვი, რომ პირველი წიგნის გამოცემა პაატა ნაცვლიშვილმა გადამაწყვეტინა. წინასიტყვაობაც მან დამიწერა. „მერანში“ გამოიცა. მაშინ „მერანს“ თავისი მაღაზია ჰქონდა და იქ იყიდებოდა.

 

„ახკომში“ გამოქვეყნებული ლექსების შემდეგ წიგნი დაიტაცეს. 5000 -იანი ტირაჟით გამოიცა და ორ კვირაში სანთლით საძებარი გახდა. „წვიმიანი მაისის“ გამოცემაში დიდად დამეხმარა „მერანის“ მაშინდელი დირექტორი გურამ გვერდწითელი.

 

პირველი წიგნის გამოსვლას რომ პირველი შვილის შეძენის სიხარული მოაქვს, ეს მწერლებმა იციან. მაშინ ვირტუალური სივრცე არ არსებობდა , მკითხველები მირეკავდნენ და წერილებს მწერდნენ.

 

პირველი კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით, ამას წინათ, ერთმა facebook-მეგობარმა იმდროინდელი ამბავი გაიხსენა: მივედი გამომცემლობა „მერანის“ წიგნის მაღაზიაში, ვიყიდე რომელიღაც წიგნი და შენი მაშინდელი კრებული ტვირთად (დამატებად) გამოაყოლესო. ორ კვირაში კი, თურმე, რაც მაღაზიაში ჩაწოლილი წიგნები იყო, შენმა „წვიმიანმა მაისმა“ გაასაღაო.

 

ლიტერატურულ წრეებში იმ კრებულზე კრინტი არავის დაუძრავს.

 

მეორე წიგნი, „კარდიოლექსები“, 2012 წელს გამოვიდა.

 

წიგნს წინასიტყვაობა ბატონებმა გივი ალხაზიშვილმა და გია მურღულიამ დაუწერეს.

 

მაშინ 60 წლის ვიყავი. მეორე კრებული პირველი წიგნის გამოსვლიდან 20 წლის თავზე დაიბეჭდა. მახსოვს, ბატონმა გივიმ იხუმრა, კაცო, სამოცი წლის ხალხს 60 წიგნი აქვთ გამოცემული და შენ რა მოგივიდაო!

 

ბატონი გივისგან მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე სითბოსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, დიდად მადლობელი ვარ მისი!

 

„კარდიოლექსებიც“ იღბლიანი კრებული გამოდგა, მართალია მისი ტირაჟი დიდი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან მალე გაქრა მაღაზიებში!

 

- „ვიდრე იყავ და...ვიდრე არა ხარ“ ახალი წლის დღეებში გამოიცა, გია მურღულიას ძალიან საინტერესო წინასიტყვაობა ერთვის. იქ მთელი თქვენი შემოქმედებაა განხილული, დახასიათებული. ძალიან მინდა გთხოვოთ, ახლა თქვენ ილაპარაკოთ თქვენს ლექსებზე, რას ნიშნავს ისინი თქვენთვის, რას ყვებიან ისინი. თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ თქვენთვის, თითოეულის დაბადებას თავისი ისტორია აქვს.

 

- „ვიდრე იყავ და...ვიდრე არა ხარ“ ჩემი მესამე წიგნია. მასში რჩეული ლექსებია შესული.

 

რჩეული მე შევადგინე. რასაკვირველია მასში ყველა ლექსი არაა თანაბარი ძალის, მაგრამ რაც დამიწერია, მათგან ესენი საუკეთესოებია.

 

ყველა ლექსი ჩემი შვილია. ყველასი დაბადება მახსოვს. მახსოვს რატომ დაიწერა...ვის მივუძღვენი, ვინაა მისი ალერსის ობიექტი!

 

ძალიან მომწონს გია მურღულიას წერილი. დიდი სითბოთი და კეთილგანწყობითაა დაწერილი. გია პროფესიონალი ლიტერატორის გარდა დიდებული პოეტიცაა, ამიტომაც მისი „მერვე დღის შვილი“ ამ კრებულის ერთ-ერთ საუკეთესო ლექსად იკითხება.

 

ამ წიგნზე ოცნებაც არ შემეძლო. ჩემი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კაცისთვის ახალი კრებულის გამოცემა წმინდა წყლის უტოპიად მიმაჩნდა. რომ არა გამომცემლობა „ივერიონი“ და მისი ხელმძღვანელი ზაურ ნაჭყებია, ეს წიგნი არ იქნებოდა.

 

ბატონმა ზაურმა თავად შემომთავაზა რჩეულის გამოცემა, უზარმაზარი შრომა გასწია ლექსების რედაქტირებაში, თავად გადაჭრა გამოცემასთან დაკავშირებული არაერთი ტექნიკური თუ ფინანსური პრობლემა. მინდა თქვენი გაზეთით ვისარგებლო და განვაცხადო, ბოლო პერიოდში არაერთი მძიმე დღეები მქონია და ზაურ ნაჭყებია გვერდიდან არ მომშორებია, ვერასოდეს ამოვალ მისი ვალიდან!

 

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი და მეცენატი, თავადაც შესანიშნავი პოეტი ჯენი ჩხეიძე, რომელმაც დააფინანსა ეს კრებული. უნდა ისიც ითქვას, რომ ქალბატონი ჯენისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, მას არაერთი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული.

 

  1. ბოლო დროს ნოველებს აქვეყნებთ facebook-ზე. ეს ნოველები ცალკე საუბრის თემაა, იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე. ვინ არიან თქვენი ნაამბობის პერსონაჟები, ან სიუჟეტები საიდან ჩნდება.

 

მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა ამ ნოველების პერსონაჟების გვერდით მაქვს გატარებული.

 

უტუია მართლა გორელი იყო და ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. წინიყურე კლასელი იყო, კარლოია ერთი გზაკვალარეული ფეხსაცმლის მკერავი იყო, რომელსაც ოქროს ხელები და ოქროს გული ჰქონდა... ასეა სხვებიც.

 

მე მათ მხოლოდ სახელები შევუცვალე.

 

თავიდან ეს ამბები სიუჟეტიან ლექსად ჩავიფიქრე. დავტეხე და ლექსივით ჩამოვწერე. ლექსის ფორმით უკეთ გამომდის, როგორც კი გავიფიქრებ რომ პროზაა, ვჩერდები, სათქმელი არ მოდის. მოკლედ, რაღაც ახირებასავით მემართება. ერქვას ლექსი და ვისაც უნდა პროზად წაიკითხოს, ან - პირიქით, მისი ნებაა.

 

ერთმა ქალბატონმა მისაყვედურა, შენი პერსონაჟები ყველანი კვდებიან, მუდამ ცრემლიანი ვრჩებიო.

 

მე მათ არ ვკლავ, ნეტა ახლაც ცოცხლები იყვნენ, ჩემზე უფრო ისინი არავის უყვარს და ეცოდება, ეს ადამიანები მაშინ იყვნენ კაცები, როცა მე ბავშვი ვიყავი...

 

სიუჟეტებს არ ვიგონებ, ვალამაზებ მხოლოდ, რამდენი ღვთისნიერი ადამიანია ჩვენს გვერდით და ვერ ვამჩნევთ.

 

ცუდებიც არიან, რასაკვირველია, მაგრამ მე მათზე არასოდეს არაფერს დავწერ...

 

ბაბუას გარდაცვალების მერე, მთელი ორი წელიწადი, პენსიის დღეს ბაბუას მაგივრად მანეთიანს მაძლევდა ფოსტალიონი, თან მარწმუნებდა, ბაბუაშენმა დაგიტოვაო! ის მანეთი მაშინ ათი ცალი ფუნთუშა იყო, ახლა კი მილიონია ჩემთვის, ნეტა არ დამეხარჯა და სამახსოვროდ შემენახა!..

 

- აპირებთ პროზაში მუშაობის გაგრძელებას?

 

- ამ ბოლო დროს ისეთი ამბები მახსენდება, რასაც ლექსის ენით ვერ გადმოსცემ.

 

ამ ამბებს ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი. ეტყობა ასაკმა იცის წარსულში ჩაღრმავება.

 

რასაც ლექსი არ მოერგება, პროზად ვცდი.

 

კონკრეტულად თემები მომარაგებული და ჩამოწერილი არა მაქვს, გზადაგზა ვიხსენებ ხოლმე, ვნახოთ, რა გამოვა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

 

- კონვენციური ლექსისთვის ხომ არ გიღალატიათ?

 

- კონვენციურ ლექსში ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი - წყალში!

 

ლექსს სხვა ფორმით, ვთქვათ - ვერლიბრით - ვერ ვწერ. ეტყობა არაა ეს ჩემი საქმე!

 

კი ამბობენ, ლექსს რიტმი და რითმა არაფერში სჭირდებაო, მაგრამ ეს რომ რამეს უშლის, ამაში კაციშვილი ვერ დამაჯერებს. სათქმელს მარტო რიტმი და რითმა რომ არ შველის, ეს სხვა საკითხია.

 

არ ვიცი, რატომ ითვლება ტრადიციული ფორმა დრომოჭმულად და რატომაა ვერლიბრი ნოვაცია - დღეს არის ვინმე, ვინც ვერლიბრი პირველმა გამოიყენა?

 

ვერლიბრიც ხომ კაი ბებერია.

 

როგორც უნდათ ისე წერონ, ნიჭიერად დაწერილ ვერლიბრებს მეც სიამოვნებით ვკითხულობ, მაგრამ კონვენციური ლექსის დონეზე ჯერ არცერთი მათგანი არ ამაღლებულა. ცხადია ვირტუოზ ტრადიციონალთა პოეზიას ვგულისხმობ.

 

- რა გეგმები გაქვთ?

 

- რა გითხრათ, ამ ბოლო დროს გული უფრო ნოველებისკენ მიმიწევს.

 

ვფიქრობ რომანზეც.

 

თითქმის ყველა პროზაიკოსი პოეზიიდან მოვიდა.

 

ლექსებსაც არ მივატოვებ, ვერ შეველევი!

 

 

 

 

 

 

წყარო: ლიტერატურული გაზეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი