logo_geo
„ბოლო 20 წელია შემოთავაზება არ მქონია“ - გია ბურჯანაძე ქართველ კინორეჟისორებზე გულნატკენია
- +

3 მაისი. 2019. 18:48

 

დღეს მსახიობი გია ბურჯანაძე იუბილარია. 58 წლის გახდა. სანამ იუბილარი საღამოს გიზო ჟორდანიას „თეთ იასამანს“ ითამაშებს, მანამდე „პრაიმტაიმის“ მკითხველს თავის როლებსა და გულისტკივილზე უყვება.

 

„არაფერი განსაკუთრებული, სპექტაკლი მაქვს სათამაშო, ღმერთმა ბევრი მათამაშოს. სამეგობრო და საახლობლო მთელი დღეა მილოცავს. კოლეგები, თეატრში რომ მივალ, მომილოცავენ“, - ამბობს მსახიობი.

 

ერთგვარად გულგატეხილია, რომ კინოდან ბოლო ოცი წელია არ ჰქონია შემოთავაზება. სასურველ როლზე მეტად, კარგ დრამატურგსა და რეჟისორს ნატრობს.

 

გია ბურჯანაძე: - იმდენი როლის თამაში შემიძლია, ჯანი მომცეს ღმერთმა. მაგრამ მხოლოდ ჯანი რა, კარგი რეჟისორი მჭირდება, რომ ახალი სპექტაკლები ვითამაშო.

 

- არის რომელიმე ისტორიული ან ეროვნული გმირი, ვისი თამაშიც გინდათ?

 

- არა, ბატონო, კარგი დრამატურგი მინდა. ზოგჯერ ისეთი უცხოური პიესა გამოჩნდება, ვერც წარმოიდგენთნ თუ ასეთი კარგი პიესა შეიძლება არსებობდეს. მთავარია, კარგი რეჟისორი და დრამატურგია, დანარჩენი ჩემზეა.

 

 

- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ კინოში ნაკლებად გამოგიყენეს რეჟისორებმა?

 

- ქართველების სენია - ნაკლებად იყენებენ მსახიობებს და მერე როდესაც მიდიან ეს მსახიობები, დიდი ტექსტებით გამოდიან, უფ რატომ არ ვიღებდითო. მე როგორი კინოც მომწონს, ისეთ კინოს დღეს აღარც იღებენ.

 

- შემოთავაზებულ როლზე უარი გითქვამთ?

 

- ქართული კინოდან ბოლო ოცი წელია შემოთავაზება არ მქონია, არც სერიოზული და არც - არასერიოზული. ძირითადად, უცხოურ ფილმებში ვთამაშობ. თუ უცხოელებს აქვთ ჩემი თამაშის სურვილი, ქართველების მიკვირს. თუ არ სჭირდებათ, მე ჩემსას მაინც ვახერხებ, ჩემი მაყურებელი მყავს თეატრში. ჩემს სპექტაკლზე ვინც მოდის, უკმაყოფილო არავინ წასულა აგერ უკვე 39 წელია. მაყურებლისთვის არაფერი მომიკლია. სერიალებში თამაში მიჭირს. რამდენჯერმე უარი ვთქვი და არც ისინი მეხმიანებიან. რომ შემეხმიანონ, გული უნდა ვატკინო ვიღაცას. ჩემი არ არის სერიალი.

 

- ბატონო გია, რა არის მთავარი ცხოვრებაში?

 

- იღბალი და ჯანმრთელობა. თუ ნიჭიც მისცა ღმერთმა, ხომ კარგი. თუ არადა, იღბალიც და ჯანმრთელობაც კარგია მსახიობისთვის.

 

 

იუბილარ მსახიობს დაბადების დღეს ულოცავენ კოლეგები.

 

ეკა ჩხეიძე: - დიდი სითბოთი მივულოცავ. იშვიათია ასეთი ბუნების ადამიანი თეატრში. პირველ რიგში კარგი ადამიანია, კარგი მსახიობია, ნიჭიერი კაცია. პატივს ვცემ იმის გამო, რომ თეატრში ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა შეინარჩუნა. მასზე, როგორც პიროვნებაზე, ცუდი არავისგან გამიგია და ეს დასაფასებელია. როგორი მსახიობია, ყველამ იცის. ვუსურვებ ჯანმრთელობას.

 

 

ბაია დვალიშვილი: - გია ჩემი თაობის მსახიობია. წარმატებას, კარგ როლებს და კარგ რეჟისორებთან მუშაობას ვუსურვებ.

 

რუსუდან ბოლქვაძე: - მე გიასთან თეატრალური ინსტიტუტიდან მოყოლებული ვმეგობრობ. პირველ რიგში პროფესიონალია, დღეს ასეთი ადამიანები იშვიათია. ინსტიტუტიდან მოყოლებული გამორჩეული იყო თავისი შრომისმოყვარეობით. საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებში ერთად ვთამაშობდით. ლილი იოსელიანთან, მიხეილ თუმანიშვილთან, მედეა კუჭუხიძესთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დიდი რეჟისორების და პედაგოგების ხელში გაიარა. როგორც მეგობრებს ბევრი კარგი დღე გვაქვს ერთად გატარებული თეატრალური ინსტიტუტის გარეთაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას ყოველთვის აქვს თავისი, როგორც მოქალაქეობრივი პოზიცია. აქვს ქართული იდეა. იდეოლოგიით ქართველი კაცია.

 

 

- როგორც მეგობარს გკითხავთ, მისი გარეგნობიდან გამომდინარე, ბევრი ქალი ეტრფოდა, ალბათ...

 

- თუკი ვინმეს სჯერა ბიჭისა და გოგოს მეგობრობა, ჩვენ ვიყავით სწორედაც მეგობრები და დღემდე ვაგრძელებთ. მე მის გარშემო ტრფობების ისტორიები არ ვიცი. ალბათ ბევრი ეტრფოდა, დარწმუნებული ვარ, რატომაც არა. ყოველთვის ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, ლამაზი და მშვენიერი.

 

- მის რომელ როლს გამოყოფთ?

 

- ვერ გამოვყოფ. სადაც არის, ყველგან დონეა! აქვს თავისი თამასა, რომელსაც ქვევით არ ჩამოდის, ზევით შეიძლება ავიდეს. გია ფიგურა და პერსონაა სცენაზე. და ეს იგრძნობა. ვფიქრობ, ნაკლებად გამოიყენეს კინოშიც და სცენაზეც.

 

გია ბურჯანაძე თავიდან კინომსახიობთა თეატრში თამაშობდა, რამდენიმე ათეული წელია კი მარჯანიშვილის თეატრის დასის მსახიობია. ქართულ კინოში ნათამაშევი აქვს ათამდე როლი.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი