logo_geo
მამუკა ჩარკვიანი: მუზა გამექცა, ეტყობა, გამიბრაზდა, ქალივით არის...
- +

21 ნოემბერი. 2016. 16:24



მისი სიმღერების უმეტესობა ჰიტია. მას თინეიჯერებიც უსმენენ. მიუხედავად იმისა, რომ 80-მდე სიმღერის ავტორია, თავს კომპოზიტორად დღესაც არ თვლის. პირველ მეუღლესთან განქორწინებამ და ბევრმა თავისუფალმა დრომ მის ცხოვრებაზე არც ისე კარგი გავლენა მოახდინა. ამ დროს დაიწყო თოთხმეტწლიანი გამოუფხიზლებლობის პერიოდი. თუმცა ამ ყველაფერს ჩემი რესპონდენტი უკეთ გიამბობთ.


მამუკა ჩარკვიანს შინ ვესტუმრეთ. ცხრა ოპერაცია, ცხრა ნარკოზი და მამუკა ისევ ფორმაშია. კვლავ სასურველი რესპონდენტია. დროებით ეტლში უწევს ჯდომა, მუზამაც მიატოვა, მაგრამ ექიმები მის ფეხზე წამოდგომას მალე ვარაუდობენ.

 

- მამუკა, ბოლოს ერთმანეთს რომ შევხვდით, მითხარით, 60 წლის ვხდები, დიდი ბიჭი ვარ უკვეო, მას მერე ერთი წელი გავიდა. ახლა როგორაა 61 წლის „დიდი ბიჭი"?


- კარგად არის, თუ შეიძლება ასე ითქვას ამდენი ოპერაციის მერე. შედარებითია ყველაფერი. იმაზე უკეთ ვარ ნამდვილად, როგორც ვიყავი.


- ორი წელია სახლიდან არ გავსულვარო, მითხარით პირად საუბარში, მომიყევით, როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე, რით იმსუბუქებთ დღევანდელ ყოფას, სანამ ყველაფერი გაივლის?


- წიგნით და რა საოცარიც არ უნდა იყოს, არა მუსიკით. საერთოდ გავწყვიტე კავშირი მუსიკასთან. მუზა გამექცა, გამიბრაზდა,  ეტყობა, აღარ მოვიდა. მეც გავანებე თავი, არ ვეხვეწები. მოვა, ალბათ, სად წავა. ქალივით არის მუზა, თვითონ უნდა მოვიდეს, უნდა აცალო, ცოტა უნდა მოეფერო, მაგრად უნდა დაუდგე, თუ გაბრაზებულია და მოვა რა.


- ლექსებსაც აღარ წერთ?


- არა. მარტო ვკითხულობ და ტელევიზორს ვუყურებ. თუ კარგი ფილმია, ვუყურებ. პოლიტიკასთან საერთო ვერ მოვძებნე. არც ვყოფილვარ პოლიტიკით დაინტერესებული და ახლა მით უმეტეს. ვინ ვის ატყუებს და „ვისი ვიოლინო ვის როიალშია",  მართლა ვერ გაიგებ. ეს ფრაზა ჯანსუღმა თქვა და ძალიან მომწონს. 85 წლის არის მამაჩემი და ვერ გაიგო და მე რა უნდა გავიგო.


- შვილის მეგობრები გართობენ, ალბათ...


- კი, ხშირად მოდიან. ახლაც აქ არიან, იქით ოთახში. ჯაკოს მეგობრებს აინტერესებთ მამუკა ჩარკვიანის პორტრეტი, ყოველ მოსვლაზე. შენ ხან ატყუებ, ხან ნაღდს ეუბნები... ძველ ამბებს ვუყვები.


- მეც მომიყვებით?


- მოგიყვებით, რატომაც არა.


- 19 წლის დაოჯახდით. 5 წელი იცხოვრეთ ერთად, თქვენ ძმაკაცები და უბანი გინდოდათ, მას მეოჯახე მეუღლე და მზრუნველი მამა...


- ვერ ვქენი ეგ საქმე. მე ეზო და ბიჭები მინდოდა. როცა ლამაზი ცოლი გყავს, ყურადღების მიქცევა ორმაგად საჭიროა. ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება და ვიჩხუბეთ. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ჩაერია ქვეყანა და სანამ შევრიგდებოდით, აღარ გამოვიდა არაფერი.


- სიდედრმა წაგართვათ, ასე მახსოვს...


- ჰო, სიდედრმა წაიყვანა. მეც აღარ ვეომე, გყავდეს, თუ ძალიან გინდა შენი შვილი, შენთან  იყოს-მეთქი, ვუთხარი.

 

- მერე დაიწყო, როგორც თავად უწოდებთ, თოთხმეტწლიანი გამოუფხიზლებლობის პერიოდი...


- ჰო, თოთხმეტწლიანი ბოჰემური ცხოვრება. გიტარა, ჩქარი ტაში, გოგოები, ბიჭები ჩემს სახლში. ყველაფერი ბოლომდე იყო. სიცოცხლის ყველაზე კარგი წლები ასე გავატარე. მერე მოსაბეზრებელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. მაშინ ვერაზე ვცხოვრობდით. კარს კი აღარ ვკეტავდი, ღია იყო, ვისაც უნდოდა შემოდიოდა.


- ამ დროს ბატონი ჯანსუღი რას შვრებოდა, არ ბრაზობდა?


- როგორ არ ბრაზობდა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიბრაზო ახლა მე, გამოვა ჯაკოსთან რამე? უნდა დაარიგო შვილი, თუ გამოგყვა, კარგია, თუ არა და, თავის თავზე გამოსცდის ცუდს და მერე ისწავლის. ან მერეც ვერ ისწავლის. ბავშვი სანამ ხელს არ დაიწვავს ცხელზე, მანამდე ვერ იგებს, რომ ეუბნები, არ მოკიდო, ცხელიაო.


- რომ დაგიწვავთ, მეორედაც მოგიკიდიათ ხელი?


- კი.


- ე.ი. საკუთარ შეცდომებზეც რთულია სწავლა.


- რთულია. ყველა ასეთები ვართ, თქვენც, უბრალოდ, შეიძლება ჯერ თქვენ ეს არ იცით.

 

- 14 წლის შემდეგ მეზობელი გოგო შეგიყვარდათ. გაცნობის საინტერესო ისტორია გაქვთ. მიამბეთ რა...


-  14 წლის მერე მივხვდი, რომ დავიღალე. ჩემი მეგობარია დედა ელისაბედი. მაშინ არ იყო დედაო. ეზოში ვართ და ვხედავ, რომ მეორე სართულიდან იყურება ლამაზი, გარუჯული გოგო. ეს ვინ არის-მეთქი, ვკითხე ელისაბედს. შენი მეზობელია, ირმა ჰქვიაო, მიპასუხა. გადავედი მანქანიდან და ავძახე აივანზე, უკაცრავად, ყავაზე დამპატიჟებ-მეთქი? დაიბნა, როდისო, მკითხა. ახლა-მეთქი, ვუთხარი. მობრძანდითო. ავედით, ყავა დავლიეთ. ძალიან მომეწონა თქვენთან, თუ შეიძლება კიდევ მოვალ-მეთქი, წასვლის წინ დავიბარე. მეზობელს უარს როგორ მეტყოდა. დაგირეკავ-მეთქი, შევპირდი. არ დამირეკავს. კორპუსის კუთხეში შემხვდა, დავაბზრიალე, რაღაცები ვუთხარი, კიდევ დავპირდი, დაგირეკავ-მეთქი და წამოვედი. დავტოვე გაშტერებული. ისევ არ დამირეკავს. ყვავილებით დავხვდი ერთხელ ქუჩაში და ასე დავახვიე თავბრუ. ბოლოს დავურეკე, ავედი, წავუკითხე ესენინი, ბლოკი, „მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა". ცოლად რომ მოვიყვანე, მეკითხებოდნენ ჟურნალისტები, ის მაინც არ გაგიგიათ, მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებო. აბა, გლდანში და ვარკეთილში ვიარო ქალისთვის, აგერ თუ მყავს-მეთქი, ვპასუხობდი.


- ყველაზე რთული პერიოდი ცხოვრებაში სწორედ მეორე ცოლთან გამოიარეთ. გიფიქრიათ იმაზე, როგორ აიტანა ამდენი?


- როგორ არ მიფიქრია. იმაზეც ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ეს ინტერვიუ. გითხარით კიდეც ტელეფონზე, ჩიტი ბრდღვნად ღირს-მეთქი. თქვენ მიპასუხეთ, რადგან გირეკავთ, ძვირად ღირსო. ყველაფერზე ვფიქრობ. რა გავაკეთე ცუდი, რა კარგი. ეს ჩემი ცხოვრებაა. ახლა მაინც ხომ უნდა ვიფიქრო, თუ ადრე ვერ ვიფიქრე.


- ირმაზე ვსაუბრობდით, რომ აბრაზებდით...


- ბევრის გადატანა მოუწია. მაგრამ ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში. თუ გინდა, ხელოვანის ცოლი იყო, ასე მოსდის ყველას, სხვანაირად არ ხდება... ვაბრაზებდი? ვაბრაზებდი კი არა, ვკლავდი. ბოდიშსაც ვუხდიდი და ახლაც ვუხდი.

 

- სამაგიეროდ ლექსი მიუძღვენით 24 წლის მერე... გახსოვთ?


- ლექსი არა...


- „ერთი შემხედე, რა ახლოსა ვარ, რა ახლოსა ვარ, ერთი შემხედე.

 

ხელში მიჭირავს ატმის რტოსავით მზე, რომლის სევდა მე ვერ ვიშვილე.

 

მე დაღლილი მზე მიჭირავს ხელში, ჩემს მეტი კაცი ვერ შეეხება.

 

შემოდგომის მზე ტირის და კივის და სიყვარული გულში მეღვრება".


- ეს ლექსი დავკარგე, გადავიწერ, სანამ წახვალ. ჯანსუღის ლექსია გადაკეთებული. პოეზიასთან ბევრი საერთო მაქვს, მაგრამ თავად ვერ ვწერ, არ ვწერ. როცა სახლში გყავს პოეტი, რომელიც შენზე და ბევრზე მაგარია, შენ ლექსები არ უნდა წერო. შენ იცი სიმღერის წერა და ეგ უნდა დაწერო.

 

- აქაც თავმდაბალი ხართ, კომპოზიტორს არ უწოდებთ საკუთარ თავს.


- არ არის საჭირო, რა საჭიროა. კომპოზიტორი პროფესიონალი უნდა იყოს. მე არც კონსერვატორია დამიმთავრებია და არც სხვა მუსიკალური სკოლა.

 

- მუზა არ მოდისო, დაიწუწუნეთ, მაგრამ, გავიგე, კლავიშს „ეპარებით" ბოლო დროს...


- ჰო, ვეპარები ბოლო დროს. ძველ სიმღერებს ვიხსენებ, აღარ მახსოვს. ცხრა ოპერაცია გამიკეთეს, ცხრაჯერ დამაძინეს ნარკოზით. 40 წუთი ძვალს ფხეკდნენ. ამას ნარკოზის გარეშე ვერავინ ვერ გაუძლებს. ამან იმოქმედა მეხსიერებაზე, ხმაზე...


- ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ ისევ დაწერთ სიმღერებს, აიღებთ გიტარას და მიუჯდებით ფორტეპიანოს.


- შევეცდები. ეს ის საქმეა, რომელიც მე ძალიან მიყვარს.


- და, რომელსაც  თქვენი მსმენელი ელოდება.


 

 

ავტორი ნინო მჭედლიშვილი















 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი